სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფეისბუქსა“ და „იუთუბზე“ მამა–შვილ ივანიშვილების დაცინვა გახშირდა (ვიდეო)

„ფეისბუქზე“ შექმნილი გვერდებისა და ჯგუფების, „იუთუბზე“ გამოქვეყნებული ვიდეორგოლების ბოლოდროინდელი ანალიზი ცხადყოფს, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და რეპერ ბერას დაცინვა გახშირდა.

ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბერას ბოლო სიმღერის „ჩვენი დროა“ გამოქვეყნებისა და „მაესტროზე“, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს შემდეგ, სადაც ოლიგარქმა ზიგმუნდ ფროიდისა და ბენჯამინ სპოკის (ბეთსელერად ქცეული წიგნის „ბავშვი და მისი მოვლა“ ავტორი) სიყვარული გამოავლინა.

„თუ სულ რაღაც ერთი თვის წინ, მილიარდერის კარის პირად ლაქიათა მთელი არმია, ახლად გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენის თინეიჯერი ვაჟის „შემოქმედებით“ მარგალიტებს დადარაჯებული ელოდა, რათა მისთვის სადიდებელი ოდები მიეძღვნა, დღეს, ძირითადად, დუმილს ამჯობინებს.

ოლიგარქის ვაჟის შექმნილი „პოლიტიკური რეპი“ რომ ვერც მეამბოხე-ანარქისტული მუსიკა გახდებოდა და ვერც „ეპოქალური რევოლუციის“ ფლაგმანი, ეს დასაწყისიდანვე ნათლად ჩანდა. დიდ პოლიტიკაში თინეიჯერი ვაჟის ჩართვის და მისი მეშვეობით მასებზე მანიპულირების მცდელობა, ოლიგარქს იმთავითვე ჩაუვარდა. პროექტი დასწყისიდანვე განწირული აღმოჩნდა. „მომღერლის“ არცთუ დიდი ტალანტი და მუსიკალური მონაცემები იმდენად თვალსაჩინო აღმოჩნდა, რომ თვით ივანიშვილის მხარდამჭერი საზოგადოების ნაწილსაც კი, უბრალოდ, შერცხვა ამ „არაორდინალური“ ქართული რეპის მიმდევრად საკუთარი თავის გამოცხადება.

ბერას კლიპები, სადაც „მომღერალი“ მთელი მონდომებით ცდილობს, რეპისათვის დამახასიათებელი აგრესიის და ექსპრესიის წარმოჩენას, საბოლოოდ, კლიპიდან კლიპამდე, ამ მიმართულების მუსიკის შარჟები უფრო ხდება.

თუნდაც გამოყენებულ ჟარგონებსა და რეპისათვის დამახასიათებელ ლექსიკაშიც კი, რომელსაც ოლიგარქის ვაჟი უკონტექსტოდ აქა-იქ აკვეხებს, სულ უფრო მეტად იკვეთება ის ხელოვნურობა და ყალბი ეპატაჟი, რისი მეშვეობითაც, ზოგადად, ნაკლები შემოქმედებითი ტალანტის ქმნილებას აკომპენსირებენ-ხოლმე. პირველი გამოჩენისას, მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟით გაყოყოჩებულმა პატარა, მაგრამ ამბიციურმა რეპერ-პოლიტიკოსმა, ორი უკანასკნელი კლიპიც დიდი თავდაჯერებით და სიამაყით წარუდგინა ქართულ ინტერნეტ საზოგადოებას, თუმცა, შედეგად, ფაქტობრივად, იგნორი ან დაცინვა მიიღო.

ვიდრე მამა ივანიშვილი ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის ფსიქოლოგიაზე გადაწყობას განწირულად და უშედეგოდ ცდილობს და ოკულტური ქვების მფლობელი აგნოსტიკოსის სტატუსიდან, მორწმუნე, პატრიარქის პატივისმცემელი მრევლის იმიჯამდე გოლიათის ნაბიჯებს დგამს, ბერასაც დიდი „პროგრესი“ აქვს. თუ მისი ორი უკანასკნელი კლიპის მიმართ გამოხატულ რეაქციებს გავითვალისწინებთ, შვილ ივანიშვილს, აშკარა ხდება, რომ დიდი შანსი უჩნდება ცნობილი ქართველი რეპერის, ტოქსის იმიჯამდე გაცილებით უფრო ხანმოკლე დროში მიაღწიოს, ვიდრე თავად ამ უკანასკნელს დასჭირდა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში პოპულარობის მოსაპოვებლად...

მანამდე კი, „პროგრესულ“, პომადიან და საყურიან „ევროპელ“ ბიჭუნას, მამის დაღმავალი რეიტინგის გადასარჩენად, რაზე აღარ უწევს წასვლა, მაგალითად, თუნდაც, კარგ კონსერვატორ, დამტყმელ, ჯაჭვით შემოსილ ვაჟკაცებთან ერთად დგომა და სამშობლოს სიყვარულზე მსჯელობა. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი უკვე ერთ დიდ, მდარე ხარისხის კომედიას ემსგავსება, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ, ამ წლების განმავლობაში, უკვე მრავალჯერ იხილა და სათანადო განაჩენიც გამოუტანა“ – ჩემი კოლეგის, ქეთი ტუღუშის ეს ვრცელი ციტატა მხოლოდ იმიტომ დამჭირდა, რომ ნათლად წარმოჩენილიყო ის მოლოდინი და იმედგაცრუება, რაც ბერასთან მიმართებაში საზოგადოებაში არსებობს.

„ფეისბუქიდან“ „იუთუბზე“, „იუთუბიდან“ – „ფეისბუქზე“ უკვე „მოგზაურობენ“ ვიდეორგოლები, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და გაპოლიტრეპერებულ ბერას სასტიკად ამასხარავებენ. ამასხარავებენ უკვე ისინიც, ვინც თავიდან მათგან ერთ–ერთის, ან ორივეს მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილნი. „ფეისბუქში“ თითქმის ყოველდღე იქმნება გვერდები და ჯგუფები და თუმცა ივანიშვილის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს მიზანმიმართული საქმიანობაა და ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდანფინანსდება კიდეც, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, მიზანმიმართულს ნამდვილად არ ჰგავს.

დღეს „ფეისბუქზე“ შექმნილ ერთ–ერთ გვერდს: „ქარხნული ოცნება“ წარმოგიდგენთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და რომლის პოპულარობა, თუ მხედველობაში მივიღებთ გაზიარებული მასალების რაოდენობას და მათი რაოდენობის ზრდას, ვინც გვერდს იწონებს, დღითიდღე იზრდება. ჯგუფის ადმინისტრაცია ვიდეოკლიპებსა და სახალისო, მახვილგონივრულ ფოტოებს ამზადებს – საგანგებო წარწერებითა და, როგორც წესი, უცენზურო ფრაზების გამოყენების გარეშე. სტატიის მთავარ ფოტოდ ატვირთული ფოტომონტაჟი დღეს „ფეისბუქზე“ უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. თუ თქვენ ამ სტატიის დროს შესული ხართ „ფეისბუქში“, გვერდის – „ქარხნული ოცნება“ ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ „იუთუბზე“ გამოქვეყნებული ვიდეოკლიპი, სადაც პინგვინისსახიანი ბიძინა ივანიშვილი ოლეგ გაზმანოვის ცნობილ სიმღერაზე “დამზადებული ვარ სსრ კავშირში“ ცეკვავს, პოპულარობით ლამის დაჩრდილა „ქარხნული ოცნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულმა კლიპმა „ქარხნული ოცნება“ – სადაც რეპერის პაროდიასაც მოისმენთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100