პატრიარქი: „მინდა გთხოვოთ, ერთმანეთს მეტი ყურადღება და სითბო უწილადოთ...“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს განცხადებით, "ვინც მოწყალებას გასცემს, ის ღმერთის მიერ იქნება შეწყალებული".

ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ადამიანური ფასეულობების შესახებ ქადაგებისას განაცხადა და ადამიანებს ერთმანეთის გაფრთხილების, სიყვარულისა და დახმარებისკენ მოუწოდა.

"ადამიანი საოცრებაა. ის შექმნილია ხატად ღვთისა. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი, დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან არ არის გამორიცხული, მომავალში შენ თვითონ იყო გაჭირვებული და სხვისი დახმარება შენც დაგჭირდს. ყველაზე დიდი ფასეულობა დედამიწაზე ადამიანია. ვინც მოწყალებას გასცემს, ის ღმერთის მიერ იქნება შეწყალებული. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, ფიზიკურადაც ეხებიან, ამცირებენ. ეს არის უდიდესი ცოდვა და ღმერთი ადამიანს ამ ცოდვას მოკითხავს. მინდა, ყველას გთხოვოთ, ერთმანეთს მეტი სიყვარული, მეტი თავმდაბლობა, მეტი ყურადღება მიაქციოთ", - ბრძანა უწმინდესმა.

ამასთან, ქადაგებაზე პატრიარქმა თანამედროვე ახალგაზრდებზეც ისაუბრა.

"ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები ერთმანეთს უპირისპირდებიან. პირველ რიგში, ეს ცუდი აღზრდის შედეგია და ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი დამნაშავე მშობელია. ამასთან, ძალიან დიდია განსხვავება მშობლის ბავშვობასა და დღევანდელ საქართველოს შორის. ჩემს ბავშვობაში, როცა ადამიანი დაიღუპებოდა, თითქოს ცა ჩამოიქცეოდა ხოლმე, დღეს კი როცა ადამიანი გარდაიცვლება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თითქოს არაფერი მომხდარა", - დასძინა პატრიარქმა.

კომენტარი