იწვევს თუ არა „დიროლი“ სიკვდილს?

რეკლამების მიხედვით „სტომატოლოგები ურჩევენ“ ადამიანებს სასწაულმოქმედ ჯადოსნურ საღეჭ რეზინს „დიროლს“, კარიესის მოსაშორებლად. მაგრამ თქვენს პირის ღრუში სულაც არ მუშაობენ თეთრ ხალათში გამოწყობილი ლამაზი გოგონები.
სპეციალისტების დასკვნების მიხედვით, საღეჭი რეზინის შემადგენლობა ძირითადათ მიღებულია ქიმიური გზით. მაგალითად, თუ შენიშნავთ საღეჭი რეზინის შეფუთვაზე შემადგენლობის ჩამონათვალში ნივთიერებას, რომელიც აღნიშნულია შემდეგნაირად Е171- ე.წ. ტიტანის მათეთრებელი, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ეს საღებავი ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებს იწვევს.
ცნობილია, რომ ადამიანის ყოველდღიურ რაციონში შაქრის დიდი რაოდენობა დიაბეტს, ათეროსკლეროზს, სიმსუქნეს იწვევს. ამიტომ გაჩნდა ე.წ. შაქრის შემცვლელები, რომლებიც თითქმის არ შეიცავენ კალორიებს. ხშირ შემთხვევაში ეს შემცვლელები ქიმიური სინთეზის გზით არის მიღებული, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
დამტკბობი ნივთიერება, იგივე ასპარტამი (Е951) - ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია საღეჭი რეზინა „დიროლის“, რომელიც თურმე მავნე ფუნქციას უფრო ასრულებს, ვიდრე დამხმარეს. რაც უფრო დიდხანს ღეჭავთ, ანუ რაც უფრო ხშირად აქვს საღეჭ რეზინს კბილებთან კონტაქტი, მით უფრო დიდია რისკი კარიესის გაჩენისა. ამ შემთხვევაში კი ე. წ. „დიროლს“კონკურენტი აღარ ჰყავს. გარდა კარიესისა, ასპარტამის მომხმარებლებს თავის ტკივილი, დეპრესია, უძილობა და შიმშილის გრძნობა შეაწუხებთ.
„დიროლის“ საღეჭი რეზინი ასევე შეიცავს ნივთიერებას, რომლის აღმნიშვნელი ნიშანია Е414, იგი კუჭ-ნაწლავის დაავადებებს იწვევს.
„დრონი.ჯი-მ“ წინა ნომერში „დიროლის“ შესახებ მოპოვებული სავალალო შედეგების შესახებ ისაუბრა. თემა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და „რეალ-ტივიმაც“ აიტაცა. როგორც მკითხველს დავპირდით, ჩვენ განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს და ცოტა არ იყოს უცნაურად გვეჩვენება „დიროლის“ სათაო ოფისის¬მხრიდან საქართველოს „ფეხებზე დაკიდება“.
როგორც ჩანს „დიროლის“ მამებს თვალში ვეპატარავებით, თორემ სხვა შემთხვევაში, მსგავსი განგაში რომ ევროპის სხვა ქვეყანაში ამტყდარიყო, „დიროლი“ ჩირგვებში არ ჩაჯდებოდა და პასუხს გასცემდა დასმულ კითხვებს.

„დრონი.ჯი“ კვლავ დაუკავშირდა „დიროლის“ წარმომადგენლობას თბილისში. ვიფიქრეთ, „დიროლის“ წარმომადგენლები ამჯერად მაინც გასცემდნენ პასუხს ჩვენს კითხვებს: თუ როგორ აისახება საღეჭი რეზინის შემადგენლობაში არსებული ასპარტამის (Е951), Е171- ე.წ. ტიტანის მათეთრებელის და Е414, არსებობა ადამიანთა ჯანმრთელობაზე და რამდენად მართებულია აღნიშნული პროდუქცია ასეთი სახით და თან რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს 2 წლიანი ვადით იყიდებოდეს. მითუმეტეს როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიკოსთა განმარტებით, „დიროლის“ შემცველი ნივთიერებები ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებს, დიაბეტს, ათეროსკლეროზს, კარიესს და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს იწვევს.
როგორც „დრონი.ჯი“-ს კომპანია „დიროლში“ განუცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის მენეჯერს გიორგი კაკაურიძეს კომენტარის გაკეთების და ჟურნალისტებთან საუბრის უფლება არ აქვს და საკუთარ პოზიციას „დიროლის“ წარმომადგენლები უკრაინიდან ჩამოსული წერილის მეშვეობით გაახმაურებენ.
ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა კომპანიის ადმინისტრაციურმა მენეჯერმა ნონა გინტურმაც, თუმცა „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას მას არ უარყვია ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერებების საღეჭ რეზინში არსებობის და მათი უკუჩვენების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის მიერ „დიროლზე“ დაბეჭდილ მასალას კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხიმგებლო და შანტაჟისტური უწოდეს, ვრცელი განმარტებისაგან თავი შეიკავეს. მათი თქმით, აღნიშნულ ნივთიერებებს „კოკა-კოლაც“ შეიცავს.
კომპანიის ადმინისტრაციული მენეჯერის განმარტებით „დიროლის“ შეფუთვაზე სრული ინფორმაციაა დაბეჭდილი მისი შემადგენლობის შესახებ.
ჟურნალისტის დანახვამ აგრესია გამოიწვია კომპანიის სხვა თანამშრომლებშიც, რომელთა განცხადებითაც გაზეთის მიერ დაბეჭდილი ინფორმაციაა საღეჭი რეზინის შემცველობასთან დაკავშირებით შანტაჟად იქნა მონათლული.
რედაქციას აღნიშნული საუბრის ჩანაწერის აუდიო ვერსიაც გააჩნდა, თუმცა ის ვინმე ნონა გინტურმა პირადად წაგვიშალა და აღნიშნულ საკითხზე რაიმეს დაწერა აგვიკრძალა (ასე რეაგირებენ სტყვის თავისუფლებაზე), თუმცა, ჩვენ მაინც შევეცადეთ მწარმოებლების განმარტებები მოგვეტანა თქვენამდე.
როგორც ჩანს „დიროლის“ საქმე მართლაც არ არის კარგად. ოფისში მისულებს ისეთი ქაოსი და დაბნეულობა დაგვხდა, საეჭვოა, ეს კომპანიის სათაო ოფისმა იცოდეს, თორემ აუცილებლად გადახედავდა კადრების საკითხს.
დავძენთ იმასაც რომ, „დიროლის“ სათაო ოფისმა აუცილებლად უნდა ჩაუტაროს თანამშრომლებს ტრენინგები მედიასთან ურთიერთობის საკითხებში. როცა მედიასთან ურთიერთობას გინტურისნაირებს ჩააბარებ, შეიძლება მსოფლიო მედიაც დაგიპირისპირდეს. „დიროლელებს“ მეგობრულად იმასაც შევახსენებთ, რომ ჟურნალისტზე ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
სტატია დაიბეჭდა ყოველკვირეულ გაზეთ „დრონი.ჯი“-ს 31 მაისის ნომერში


კომენტარი