სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში მიწისძვრას გადარჩენილი ქართველი დეტალებს "დრონი.ჯი"-სთან ჰყვება

„დრონი.ჯი“-მ დაახლოებით ერთი საათის წინ მოახერხა ტელეფონით დაკავშირებოდა თურქეთის ქალაქ ერჯიშში დროებით მცხოვრებ ერთ-ერთ ქართველს, რომელიც საშინელი მიწისძვრის დროს სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, თურქეთში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, თუმცა, ჩვენი რესპოდენტი ამ რიცხვს გადაჭარბებულად მიიჩნევს. დაშავებულთა შორისაა ჩვენი რესპოდენტის თურქი მეგობარიც, რომელიც ამ დრომდე ჰოსპიტალში იმყოფება. მედეა კ. მიწისძვრის დეტალებს „დრონი.ჯი“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მოჰყვა, თანაც, გვთხოვა, მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა, რადგან იმ ორგანიზაციის დებულება, სადაც მუშაობს, ინტერვიუების მიცემას უკრძალავს.

-საშინელება ტრიალებს, ისეთი ამბავია, ძაღლი პატრონს ვერ იცნობს, ჭორი და მართალი ერთმანეთშია არეული, მაგრამ არა მგონია, იმხელა მსხვერპლი იყოს, რასაც აცხადებენ. ეს ქალაქი საერთოდ გასწორდა მიწასთან, თითქმის ყველა მაღალსართულიანი შენობა დაინგრა, მაგრამ ახლა მე ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მიწევს გადაადგილება და ვხედავ, რომ ცოცხლები უფრო მეტი ამოჰყავთ ნანგრევებიდან, ვიდრე გარდაცვლილები...

-მიწისძვრის დროს სად იყავი?

-მანქანაში, ერთი უბნიდან მეორეში მივდიოდი, მძღოლს მივყავდი და ჩვენი თანამშრომლისთვის უნდა გაგვევლო, რომ წინასწარ დაგეგმილ მარშრუტზე გავსულიყავით. მოკლედ, ზულფიკართან მივდიოდით, ადგილობრივია. მის სახლამდე დაახლოებით 7 კმ გვქონდა დარჩენილი, რომ შევამჩნიე - გზაზე მოძრავი მანქანები უცნაურ ზიგზაგებს ხაზავდნენ და ჩვენი მანქანაც შექანდა, მძღოლმა იყვირა, საჭეს ვერ ვიმორჩილებო, შეიგინა და დაამუხრუჭა. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდით, ჩვენს წინ ავარდნილი თეთრი მტვრის ღრუბელი დავინახე. სხვა მძღოლები და მგზავრებიც გაოგნებულები იყვნენ. სადაც ჩვენ ვიყავით, ანუ გზაზე იმდენად არ იგრძნობოდა, მაგრამ ჩვენს წინ ქალაქში შესასვლელი იყო, ერთი მაღალი შენობა ჩანს იმ ადგილიდან და თავი ფილმში მეგონა, ისე ირხეოდა, თან, შორიდან უკეთ ჩანდა ეს რხევა. სხვათა შორის, ის შენობა არ დანგრეულა, მაგრამ მის გვერდით მდგარი ექვსსართულიანი კორპუსი ჩამოიშალა. ისეთი გაოგნებულები შევყურებდით ერთმანეთს, რომ ჩვენს ფეხქვეშ მიწის რყევას ვერც ვგრძნობდით. მერეღა დავაკვირდი და იმდენად სუსტი რყევა იყო, გამიკვირდა კიდეც - ამას სახლები როგორ უნდა დაენგრია-მეთქი...

-მერე რა მოიმოქმედეთ?

-დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანაში და ქალაქში შევედით, ზულფიკარის სახლისკენ დავიძარით, პირველ რიგში. საშინელება დაგვხვდა ქალაქში შესულებს: ანთებული ფარებით მოძრავი მანქანები, ხალხი შეშლილი სახეებით, ზოგი ქალიც ვნახეთ, არანორმალური სახით ბავშვს რომ მიათრევდა ქუჩაში და ყველა მანქანას ხელს უქნევდა. ჩემი სამსახურის დებულებაში ჩაწერილია, რომ ასეთ დროს ხალხს უნდა მივეხმაროთ და მეც მანქანა გავაჩერებინე და გადავედით.

პატარა სასტუმროს წინ ვიყავით, ოთხსართულიანი იყო და ჩამონგრეული. ძველი შენობაა, თორემ წესით, კი უნდა გაეძლო. ნანგრევებთან ხალხი იყო შეგროვილი, სახელებს იძახდნენ. გვერდით სახლი იყო დანგრეული, იქაც ფუსფუსებდნენ... მოკლედ, როგორც ფილმებში გინახავს... სამი დაშავებული მოვათავსეთ მანქანაში და ჰოსპიტალში გადავიყვანეთ, გზა ძლივს გავიკვლიეთ. ოთხსართულიანი ჰოსპიტალი არ იყო დანგრეული, მაგრამ ყველა პალატა უკვე დაკავებული იყო, ხალხი დერეფნებში იწვა და კვნესოდა, იატაკზე სისხლის წვეთები, საშინელი ხმაური იდგა. ექიმი გავაჩერეთ და გვითხრა, ჯერ ვერაფრით დაგეხმარებით, მედპერსონალის ყველა წევრი საგანგებოდაა გამოძახებული და დასახმარებლად სხვა ქალაქებსაც დავუკავშირდით, მაგრამ ყველგან მიწისძვრაა და მობილურებიც შეფერხებით მუშაობსო. სხვათა შორის, ძალიან ცუდი კავშირი იყო, ახლახან გამოსწორდა...

-შენი აზრით, რამდენი ადამიანი დაიღუპა? გავრცელდა, რომ ათასზე მეტი... თქვენს თანამშრომელზე რამე გაიგეთ?

-ზუსტად ვერ გეტყვი, რამდენი დაიღუპა, მაგრამ რაც მე ამ ქალაქში ვნახე და რაც სხვა მეგობრებთან დარეკვის შემდეგ გავიგე, ალბათ, საერთო ჯამში 200-ზე მეტი არ იქნება. ამ ქალაქზე გეტყვი, რომ ამ დროისთვის 30 დაღუპულია ოფიციალურად აღრიცხული. არ გამოვრიცხავ, რომ ნანგრევებში, შესაძლოა, კიდევ ბევრი იპოვონ, მაგრამ რამდენსაც იპოვიან, ყველა ხომ არ იქნება მკვდარი? ამას გარდა, უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ეპიცენტრი სწორედ ერჯიშში იყო და აქ ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ეს კი იმასაც ხომ ნიშნავს, რომ სხვა ქალაქებში უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა?

რა ვიცი, აბა, ლოგიკურად ასე გამოდის... რაც შეეხება ზულფიკარს, გვიან მივაღწიეთ მის სახლამდე, იქ მაშველები უკვე იყვნენ მისული და ზულფიკარი ჰოსპიტალში გადაუყვანიათ. ცოცხალია, მარცხენა ფეხი და ხელი აქვს მოტეხილი. ასე გვითხრა, როგორც კი პირველი ბიძგი ვიგრძენი, მაშინვე ფანჯრიდან გადავხტი და უხერხულად დავეციო. ორსართულიან სახლში ცხოვრობს და იმ დროს მეორე სართულზე ყოფილა...

- იმ ქალაქზე მოგვიყევი რამე, სადაც ხარ და სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო...

-ერჯიში პატარა ქალაქია. თურქეთის აღმოსავლეთით, ვანის პროვინციაში მდებარეობს. დიდი ქალაქი არაა, მაგრამ არც პატარა ეთქმის - სამ მუნიციპალიტეტად იყოფა და 14 საცხოვრებელი მასივია. ვანის ტბის სანაპიროზეა გაშენებული.

-ქართველები ცხოვრობენ?

-მესამე წელია აქ ვარ, მაგრამ ისეთი ქართველი არ შემხვედრია, აქ რომ ცხოვრობდეს. რამდენჯერმე შევხვდი სხვა ქალაქებიდან ჩამოსულებს. ამ ქალაქში რამდენიმე ტურისტული კომპლექსიცაა, მაგრამ ძირითადად, ბუნებაში ხეტიალის მოყვარული ტურისტები დადიან, ქართველებს კი, როგორც იცი, ეს სფერო მაინცდამაინც არ გვიზიდავს, ფეხით სიარული გვეზარება.

-შენ მანდ მუდმივად ცხოვრობ?

- ბოლო სამი წელია, კი. მანამდე სხვა ქალაქში, ადაპაზარში ვცხოვრობდი, სხვათა შორის, ის ქალაქიც დაზარალდა, მაგრამ ერჯიში ყველაზე მეტად - საერთოდ გასწორდა მიწასთან...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100