სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბიძინამ თქვა, ჩირგვში ვზივარ...“ და პირდაპირი ეთერიც მხოლოდ აქედანაო

ბიძინა ივანიშვილი უჩინმაჩინი პოლიტიკოსის ამპლუას მხოლოდ ნაწილობრივ შეელია. ის ისევ ადასტურებს მზადყოფნას, პირდაპირ ეთერში უპასუხოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედისა“ და „რუსთავი–2“–ის მაყურებელთა თუ ჟურნალისტთა შეკითხვებს, მაგრამ ისე, რომ არცერთ სტუდიაში არ მივა და უჩინმაჩინის ქუდს მხოლოდ საკუთარ ოფისში, ცოტა ხნით მოიხდის – მის მიერ წინასწარ წაყენებული პირობით, სწორედ აქედან უნდა უზრუნველყონ პირდაპირი ეთერი მსურველმა ტელევიზიებმა.

„ექსცენტრიკული მილიარდერი“, რომელიც შეცდომას შეცდომაზე უშვებს და უკვე თანდათან სასაცილოც ხდება, ვერ აცნობიერებს, რომ მედიას ასეთი ულტიმატუმებით არ ესაუბრებიან. მით უმეტეს, რომ ბატონ ბიძინას პოლიტიკოსობა აქვს გადაწყვეტილი და ამ გადაწყვეტილებას ლამის მთელ საქართველოს აყვედრის.

ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ეპისტოლარული პოლიტიკის მოყვარულმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე განცხადება ზედიზედ გამოაქვეყნა, თვითონ კი არ ჩანდა, ბიზნესმენთან მიმართებაში ბევრი იხსენებდა ცნობილი ხალხური ლექსის დასაწყისს: „კურდღელმა თქვა, ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო...“

საინტერესოა, რას უფრთხის ივანიშვილი? ვითომ რა დაშავდება, რომელიმე სტუდიაში რომ მივიდეს და თოქ–შოუში მიიღოს მონაწილეობა, როგორც ამას „ჩვეულებრივად მოკვდავი“ პოლიტიკოსები აკეთებენ საქართველოში და საზღვარგარეთ? აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ დიდ ბრიტანეთში პრემიერ–მინისტრობის ან აშშ–ში პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატმა რომელიმე ტელევიზიას შეუთვალონ – პირდაპირ ეთერზე თანახმა ვარ, მაგრამ მხოლოდ ჩემი ოფისიდანო? რომელი თავმოყვარე TV მივა?

კაცმა რომ თქვას, სულაც არაა გამორიცხული, ივანიშვილის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება სწორედ იმით ყოფილიყო განპირობებული, რომ ტელევიზიების მხრიდან უარი მიეღო, მერე კი ეს სათავისოდ გამოეყენებინა – აი, ეთერს არ მითმობენო.

რაში სჭირდება მას ეს ორმაგი თამაშები? სად იმალება ასეთი სვლების საიდუმლო? ერთ–ერთი ვერსიით – ივანიშვილის იმერული კილოკავით საუბარში. ეს კილოკავი ძნელად შესამჩნევია რუსულად (და პირად საუბრებში – ქართულადაც) საუბრის დროს, მაგრამ ადვილად შესამჩნევი გახდება, როგორც კი ბატონი ბიძინა ქართულად კამერების წინ ამეტყველდება. რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია იმაში, რომ იმერელი კაცი მშობლიური კუთხის კილოკავზე საუბრობს, მაგრამ ტელევიზიით გამოსვლის დროს, მინიმუმ, სასაცილო იქნება „მე მევედი რუსეთიდან აქანე, რომ არჩევნებში ვიყარო კენჭი“–ს დონეზე მოსაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეობის მსურველის მოსმენა... ეს რომ არ მოხდეს, საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ ეთერი არ შედგეს, ეთერის ჩაშლისთვის კი სრულიად საკმარისია ასეთი განცხადების გაკეთება – ჩავერთვები, მხოლოდ ჩემი ოფისიდან. – ასეთ შემთხვევაში ტელევიზიები არ მოვლენ და ოფისიდან პირდაპირ ეთერს არ მოგიწყობენ – არა იმიტომ, რომ არ აინტერესებთ, არამედ იმიტომ, რომ ულტიმატუმის ტონს არ მიიღებენ. მერე კი მათი უარის გამოყენება მათივე არაობიექტურობასა და „შერჩევის პრინციპზე“ საკიჟინოდ შეიძლება.

ზოგი იკითხავს, დღეს იქნება თუ ხვალ, ტელევიზიით მაინც ხომ უნდა გამოვიდეს და ილაპარაკოს, რამდენ ხანს დაიმალებაო და მართალიც იქნება. ამ შემთხვევაში დრო ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობს. შესაძლოა, მეტყველების კულტურის კარგი სპეციალისტი უკვე დაიქირავა კიდეც და ვარჯიშობს – მე შენ გეტყვი და, თანხის გადახდა გაუჭირდება საათობრივად. ცოტა ხანი უნდა და დავიწყებულ ლიტერეტურულ, სატელევიზიო ქართულს აღიდგენს. როცა აღარ ექნება რუსულ აქცენტზე დამყნობილი იმერული კილოკავი, მაშინ გამოვა და ილაპარაკებს კიდეც, თორემ ასე, ერთბაშად, გამართული ლიტერატურული ქართულით საუბარი ძნელია კაცისთვის, რომელსაც წლები გაუტარებია რუსეთში. მისი ერთ–ერთი მხარდამჭერის, ედუარდ შევარდნაძის მაგალითი გაიხსენეთ: როცა მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა და რამდენიმე დღეში თსუ–ს სტუდენტებს შეხვდა, ახალგაზრდებმა მასხარად აიგდეს სახელმწიფო საბჭოს მეთაური, რომელმაც თქვა ფრაზა: „ცხრა აპრილი იყო ერის უდიდესი ტრაგედია“ და ბოლო სიტყვაზე მახვილი, რუსული მეტყველების წესის მიხედვით, „ე“ ბგერაზე დასვა, ხმოვანი კი გააგრძელა: „ტრა–გეეე–დია“...

ამიტომაც, ბატონმა ბიძინამ ან ტონი უნდა შეცვალოს, ან კიდევ, უჩინმაჩინის ქუდი ნაწილობრივ კი არა, საბოლოოდ უნდა მოიხადოს. რა თქმა უნდა, თუ იმ შემთხვევასთან არა გვაქვს საქმე, როცა კურდღელმა თქვა – სანამ გამომახტუნებდნენ, მანამდე უფრო მეშინოდაო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100