ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებული ორი ახალგაზრდის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ

ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებული ორი ახალგაზრდის გიორგი ქველაძის და ირაკლი ბოჭოიძის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ.

ახალგაზრდების მშობლები იმედოვნებენ, რომ მათი ნავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დინებამ წაიღო. ოჯახი დაკარგულების ფოტოებს ავრცელებს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე თვითმხილველებს თხოვნით მიმართავს თუ რაიმე ინფორმაცია გააჩნიათ მათ შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავებს.

26 და 21 წლის ახალგაზრდები, ჯანდარის ტბაზე გუშინ დაახლოებით 13 საათზე გაუჩინარდნენ. მათი საძიებო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული იყო ორი ვერტმფრენი, ტერიტორიის დათვალიერება დილით განხორციელდა დრონითაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საძიებო სამუშაოებს ღამეც აწარმოებდნენ.

ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.

ჯანდარის ტბაზე მუშაობენ ამავე სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები, რომლებიც კატერების მეშვეობით ამოწმებენ ტერიტორიას. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ხილვადობის აღდგენისთანავე განაახლა მუშაობა.

"საძიებო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია წყალზე მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა. სანაპირო ზოლს ამოწმებენ მესაზღვრეები. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუშაობა, ასევე, განაახლა ვერტმფრენმა.

ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, საძიებო სამუშაოები ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

კომენტარი