სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიყვარულის დაავადებად აღიარება „უტკაა“ – „დაავადდით“, რამდენიც გენებოთ...

გუშინ და დღეს მსოფლიო მედია წალეკა ცნობამ იმის შესახებ, რომ სიყვარული ავადმყოფობად, ხოლო შეყვარებულები - ავადმყოფებად ოფიციალურად გამოცხადდნენ . „სიყვარული დაავადებაა, რომელსაც უნდა უმკურნალო, ისევე როგორც სხვა დაავადებებს“, - ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, სწორედ ასეა ნათქვამი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნაში. საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ ცნობების მიხედვით სიყვარული ისეთი დაავადებების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, კლეპტომანია და სხვა „მანიები“.

მაშ ასე, თურმე ქვეყანაზე ერთი დაავადებით მეტია. ახლადდაბადებულ, სინამდვილეში კი უძველეს გრძნობას, რომელსაც 21-ე საუკუნეში დაავადებად მოიხსენიებენ, „სიყვარული“ ჰქვია.

F 63.9 - რადიოს სიხშირეზე ძებნა არ დაუწყოთ და ნუ იფიქრებთ, რომ M ასო-ნიშანი გამოგვრჩა: მედია წერდა, რომ F 63.9 სწორედ იმ დაავადების ახალი კოდია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „აღმოაჩინა“. მედია წერდა, რომ სიყვარული ფსიქიკურ გადახრად შეფასდა და „ჩვეულებებისა და მისწრაფებების მოშლის“ პუნქტში შეიტანეს.

ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ ფსიქიკური აშლილობის რეესტრში აქამდე არსებობდა გაგება: „სასიყვარული ბოდვა“, რომლის დროსაც ადამიანი უნერგავს საკუთარ თავს, რომ ის სიგიჟემდეა შეყვარებული ვიღაცაზე ან რაღაცაზე - ამტკიცებენ ფსიქოლოგები. მაგრამ უამრავი კომპეტენტური ფსიქოლოგი როგორც საქართველოში, ასევე საზღავარგარეთ აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია „უტკას“ ჰგავს, რადგან ისეთ ფსიქიატრებსაც კი, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობენ, ახალი დაავადებისა და ახალი კოდის შესახებ არაფერი სმენიათ.

ისე კი, ვერც ფსიქოლოგები და ვერც მედიკოსები ვერ უარყოფენ ფაქტს, რომ სიყვარული დაავადებას ნამდვილად ჰგავს. იმის მიხედვით, თუ როგორ უყვარს ადამიანს, შეიძლება მისი ფსიქიკის მდგომარეობაზეც გაკეთდეს დასკვნა . სწორედ სიყვარულში მჟღავნდება ადამიანის ხასიათის როგორც ნათელი, ასევე პათოლოგიური დეტალები. სასიყვარულო გრძნობები მეტნაკლებად მტკივნეული ხდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც მელანქოლიური ნატურა აქვს, მგრძნობიარე და დეპრესიულია. ასევე ქოლერიკებისთვის, რომლებიც სიშმაგემდე მიჰყავს მცირეოდენ პრობლემასაც კი.

მოკლედ, თანამედროვე მსოფლიო დაავადებად სიყვარულის ოფიციალური აღიარების აბსურდამდე , როგორც ირკვევა, არ მისულა და, ალბათ, არც მივა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენიათ, ვიავადმყოფოთ და ვიავადმყოფოთ, რამდენიც გვინდა, ოღონდ... მხოლოდ სიყვარულით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100