სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შემიძლია ვთქვა, რომ ბუბუ მუდამ შეყვარებულია" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ კალათბურთელ ბუბუ ჟღენტთან

19 წლის სპორტსმენი ბუბუ ჟღენტი თავისი თამაშითა და ვიზუალით საკმაოდ პოპულარულია ქართველ გოგონებში. ახალგაზრდა სპორტსმენი გარკვეული პერიოდი ესპანეთში იყო და ახლა უკვე იტალიაში მოღვაწეობს. ბუბუ ცნობილი ქართველი მოდელის ქეთი ჟღენტის ძმაა.

დრონი.ჯი ბუბუს დაუკავშირდა და მასთან ინეტრვიუ ჩაწერა, სადაც სპორტსმენი პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

- საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ ბუბუ ჟღენტი, მოგვიყევი შენს შესახებ.

- ვარ კახა, ბუბუ ჟღენტი, 19 წლის. ბუბუ ჩემმა საყვარელმა ბებიამ შემარქვა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას. ჩემი საკალათბურთო კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე 4 წელი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მამის კვალს გავყოლოდი. ჩემი საკალათბურთო ზრდა კლუბ "აკადემიაში" დაიწყო, რის შემდეგაც ესპანეთში "გრანკანარიაში" გაგრძელდა. 14 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავედი საქართველოდან და სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა, იმდენად მიყვარს კალათბურთი და ვიცოდი, რომ ესპანეთი ძალიან დიდი ტრამპლინი იქნებოდა ჩემი მომავლისთვის, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ნაბიჯით.

ესპანეთში ყოფნის დროს დამიკავშირდა სერბი აგენტი, რომელთანაც კონტრაქტი მაქვს უკვე. დღემდე ის მეხმარება და ხელს მიწყობს კლუბებთან. ესპანეთის მერე წავედი იტალიაში და უკვე 3 წელია აქ ვარ. წინა წელს ვიყავი კლუბ „აგრიჯენტოში“, რომელიც ასპარეზობს სერია ა 2-ში, მაგრამ წელზე შემექმნა დიდი პრობლემა და იქ ყოფნისას 6-7 თვე ვარჯიშის გარეშე, წელის მკურნალობაში გავატარე. ამის შემდეგ ხელახლა დავუბრუნდი ვარჯიშს. ზაფხულში 18 წლამდელებთან ერთად ვიასპარეზე ევროპის ჩემპიონატზე, რის შემდეგაც ძალიან გამირთულდა და ოპერაცია გახდა საჭირო. ექვსი თვის წინ გავიკეთე წელზე ოპერაცია თურქეთში, მეხუთე მალა მქონდა ჩატეხილი, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ღმერთის წყალობით უკვე ყველაფერი კარგადაა და რეაბილიტაციას გავდივარ. ვიმედოვნებ, ძალიან მალე დავუბრუნდები მოედანს. წელს, სამწუხაროდ, მეორე სეზონის გამოტოვება მომიწია, თუმცა მე ჩემი თავის რწმენას არასოდეს ვკარგავ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მიზანს მივაღწიო.

- გარდა კალათბურთისა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

- გარდა კალათბურთისა, ბოლო პერიოდში ხშირად მიწევდა ცურვა ჩემი წელის პრობლემების გამო, ასევე ძალიან შემიყვარდა კითხვა და სერიალების ყურება. ჩემი საყვარელი სერიალია „peaky blinders“.

- როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ესპანეთსა და იტალიაში ითამაშე გარკვეული პერიოდი. აპირებ თუ არა რომელიმე ქვეყანაში დაბრუნებას და თამაშის გაგრძელებას?

- რა თქმა უნდა, ვაპირებ. ახლაც იტალიაში ვარ. მიუხედავად ჩემი ტრავმისა, ამ კლუბმა მაინც წამომიყვანა და მეხმარებიან ძალიან ბევრ რამეში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. მოგეხსენებათ, იტალიურ ასაკობრივ ჩემპიონატებში ოთხი სეზონის განმავლობაში 14 თამაშს რომ ჩაატარებ, ოთხი სეზონის შემდეგ, როგორც იტალიელი კალათბურთელი, ისე ჩაითვლები იტალიის ყველა ჩემპიონატში და უფრო გეხსნება გზა ტოპ-ლიგებში. მე რომ ეს წელი გამომეტოვებინა და ვერ მომესწრო 14 თამაში, ეს საბუთი მიფუჭდებოდა, მაგრამ ამ გუნდის მეშვეობით ვასწრებ, რომელიც 3 სეზონი გაგრძელდება და მომავალ წელს ის საბუთიც მექნება. ამჟამად ვიმყოფები „ისერნიაში“, იმედი მაქვს, რომ ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და იქითა სეზონიდან სრულიად ჯანმრთელი კარგ გუნდში ვიასპარეზებ და ასეც უნდა იყოს, სხვა გზა არ არის... ყველაზე მეტად იმიტომ მინდა წარმატებას მივაღწიო, რომ ჩემს მშობლებს დავუფასო ის ამაგი, რაც მთელი 19 წლის განმავლობაში გაიღეს ჩემზე!

- შენი აზრით, აქვს თუ არა საქართველოს ნაკრებს იმის რესურსი, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო ასპარეზზე წარსდგეს როგორც საუკეთესო?

- ვიმედოვნებ, რომ შეძლებს. ეს ძალიან რთული ამბავია, მაგრამ იმდენად მინდა და იმდენად მიყვარს ჩემი საქართველო, რომ მჯერა ოდესმე საუკეთესოები ვიქნებით.

- შენი გამოცილებიდან გამომდინარე, რა პარალელს გაავლებ საქართველოსა და უცხოურ ქვეყნებს შორის თამაშისა და პირობების თვალსაზისით?

- ჩემი აზრით, შენი მომავლისთვის უმჯობესია, უცხოეთში წახვიდე და იქედან დაიწყო შენი განვითარება. იქ უკეთეს სპორტსმენად ჩამოყალიბდები. რაც შეეხება სათამაშო სტილს, უცხოეთში ბევრად სწრაფი ტემპია და დიდ ყურადღებას აქცევენ დაცვით თამაშს, რა თქმა უნდა დისციპლინასაც. ახალგაზრდებისთვის უცხოეთში ასპარეზობა იმიტომ არის კარგი, რომ იქ დაიცავენ რეჟიმს, რაც მთავარია სპორტმენისთვის. პირადად მე, თბილისში ყოფნისას ძალიან მიჭირს რეჟიმის დაცვა, მაგრამ მაინც ვახერხებ შეძლებისდაგვარად.

- ძალიან პოპულარული ხარ ქართველ გოგონებში. ისინი შენდამი გრძნობებს არ მალავენ. ეს ფაქტი გათამამებს?

- ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ძალიან პოპულარული, მაგრამ კი, ყოფილა შემთხვევები, როდესაც გოგოს არ დაუმალავს ჩემდამი სიმპათია, გრძნობები... ამ ყველაფერს ძალიან პოზიტიურად და დადებითად ვხვდები, რაც შეეხება გათამამებას, ვთვლი, რომ არანაირად. (იცინის)

- როგორი დამოკიდებულება გაქვს მათ მიმართ, ვისაც მოსწონხარ და ამ გრძნობას აფიშირებას უწევენ?

- გოგოს, რომელსაც მოვწონვარ და ამის აფიშირებას ახდენს, ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად აფიშირება გოგოს მხრიდამ, ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელს ხდის. ქალმა ცოტა უნდა დაიფასოს თავი, მაგრამ ზოგიერთ ქართველ გოგოს ხშირ შემთხვევაში ზედმეტი მოსდის, ბალანსის დაჭერა უჭირს (იცინის). კარგმა გოგომ იცის თავისი ფასი და რა დროს როგორ უნდა მოიქცეს, არც ეს შეეშლება.

- ხარ თუ არა შეყვარებული?

- შემიძლია ვთქვა, რომ ბუბუ მუდამ შეყვარებულია (იცინის).

- უკავშირდება თუ არა შენი სამომავლო გეგმები საქართველოს?

- ჩემი სამომავლო გეგმები კალათბურთში არ უკავშირდება საქართველოს. მომდევნო წლები ისევ იტალიაში გავჩერდები, ძალიან რთული ორი წელი გამოვიარე, გამიგრძელდა ტრავმა და დიდი ხანი მაქვს პაუზა, რაც ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ, მე ზუსტად ვიცი ჩემი მიზნები და როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შემხვდეს ცხოვრებაში, გზიდან არ გადავუხვევ, ყველანაირად ვეცდები, რომ გავიდე ბოლოში. დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა და კარიერას რომ დავასრულებ, შემდეგ აუცილებლად ვიცხოვრებ საქართველოში. მიყვარს ჩემი ქვეყანა, თბილისი. აქ ხომ ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100