სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენი ნაკრები ყველა ქვეყნისთვის არასასურველი მეტოქეა" - დრონი.ჯი-ს კითხვებს უცხოეთში მოღვაწე ქართველი კალათბურთელები პასუხობენ

ეს არაჩვეულებრივი ბიჭები კალათბურთის სფეროში საკმაოდ სახელგანთქმული და წარმატებული სპოტსმენები არიან. ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც სერიოზულ გუნდებში თამაშობენ.

დრონი.ჯი უცხოეთში მყოფ წარმატებულ სპორტმენებს დაუკავშირდა და მათთან ინტერვიუ ჩაწერა.

დრონი.ჯი: აქვს თუ არა რესურსი საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ასპარეზზე სახელი გაითქვას, როგორც საუკეთესომ? რა პარალელს გაავლებდი თქვენსა და ახალ თაობას შორის, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას?

თორნიკე შენგელია : რესურსი არის. იმისათვის, რომ მსოფლიოს ასპარეზზე სახელი გავითქვათ როგორც საუკეთესოებმა ძალიან ბევრი რთული ეტაპი გვაქვს გადასალახი, რისთვისაც არცერთი ჩვენგანი არ მოერიდება, რომ გამოწვევას მოჰკიდოს ხელი! მიხარია რომ მონდომება და წარმატების წყურვილი არის ახალ თაობაშიც და ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახალ თაობას უფრო გახსნილი აქვს გზები წარმატებების მისაღწევად.

დუდა სანაძე: საქართველოს ნაკრებმა დიდი გზა გამოიარა იმისთვის, რომ ერთ-ერთ ძლიერ ნაკრებად ჩამოყალიბებულიყო. დღესდღეობით ევროპაში ძალიან კარგი სახელი გვაქვს და ყველა ქვეყნისთვის არასასურველი მეტოქეა ჩვენი ნაკრები. გვქონდა ჩავარდნები და ეს მოსალოდნელიც იყო, თაობათა ცვლა დაიწყო და ეს თემა უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის, მაგრამ ვფიქრობ, გვაქვს იმის რესურსი და პერსპექტივა, რომ ზრდა განვაგრძოთ. ახალ თაობას ბევრი რესურსი აქვს, რაც ჩვენ დროს არ იყო და ეს უნდა გამოიყენონ მაქსიმალურად. მოთამაშე ძალიან ბევრს სწავლობს ყურებით. თუ საკუთარ თავზე ბევრს იმუშავებენ, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

ილია ლონდარიძე: მსოფლიო ასპარეზი დამთავრდა ჩვენთვის, ვერ მოვხვდით შესარჩევზე. ხოლო სახელს რაც შეეხება, მსოფლიო ეკრანებზე უკვე გამოვჩნდით. თაობათა ცვლა არის ნაკრებში. დიდი იმედი მაქვს ჩვენზე უკეთესები და წარმატებულები გაიზრდებიან ახალგაზრდები. მე მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს.

ლუკა ბულაშვილი: თაობა გვყავს უნიჭიერესი, მაგრამ სურვილი არ აქვს მთავრობას რაიმე სახის ხარჯი გაიღოს მათთვის. სანამ არ დასრულდება კორუფცია, კალათბურთის სამყაროში სახელს ვერ გავითქვამთ.

ბუკა ფეიქრიშვილი: ჩემი აზრით, ახლანდელი საქართველოს ნაკრები დიდი ტალანტით არის დაჯილდოვებული. ამასთან, ნაკრებს ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს, რომლებშიც ძალიან დიდი რესურსია და დიდ ძალას წარმოადგენენ ნაკრებისთვის, მთავარია ამ რესურსს მწვრთნელები როგორ გამოიყენებენ.

მანუჩარ მარკოიშვილი: საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ჰქონდა რესურსი, მსოფლიო ასპარეზზე სახელი გაეთქვა, მთავარია, ჩვენ ეს რესუსრსი სწორად გამოვიყენოთ და ხელი შევუწყოთ ახალი თაობის მოთამაშეების განვითარებას. პარალელის გავლება მიჭირს, რადგან არ მაქვს დღევანდელ ახალგაზრდებთან ხშირი კონტაქტი და ვერ ვადევნებ თვალს მათ განვითარებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100