თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებით, 15 წელიწადში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53.100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას

10 თვე გავიდა, რაც ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი ძალაში შევიდა. ოდნავ მოგვიანებით კი, 1 სექტემბრიდან თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. როგორც კანონის შემქმნელები განმარტავენ, კანონის აღსრულება წარმატებით მიმდინარეობს და საზოგადოება მას მზად შეხვდა.

მნიშვნელოვანია, რომ კანონის აღსრულებას წინ უძღვოდა ფართომასშტაბიანი კვლევები. საზოგადოების 89 პროცენტს სურდა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედება. კანონის ამოქმედებამდე, 2018 წლის 28 თებერვალს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა და კოსტა ე სილვა. ვიზიტის ძირითად მიზანს, საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენდა. მან მთავრობასთან ერთად განიხილა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტატუსი.

„რეგუალაციების ძალაში შესვლამდე, საკმაოდ საინტერესო მოსამზადებელი სამუშაოები გავიარეთ. მნიშვნელოვანი იყო თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის აღსრულების საჭიროებების შეფასების მისიის რეკომენდაციები და თამბაქოსგან თავისუფალ გარემოსთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა,“ - განმარტავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე.

ძირითად რეკომენდაციებს წარმოადგენდა: თამბაქოზე გადასახადების ზრდა, რაც საკმაოდ, წარმატებით მიმდინარეობს 2013 წლიდან. ფასი ფილტრიან სიგარეტზე 180 პროცენტით, უფილტრო სიგარეტზე კი 300 პროცენტით გაიზარდა. ყველა დახურული თავშეყრის ადგილის თამბაქოს კვამლისგან 100 პროცენტით გათავისუფლება, თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა, ლიცენზიების შემოღება, აღსრულების ოპტიმალური მექანიზმების შემუშავება და სხვა.

რაც შეეხება თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ გარემოსთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლას, მნიშვნელოვანი ადგილი ეკონომიკურ გათვლებს უკავია, რომელიც ქვეყანაში არსებული და საერთაშორისო კვლვევების მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა. როგორც ჯანდაცვის პირდაპირმა, ასევე, არაპირდაპირმა ნახარჯებმა (ნაადრევი სიკვდილი, სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) შეადგინა 824.9 მილიონი ლარი, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2,43 პროცენტს შეადგენს. კანონის აღსრულების შემთხვევაში, 15 წელიწადში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53.100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს.

„1 მაისიდან დაიწყო თამბაქოს კოტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის თანახმადაც, საქართველო მოწინავე ქვეყანა გახდა რეგიონში. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილობა არის 22%, ხოლო მსოფლიოში- 10%. ეს საგანგაშო მაჩვენებელი. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები. ემპირიულად დადგენილია, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მავნე ზეგავლენას. საზოგადოების დიდი ნაწილი და ბიზნეს-სუბიექტები გაგებით მოიკიდნენ კანონის აღსრულებას, ისინი ამისთვის მზად იყვნენ, რასაც კვლევებიც ადასტურებს, ” - მიაჩნია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებირვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს.

კანონის ამოქმედების შემდეგ რამდენჯერმე მოხდა საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების პროცესის შემოწმება. საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯგუფი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეწვია რამდენიმე ობიექტს. მონიტორებმა დახურული სივრცე, ადმინისტრაციული შენობები ვიზუალურად დაათვალიერეს და შეამოწმეს თვალსაჩინო ადგილზე არის თუ არა თამბაქოს ამკრძალავი ნიშნები გამოკრული, ესაუბრნენ მომსახურე პერსონალს. მათ გამოკითხეს დაცვის თანამშრომლები, თუ როგორ მიმდინარეობს კანონის აღსრულება და სად არის მოსაწევი ადგილები. შემოწმებული ტერიტორიების დიდ ნაწილში დარღვევები არ დაფიქსირებულა, ამკრძალავი ნიშნები გამოკრული იყო არა მხოლოდ შენობაში, ეზოში, ურნებზეც კი.

კანონმდებლებისთვის მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და საინფორმაციო-სარეკომენდაციო სახის ვიზიტები საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა დაწესებულებაში, ამიტომაც მონიტორინგი ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში.

პარლამენტარები მზად ვართ, მონიტორის ფუნქცია ვიკისროთ და სრულიად გაუფრთხილებლად, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შემოწმების სახით, მონიტორინგისთვის ვეწვიოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დახურულ შენობა-ნაგებობებს, სადაც არა მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნები უნდა იყოს მოწესრიგებული, არსად უნდა შეიმჩნეოდეს თამბაქოს სუნი”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისათვის, 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ხოლო გასული წლის 26 ივლისს ამ კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. კანონის დანერგვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მოწევა აიკრძალა შენობა–ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კაფე-ბარებში, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა. სავალდებულო გახდა შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.

კომენტარი