ექსპერტიზამ მავთულზე, რომლითაც გორში მოკლულ 9 წლის მოზარდს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ იპოვნა

ექსპერტიზის დასკვნით, მავთულზე, რითიც გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა.

არსებობს ვარაუდი, მკვლელობაში ბრალდებულმა ხელ-ფეხშეკრული გოგონა მკვლელობის შემდეგ ხელის ურიკაზე მოათავსა, რათა ამ გზით შემთხვევის ადგილამდე გადაეადგილებინა.

ექსპერტიზაში ასევე მითითებულია დასკვნა, სადაც წერია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელის ურიკაზე ამოსული სისხლის კვალი გარდაცვლილ ნანიკო ბერიაშვილს ეკუთვნის. მის ტანსაცმელზე იაგო ნებიერიძის ბილოგიური მასალა ამოვიდა, რითიც დადგინდა, რომ მას შემხებლობა ჰქონდა ნანიკო ბერიაშვილთან.

რაც შეეხება ფსიქიატრიულ დასკვნა, დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია. ოჯახის ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, საქმის გარშემო არსებულ მთავარ კითხვებს, მათ შორის იმას, თუ რით იქნა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი შემთხვევის ადგილამდე გადაადგილებული, პასუხი გაეცა.

„ბავშვის ცხედარს ურიკის ფორმა და ზომა ჰქონდა მიღებული, რომელზეც მისი სისხლის კვალი აღმოჩნდა. ზუსტად იმიტომ შეუკრა ხელ-ფეხი ამ მდგომარეობაში, რომ ურიკაზე დატეულიყო“ - დასძენს გელხაური.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

კომენტარი

×