„ფეისბუქმა“ რა ჰქმნა?...

ეგვიპტეში მომხდარ რევოლუციას რომ სხვაგვარად „სოციალური ქსელების რევოლუციად“ მოიხსენიებდნენ, არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. არც ისაა დამალული, რომ ამ ქვეყანაში გამოსვლები სწორედ საშუალო ფენამ დაიწყო, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა კომპიუტერსა და ინტერნეტზე. პირველი საპროტესტო შეხვედრის თარიღი სწორედ „ფეისბუქზე“ იყო მითითებული და საპროტესტო მიტინგების ადგილად ტაჰრირის მოედანიც ამ სოციალურ ქსელში გახსნილ ჯგუფზე იყო მითითებული. ჯგუფის გახსნიდან ორ დღეში აქ გაწევრიანებულ ეგვიპტელთა რაოდენობამ 100.000 მიაღწია. ამდენი „ლაიქი“ ასე მოკლე დროის განმავლობაში „ფეისბუქზე“ არც ერთ ჯგუფს არ ახსოვს.

პირველი საპროტესტო მიტინგის შემდეგ ეგვიპტის ხელისუფლება გონს მოეგო და ინტერნეტის ბლოკირება გადაწყვიტა, თუმცა, ბოთლიდან უკვე გამოშვებული ჯინის უკან ჩაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ხელისუფლებას გეგმები პოპულარულმა Google-მ ჩაუშალა. სწორედ Google იყო ის კომპანია, რომელმაც მუბარაქის ხელისუფლებას საპასუხო ქმედებით უპასუხა.

მას შემდეგ რაც ეგვიპტეში ჯერ Twitter, შემდეგ კი ინტერნეტი გაითიშა, Google-ის ხელმძღვანელობამ სპეციალური საერთაშორისო ნომრები გამოაქვეყნა. მათი მეშვეობით ეგვიპტელები ხმოვან შეტყობინებებს ტოვებდნენ და ისინი ავტომატურ რეჟიმში სოციალურ ქსელში თავსდებოდა. ამ სერვისის წყალობით ეგვიპტეში ინტერნეტის გამორთვა მსოფლიოსთვის შესამჩნევი აღარ იყო.

რა მოუტანა ეგვიპტეს რევოლუციამ და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ის, სხვა საკითხია, მაგრამ რევოლუციის სემდეგ რომ მოსახლეობაში „ფეისბუქით“ აღტაცება გაიზარდა – ფაქტია. რამდენიმე ეგვიპტურმა გაზეთმა მუბარაქის დამხობიდან ერთი კვირის თავზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ქვეყნის მოქალაქემ, 20 წლის ჯამალ იბრაგიმმა საკუთარ ახლადდაბადებულ ქალიშვილს სახელად Facebook დაარქვა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე და რატომ შეურჩია შვილს არათუ ეგვიპტის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უცნაური სახელი, ჯამალ იბრაგიმმა უპასუხა, რომ ამით სოციალური ქსელის მიმართ მადლიერებას გამოხატავს და სხვა თანამოქალაქეებს პირად მაგალითს აძლევს:

„ჩვენ ყველანი მადლობელი ვართ „ფეისბუქის“ და მე ვიღებ ჩემს თავზე, მის მიმართ მადლიერების გამოხატვით მაგალითი გავხდე სხვებისთვის. იმედია, ჩემი ფეისბუქი ჯანმრთელი გაიზრდება და მას ამ ქსელის გამოყენება არ მოუწევს იმ მიზნებისთვის, რისთვისაც მე გამოვიყენე...“ - თქვა ბედნიერმა მამამ.

ეგვიპტური გაზეთების ცნობით, ფეისბუქ იბრაგიმი 2. 800 კგ დაიბადა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობდნენ და, იმედია, ახლაც კარგად არიან.

აღსანიშნავია, რომ „ფეისბუქის“ მომხმარებელ ქვეყნებს შორის არაბულ სამყაროში ეგვიპტე ლიდერობს. ამ სოციალურ ქსელში უკვე გაწევრიანებულია 5,5 მილიონი ეგვიპტელი.

ეს, რაც შეეხებოდა ეგვიპტეს და „ფეისბუქის“ ეგვიპტელ მომხმარებლებს. „ფეისბუქთან“ დაკავშირებული უცნაური და საინტერესო შემთხვევები ამით არ სრულდება. ალბათ, დროული იქნება, გავიხსენოთ, რომ ამერიკული პრესის ფლაგმან გაზეთებში, კარგა ხანია, გაჩნდა ახალი თანამდებობა“ სოციალური ქსელის რედაქტორი.

ზოგადად, ქართველებს არ გვჭირდება „ფეისბუქის“ პოპულარობის დასადასტურებლად სხვა ქვეყნების მაგალითის მოხმობა, მაგრამ ფანტაზიებს ფბ–სთან მიმართებაში, მაინც უცხოელები უფრო ავლენენ, ვიდრე ქართველები.

ასე მაგალითად, ამერიკელებისთვის ჯერ არ გადაგვისწრია. ტეხასელმა წყვილმა, ელი და მეტ გრინებმა ჯერარდაბადებული ქალიშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”–ზე დაარეგისტრირეს. როგორც მომავალმა მშობლებმა აღნიშნეს, მათ ახალი გვერდი სოციალურ ქსელში იმიტომ შექმნეს, რომ ამ გზით მეგობრებსა და ახლობლებს ელის ორსულობის შესახებ სიახლეები შეეტყობინებინათ. ამასთანავე, ისინი ემბრიონის განვითარების შესახებაც ავრცელებენ ინფორმაციას.

ელი გრინის აღნიშვნით, მას შემდეგ რაც “Facebook”–ზე ახალი გვერდი გახსნეს, პირველივე დღეს მეგობრებში დაახლოებით 100 იუზერი დაიმატეს. ამ დროისათვის 260 მეგობარი ჰყავთ. რაც ყველაზე საინტერესოა, პროფილში მითითებულია ბავშვის ჰობი: ფეხბურთი და ცურვა, საყვარელი მომღერალი – ლედი გაგა და ჩვევა: ცერა თითის წოვა.

მშობლები ქალიშვილს მერაიას დაარქმევენ. მერაიას მაგივრად კი სტატუსებს მისი დედა დებს. იგი ყვება ბავშვის ქცევებისა შესახებ. ელი სტატუსებს ყოველდღიურად ანახლებს. მშობლები გვერდს არც ბავშვის დაბადების შემდეგ არ გააუქმებენ. ისინი მერაიას ყოველდღიურ ცხოვრებაზე ამცნობენ მეგობრებს.

სტატიაში „ფეისბუქის“ საინტერესოდ, უცნაურად და უჩვეულოდ გამოყენების რამდენიმე ფაქტი განვიხილეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის: „ფეისბუქი“ მსოფლიოს დაპყრობას აგრძელებს და კაცობრიობას მასთან მიმართებაში, სავარაუდოდ, კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს...

კომენტარი