„მამამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შემყვარებოდა ავტომობილი და რბოლა“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელ გოგონასთან

ნინა ზოზიაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ქალი მრბოლელია, რომელსაც არა ერთი წარმატება აქვს ამ სფეროში. ნინა ასევე რამდენიმე უცხო ენას ფლობს და ცდილობს, მაქსიმალური გამოცდილება მიიღოს საზღვარგარეთ სწავლებით.

დრონი.ჯი დაუკავშირდა ახალგაზრდა მრბოლელს და ჩაწერა მასთან ინტერვიუ.

-ნინა, საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ შენი თავი, მოგვიყევი შენს შესახებ...

- გამარჯობა, მე ნინა ვარ, 18 წლის, ვცხოვრობ თბილისში. არც ისე დიდი ხნის წინ დავბრუნდი საფრანგეთიდან, სადაც სასწავლებლად ვიყავი და დღემდე იქ ვაგრძელებ დისტანციურ სწავლებას. პარალელურად ვმუშაობ სასტუმრო „იოტაში“, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ძალინ მიყვარს ავტოსპორტი. ბავშვობიდან აქტიურად ვარ ჩართული ამ სპორტში . მამამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მრბოლელების პატარა ოჯახის წევრი გავმხდარვიყავი, შემყვარებოდა ავტომობილი და რბოლა.

-რომელი იყო შენი ყველაზე წარმატებული გამოსვლა?

-სარვამარტო კარტინგის შეჯიბრს გამოვარჩევდი ქალთა შორის. დიდი ხნის შემდეგ დავუბრუნდი კარტინგს და მოულოდნელად გავიმარჯვე კიდეც. ასევე დებიუტს შტურმანის ამპლუაში, 2017 წლის ზაფხულში, სიღნაღში. ეს იყო ძალიან ემოციური დღე ჩემთვის, რადგან უკვე პროფესიონალურ შეჯიბრში ამოვყავი თავი მამასთან ერთად, ეს ძალიან მაშინებდა რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო.

- ხარ თუ არა შეყვარებული?

-ამ ეტაპზე არ ვარ შეყვარებული.

- ქალისა და მამაკაცის მეგობრობის გჯერა?

-მჯერა, რა თქმა უნდა. რატომღაც ბიჭებთან უფრო მიადვილდება მეგობრობა , ახლაც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ბიჭია.

- ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, გათამამებს ეს ფაქტი?

-არ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. რომც მყავდეს, დიდად არ შეცვლიდა ეს ფაქტი რამეს. ლოგიკურია, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ვინმეს მოსწონხარ, თავდაჯერებულობას გმატებს ეს ყველაფერი.

- უკავშირდება თუ არა შენი სამომავლო გეგმები საქართველოს?

-მომავალ წელს საფრანგეთში მივდივარ სწავლის გასაგრძელებლად, თუმცა აუცილებლად დავუბრუნდები საქართველოს. ამ ეტაპზე ჩემს გეგმებში ავტორბოლის აქტიურად გაგრძელება და სწავლა შედის.

კომენტარი