სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კრწანისი-პურის“ დირექტორის თქმით, „ყაზტრანსგაზი“ პურის მრეწველობას გაზის საფასურს არ გაუზრდის

„ყაზტრანსგაზმა ოფიციალურად მაცნობა, რომ გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება“, - ამის შესახებ „პირველს“ სს „კრწანისი-პურის“ დირექტორმა სპარტაკ გოგინავამ უთხრა.

„ამ შემთხვევაში ჩემი წარმოება არ მუშაობს, მაგრამ მე დამიკავშირდა „ყაზტრანსგაზი“ და ოფიციალურად მაცნობა, რომ გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება. 15 წუთის წინ დამიკავშირდა „ყაზტრანსგაზი“ და მაცნობა ეს სასიამოვნო ამბავი“, - უთხრა „პირველს“ სპარტაკ გოგინავამ.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, „ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს აშშ დოლარში ყიდულობს, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ლარში ფიქსირებული ფასით ახდენს. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ისე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით ისარგებლოს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დააკორექტიროს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება“.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური 46,139 თეთრი დარჩება“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100