სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ ჩუგოშვილი: მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება

მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღესთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციები იყო და იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნების დღის დანიშვნა კვირის დღეს იქნებოდა პრობლემების შემცველი ვხედავთ, რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ ნებას. 12 საათის ოფიციალური მონაცემებით 19.6 % ამომრჩევლის გამოცხადებულია.

მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი ნება ამ არჩევნებში, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა.

ასევე გვინდა მოვუწოდოთ კერძო დამსაქმებლებს, რომლებიც მუშაობენ დღეს, რომ თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცენ , მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ ნება.

მინდა გამოვეხმაურო რუსთავში უკვე მასიურ ფაქტებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნების და პირების შესახებ, რომლებსაც ასეთი მცდელობები ჰქონდათ. ამას ემატება 39-ე უბანზე მერი მამალაძის მიერ ასევე მცდელობა, რომ ხელმეორედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რასაც უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ეს ფაქტები დაადასტურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად ამ ყველაფერზე იქნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო აბაშაში დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც ქართული ოცნების საკრებულოს წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა, იგი მიყვება ამომრჩეველს ჯიხურში, რაც ასევე კანონდარღვევაა და აუცილებელია, რომ ამ დარღვევაზეც იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

საერთო ჯამში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ძალიან ბევრი დამკვირვებელი აკვირდება ამ არჩევნებს , როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი, ისე ადგილობრივი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი. ამომრჩეველს მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, ჩვენს წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებში თუ ჩვენს აქტივისტებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში და თუკი დარღვევას დააფიქსირებენ, ეს წერილობით იქნას დაფიქსირებული და მიაწოდონ ეს ინფორმაცია დამკვირვებლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100