სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ფონდი ნატახტარის“ დახმარებით სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდა სტუდენტი გახდა

„ფონდი ნატახტარის“ ოთხმა ბენეფიციარმა, წარმატებით ჩააბარა საერთო ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა. მოზარდები გამოცდებისთვის ფონდის პროგრამების ფარგლებში ემზადებოდნენ და შედეგიც ეფექტური აღმოჩნდა. 3 ბენეფიციარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ, მათ აირჩიეს სამართალმცოდნეობის, მეცნიერებისა და ხელოვნების და მათემატიკის ფაკულტეტები, ხოლო ერთი ბენეფიციარი გახდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც შეისწავლის ფსიქოლოგიას.


თამარი წლების განმავლობაში მიმღებ ოჯახში ცხოვრობდა. ფონდი ნატახტარის პროგრამაში სამი წლის წინ ჩაერთო და ეროვნული გამოცდებისთვის მზადება დაიწყო. როგორც მისი ფსიქოლოგი გვანცა მეტივიშვილი გვიამბობს, საკმაოდ, მონდემებული იყო სტუდენტი გამხდარიყო, თუმცა შარშან, მცდელობისა და თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად იმედები გაუცრუვდა და უნივერსიტეტში მოსახვედრად საჭირო ქულები ვერ დააგროვა. 18 წლის შესრულების შემდეგ, მას მიმღები ოჯახის დატოვება მოუწია. „ძალიან ემოციური გოგონაა, ემზადებოდა და დიდი სურვილი ჰქონდა სტუდენტი გამხდარიყო, თუმცა ეროვნული გამოცდების წინ ძალიან ინერვიულა, რაც მის შედეგებზე აისახა და სამწუხაროდ, ზღვარი ვერ გადალახა. იმდენად მონდომებული იყო, არ შეჩერდა, ჩვენც გვერდში ვედექით, ვამშვიდებდით, ვამხნევებდით, ყოველ წარმატებას ხაზს ვუსვამდით და ვხედავდით როგორ ემატებოდა თავდაჯერება. შარშან, მიმღები ოჯახიდან დედათა მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად და საკუთარი ძალებით განაგრძო ეროვნული გამოცდებისთვის მზადება, რეპეტიტორებთან აღარ უვლია. ამჯერად, მისმა მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა“.


თამარი „ფონდი ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ ერთობლივი მხარდაჭერით დასაქმდა კიდეც და ახლა სტუდენტობას და სამსახურს ერთმანეთს შეუთავსებს. ეს დამოუკიდებლობის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სამსახური დაიწყო თუ არა, ფონდისა და ასოციაციის წარმომადენლებს განუცხადა, მე ნუღარ დამეხმარებით, რადგან ვმუშაობ და ახლა ამ თანხით შეგიძლიათ სხვა ახალგაზრდას შეეხიდოთო. ამგვარი ქმედება პიროვნული სიმწიფის უტყუარი ნიშანია, რაც ნამდვილად საამაყოა.


მნიშვნელოვანია, რომ ფონდი ფინანსურად ეხმარება სტუდენტებს, ვიდრე ისინი დამოუკიდებლად არ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას. ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შემზადება. მისი მომსახურებით სარგებლობენ 15-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული მოზარდები და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდი მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100