სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰაერის დაბინძურების მიზეზებს პარლამენტის სამუშაო ჯგუფი ადგენს

კახა კუჭავა: „ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი არა საწვავის ხარისხი, არამედ მოძველებული ავტოპარკია.“

სამუშაო პროცესის გამოცხადებიდან დღემდე, პარლამენტის სამუშაო ჯგუფს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა 15-ზე მეტი განცხადება მიაწოდეს. ჯგუფი, რომელმაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიზეზები უნდა გამოიკვლიოს და პრობლემების მოგვარების გზები შეიმუშავოს, მოქალაქეთა მხრიდან ჩართულობას კიდევ ელოდება.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორი აქცენტს, ძირითადად, მოძველებულ ავტოპარკსა და სამშენებლო მტვერზე აკეთებს. თუმცა, კახა კუჭავას თქმით, შემოსულია ისეთი ფაქტებიც, რომლის შესახებაც სამუშაო ჯგუფს ინფორმაცია არ ჰქონდა.

„სხვადასხვა მიზეზებია, ზოგიერთი ჩვენც არ ვიცოდით. ირკვევა, რომ იყიდება იაფიანი, უხარისხო სამუხრუჭე ხუნდები. დამუხრუჭების დროს, იფანტება მტვერი, რომელიც ჰაერის დამაბინძურებელია. ეს არგუმენტი საკმაოდ კარგად არის დასაბუთებული,“ - განმარტავს კახა კუჭავა.

კომიტეტის თავმჯდომარე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სხვა მიზეზებსაც ასახელებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, მისი თქმით, სამშენებლო ნაგავი და მტვერია.

„პრობლემა არა მხოლოდ სამშენებლო ნაგავია, არამედ მშენებლობის დაურეგულირებელი პროცესიც. არის შემთხვევები, როდესაც მშენებლობა მიმდინარეობს, ან გაჩერებულია და ტროტუარზე ქვიშა და ცემენტია დაყრილი. ქარის ამოვარდნისთანავე, ეს ჰაერს ერევა, რაც იწვევს დაბინძურებას,“ - აცხადებს კუჭავა.

რაც შეეხება ავტომობილების მხრიდან გამოწვეულ დაბინძურებას, კუჭავა აცხადებს, რომ მოწინავე მიზეზი მოძველებული ავტოპარკი და გაუმართავი ძრავებია. პარლამენტის დეპუტატის განცხადებით, საწვავის ხარისხი მოწინავე მიზეზებს შორის არ არის.

„საწვავის ხარისხი არ არის მთავარი მიზეზი, უფრო - მოძველებული ავტოპარკი. უხარისხო საწვავზე სერიოზული პრობლემა ძრავებია. ასეთ ავტომობილებში, კარგი საწვავი რომც ჩაასხა, მაინც ცუდ შედეგს მიიღებ,“ - განმარტავს კახა კუჭავა.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯამში სამუშაო ჯგუფმა 15-ზე მეტი განცხადება მიიღო, თუმცა რეკომენდაციებსა და წინადადებებს კიდევ რამდენიმე ორგანიზაციისგან ელოდებიან. განცხადებების მიღების შემდეგ, შეირჩევა კონკრეტული მიმართულებები და წინადადებების ავტორებს სამუშაო ჯგუფის წევრები პირადად გაესაუბრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100