თუშეთში გეი–ტურისტები სცემეს, ხელ–ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს

თუშეთში გეი ტურისტები სცემეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ტურისტებმა საქართველო უკვე დატოვეს.
ინციდენტი ერთი კვირის წინ, სოფელ ომალოში მოხდა. თუშეთში დასასვენებლად მყოფმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ სამი გერმანელი ტურისტი სუფრაზე მიიწვია.
ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა ერთმანეთს აკოცეს. ქართველმა ახალგაზრდებმა გერმანელ ტურისტებს ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ტურისტები წყლიდან ომალოს მცხოვრებლებმა ამოიყვანეს. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, ადგილობრივებმა უზრუნველყვეს ტურისტების ბარში უსაფრთხო ტრანსპორტირება, საიდანაც ისინი თბილისში ჩავიდნენ და საქართველო დატოვეს.
მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულ ტურისტებს არც პოლიციისთვის და არც საკონსულოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, ახმეტის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, ომალოში ახმეტის პოლიციის თანამშრომლები რეგულარულად პატრულირებენ. "მით უფრო ზაფხულში, როცა თუშეთში ძალიან ბევრი ტურისტია, პოლიციის თანამშრომლები იქ ყოველთვის არიან. საგუშაგოც აქვთ, აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს. ტურისტების ცემის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს", - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

კომენტარი