სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანიამ, რომელსაც საპატრიარქო მფარველობდა, ათასამდე ოჯახი გადააგდო - ემიგრანტების ცრემლები და პრეტენზიები მთავრობას

ქართველი ემიგრანტები სამშენებლო კომპანია "სვეტის" წინააღმდეგ - ათასობით გადაგდებული მენაშენე და უსახლკაროდ დარჩენილი, სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების გაურკვეველი ბედი - გაიმეტებს თუ არა მათ სახელმწიფო?

ჩვენ, იმ დაზარალებული ქართველი ემიგრანტების შესახებ გიამბობთ, რომლებიც შვილების, დედების, ცოლების, ძმების, დების სარჩენად, თავის დროზე, სამშობლოდან გადაიხვეწნენ.

მათ მრავალი წელია ფეხი არ დაუდგამთ საქართველოს მიწაზე... მათ ცრემლების, ტკივილის და საყვარელ ადამიანებთან განშორების მძიმე და დიდი ფასი გადაიხადეს.

ისინი ოცნებობდნენ, რომ ერთ დღეს საქართველოში დაბრუნდებოდნენ, თუმცა ეს ოცნება, როგორც თავად ამბობენ, სამშენებლო კომპანია "სვეტმა" წაართვა, რადგან დასაბრუნებელი ჭერი არ მისცა, სიმწრით გამომუშავებული ფული წაართვა და უკანონოდ მიითვისა.


ნინო სირბილაძე იტალიიდან, ინგა ეფრემიძე ამერიკიდან, თამუნა ვატიაშვილი ისრაელიდან, ლელა მარჯანიძე იტალიიდან, ირმა მრელაშვილი გერმანიიდან და დალი აშვეთია იტალიიდან მათ ცხოვრებაში „სვეტის“ გამოჩენით დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გვიამბობენ.

ნინო სირბილაძე - ქართველი ემიგრანტი იტალიიდან:

ამჟამად ვიმყოფები იტალიაში. ბინა შევიძინე სვეტში 2016 წლის დეკემბერში. მითხრეს რომ თებერვალში უკვე მშენებლობა დაიწყებოდა. ვენდე "სვეტს", რადგან საკმაოდ დიდი რეკლამა უკეთდებოდა. იყო პატრიარქის მოწოდება და ლოცვა-კურთხევა, რომ ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებოდათ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

დიდი დრო ეთმობოდა ტელევიზიით მათ პიარსაც და რაც ყველაზე მთავარია, იყო პროექტი დაზღვეული ალდაგში. ეს იყო ყველაზე დიდი ნდობის და გარანტიის ფაქტორი.

გადათხარეს ამხელა ტერიტორია. დაიწყეს მშენებლობისთვის მზადება, მერე მშენებლობაც და მას თუ მერია 2 წლის შემდეგ შეამჩნევდა ვინ წარმოიდგენდა?

სამწუხაროდ, ახლა იმ რეალობის წინაშე ვდგავართ სვეტის 1000-ზე მეტი დაზარალებული მენაშენე, რომ მშენებლობა გაჩერებულია უკანონობის გამო.

მშენებლობა უკანონოა, არ არსებობს არა თუ მშენებლობის უფლება მირცხულავას 9/11 ში, არამედ შეთანხმებული და დამტკიცებული პროექტიც კი. კომპანია არ გამოდის კონტაქტზე.

ვიყიდეთ ალდაგში სრულიად დაზღვეული ბინები და ახლა ალდაგის დაზღვევაც აღარაა. ალდაგი 2018 წლის 23 თებერვალს გამოეთიშა პროცესებს.

სწორედ მაშინ დაარღვია ხელშეკრულება და დატოვა პროექტი, როცა მას სადაზღვევო შემთხვევა დაუდგა. ნაცვლად იმისა, რომ მისი ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა. მერიას არც ამ დროს გაახსენდა და შეაჩერა მშენებლობა.

სახელმწიფომ თუ არ მოგვხედა და დაინტერესდა ამ საქმით, მართლა პატრიარქის ლოცვა-კურთხევის ანაბარაღა ვრჩებით.


საქართველოდან ერთხელ უკვე გაწირულ ემიგრანტს, რომელიც მენაშენეების უმრავლესობას წარმოადგენს ამ კომლპექსში, გამოდის რომ სახელმწიფო მეორედ წირავს.

„სვეტს“ არ დაელია ვადების გადაწევა, ყოველთვიურად ახალ ვადას ასახელებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე არ ვიცი. ვფიქრობ რომ მერია და ზოგადად ყველა შესაბამისი სამსახური, ვალდებული იყო ეს უკანონობა თავშივე აღეკვეთა და არ ჰყოლოდა ამდენი დაზარალებული, არც ემიგრანტი და არც ადგილობრივი მენაშენე.

თვალწინ უზარმაზარ დანაშაულთან ჰქონდათ საქმე და ვერ ხედავდნენ? სად იყო მაშინ მერია, სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობა, როცა სვეტი ამხელა რეკლამებს აკეთებდა? როცა ყიდდა ბინებს, რატომ მაშინ არ შეაჩერა? მშენებლობა თუ უკანონოა, გაყიდვები კანონიერი გამოდის?


ახლა შევიტანეთ პროკურატურაში საჩივარი და იმედია მოახდენენ დროულ და სწორ რეაგირებას.

მე, როგორც ემიგრანტი, ვითხოვ სახელმწიფოსგან, გამოიძიოს ეს საქმე, დაგვიდგეს გვერდით და აღმოგვიჩინოს დროული დახმარება. გამოიყენოს მისი ყველა ბერკეტი, რაც კი არსებობს, რომ არ ვიგრძნოთ თავი დაუცველად. უკმაყოფილება დიდია და პროტესტის უზარმაზარი ტალღაა აგორებული. მალე ეს პროტესტი უმართავი გახდება. ემიგრანტები მიმართავენ იმ ქვეყნის საელჩოებს, სადაც იმყოფებიან და ეს ნამდვილად არ არის კარგი იმიჯი ქვეყნისთვის.


ინგა ეფრემიძე - ქართველი ემიგრანტი ამერიკიდან:

უკვე რა ხანია ამერიკაში ვარ, შვილები საქართველოში მყავს დატოვებული. „სვეტთან“ გავაფორმე ხელშეკრულება, რეკლამებს უკეთებდნენ წინასწარ, თან საპატრიარქო მოგვიწოდებდა შეიძინეთო.

დავიწყე ინფორმაციის შეგროვება და აღმოვაჩინე რომ ალდაგში იყო ობექტი დაზღვეული და გადავწყვიტე და დავრეკე ალდაგში. იქ ამიხსნეს, რომ, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა ალდაგი იღებდა ვალდებულებას და ასე გავაფორმე ხელშეკრულება სვეტთან.

ახლა შეტანილი მაქვს საჩივარი პროკურატურაში, რომ მათი ფინანსური საბუთები მაინც მოიპოვონ და გაარკვიონ რა ხდება. იმედი მაქვს პროკურატურა შეგვეხმიანება.

წარმოიდგინეთ, მირცხულავაზე 18 კორპუსია გაყიდული, თითო 15 სართულიანია და ყველა ბინა გაყიდულია. ერთი მხრივ ამდენი ხალხის თანხა და მეორე მხრივ, ამდენი დაზარალებული და გაუბედურებული ხალხი.

ეს ხალხი ასე არ გაჩერდება, სანამ სვეტის წარმომადგენლები სადმე გაიქცევიან, იმედი მაქვს პროკურატურა იზამს რამეს. არადა, დავიწყებთ მასშტაბურ აქციებსა და შიმშილობას.


თამუნა ვატიაშვილი - ქართველი ემიგრანტი ისრაელიდან:

ყველანაირი მოთმინება დაგვაკარგინა ხალხს კომპანია „სვეტის“ უპასუხისმგებლობამ. ყველა საზღვარს გადასცდა და ჩვენ მოთმენას ან ლოდინს აღარ ვაპირებთ. ვითხოვთ სახელმწიფოსგან დაცვას. ქონების დაყადაღებას სასწრაფოდ, რათა ამ უსაქმურებმა კიდევ სიურპრიზი არ გაგვიკეთონ.

თუ მაინც სახელმწოფო სასწრაფოდ არ იზრუნებს თავის ქვეყნის მოქალაქეებზე, მე ვპირდები, რომ ამას გავაშუქებ სხვა ქვეყნებში, რაც იქნება დიდად დამამცირებელი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. არ ვაპირებ კიდევ უამრავი წელი ემიგრანტობას. გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ნაყიდ სახლებში დაბრუნება. ჩვენი შვილები უდედოდ იზრდებიან და „სვეტმა“ კიდევ ბევრი წელი დაუმატა ჩვენ ბავშვებს უდედოდ ყოფნისა. აქ გავმართავ საელჩოს წინ აქციას - ისრაელში.

ორი და მყავს აქ, ისინიც მენაშენეები არიან, კომპანია სვეტისაგან დაუზარალებელი ერთი ადამიანიც არ არსებობს. ჩვენ 4 ბინა გვაქვს ნაყიდი. ყველაში სხვადასხვა თანხები გვაქვს შეტანილი. წარმოიდგენთ, რა დღეში ვართ.


ლელა მარჯანიძე - ქართველი ემიგრანტი იტალიიდან:

როგორც ყველამ, მედიით და ინტერნეტ-სივრცით შევიტყე სვეტის შესახებ. სასწაულებს ამბობდნენ საპატრიარქო, ალდაგი, საინფორმაციოები, სუხიშვილებმა ხომ საერთოდ უდიდესი როლი ითამაშეს სვეტის ნდობის მოსაპოვებლად.

ჩვენ დიდი მასალა გვაქვს სვეტის შესახებ, თუ როგორი მანათობელი ვარსკვლავი გამოჩნდა საამშენებლო ბიზნეს-სივრცეში. მოკლედ ასე გავხდი სვეტის კლიენტი, მაგრამ 2 თვეში უკვე მივხვდი, რომ თაღლითებთან მქონდა საქმე.

მე ამ კომპანიამ ცხოვრება დამიმახინჯა, ყველა თვალსაზრისით.

მაქვს იტალიაში გატარებული ურთულესი 8 წელი. კარგად იცის ყველამ საქართველიში, რა შრომის ფასად ვშოულობთ ფულს. აქ რომ წამოვედი, 3 მცირეწლოვანი შვილი დავტოვე. ათი, თოთხმეტი და ცხრა წლის. მათი განათლების და კეთილდღეობის გამო რა თქმა უნდა. დღეს ჩემმა უმცროსმა შვილმა სკოლა დაამთავრა, მე აქ ვზივარ თვალცრემლიანი.


ამის ღირსები ვართ ემიგრანტები? გამწარებული სული გვიდგას.

აქ მაქვს სვეტის მესიჯები შენახული.პირველად ბინები რომ შევიძინეთ, გულის სმაილებს გვიგზავნიდნენ და ბოლო 1 წელია ყველგან დაგვბლოკეს, არ გვპასუხობენ არც მესიჯებზე არც ტელეფონებზე. აი, მაგათ თავგასულობას საზღვარი არ აქვს. ალდაგმა არც კი გაგვაფრთხილა, ისე მოგვისროლა.

ჯანმრთელობა დამიზიანდა, მხედველობა, ნერვები შეიწირეს ჩემი. ჩემს შვილს და შვილიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ საქართველიში და ვერ ჩამოვდივარ რომ მივხედო, ამხელა ტვირთი ამკიდა „სვეტმა“.

მგონი მარტო საქართველოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩალითაა დახურული. რაღაცას მოვახდენთ, ყველა ძალას და რესურსს გამოვიყენებთ და ამხელა უპასუხისმგებლობას არ ვაპატიებთ არავის, პირველ რიგში მთავრობას, რომელიც ამ თაღლითობის მონაწილე ხდება ნებსით თუ უნებლიეთ.


ირმა მრელაშვილი - ქართველი ემიგრანტი გერმანიიდან:

20 წელია ოჯახით ვიმყოფები გერმანიაში, ვარ გერმანიის მოქალაქე. დიდი სურვილი მაქვს ჩემს სამშობლოში დაბრუნების. გადავწყვიტე ჩემი ორივე შვილისთვის ბინის შეძენა და ნელ-ნელა ნიადაგის მომზადება და ფიქრი დაბრუნებაზე.

გული მწყდება ჩემი შვილები აქ მიღებულ კარგ განათლებას საქართველოს რომ ვერ ახმარენ. ვარკვევთ ასევე ორმაგი მოქალაქეობის სტატუსს... სვეტმა კი, ჩვენი ყველანაირი გეგმა წყალში ჩაგვიყარა და დაგვაკარგვინა ამ ოცნების ასრულების სისრულეში მოყვანა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ მათ ჩვენი ასეთი შეურაცხყოფა და დაცინვა ვაპატიო.

საქართველოში თუ ვერ ვიპოვი სამართალს, ამ შემთხვევაში ჩემი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებების შესახებ, მაშინ მზად ვარ და ნამდვილად მოვითხოვ ჩემი უფლებების დაცვას აქ ანუ გერმანიაში.

ჩავაყენებ საქმის კურსში ასევე საელჩოს, რაც ძალიან დაბლა დასცემს საქართველოს ისედაც დაბალ რეიტინგს ევროპაში და თუ საჭირო იქნება, მივიტან ჩემს გაჭირვებას სტრასბურგის სასამართლომდეც.

ალდაგი, რომელსაც დაზღვეული ჰქონდა მირცხულავას მშენებლობა 2018 წლის აპრილამდე...

ყოველი ჩემი მათთან კომუნიკაციისას, მისი წარმომადგენელი, ირაკლი წიქარიძე მიმტკიცებდა, რომ ჩვენი გადახდილი ყოველი ცენტი კონტროლდებოდა მათ მიერ და საფრთხის შემთხვევაში სვეტს ჩაანაცვლებდა სხვა კომპანიით, რაც მწარე ტყუილი აღმოჩნდა სამწუხაროდ.

ძალიან მაინტერესებს, როგორ დააზღვია ალდაგმა უკანონო მშენებლობა ან თუ ხდება საქართველოში უკანონო საქმიანობების დაბეგვრა. სვეტის ოფისში მისულებს კარს ცხვირწინ გვიხურავენ, პასუხის ღირსს არ გვხდიან და მალულად სათადარიგო გასასვლელიდან იპარებიან სვეტის დამფუძნებელი და დირექტორი.

ნუთუ არ აქვს ქვეყანას ასეთ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად? ასეთი ქაოსი როგორაა თუნდაც მერიაში? რატომ დახუჭეს თვალი თუ სარგებელი არ ჰქონდათ მათაც ამ საქმიდან? ძალიან ბევრ ეჭვებს და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ეს საქმე. ათასობით ემიგრანტის მოტყუება და დაცინვა ასეთი ადვილია ჩვენს ქვეყანაში? ვერანაირად შევძელი ჩემი შვილებისათვის ამეხსნა ეს ყველაფერი. ევროპაში გაზრდილი ბავშვებისათვის ეს ძალიან ძნელი აღსაქმელია.


დალი აშვეთია - ქართველი ემიგრანტი იტალიიდან:

არ მეგონა თუ კიდევ არსებობდა საქართველოში ასეთი უკანანონა და თაღლითობა და ამის მსხვერპლი გავხდებოდი. ვენდეთ საპატრიარქოს მოწოდებას „სვეტთან“ დაკავშირებით და რა გამოვიდა? მთლიანი თანხა მაქვს ჩარიცხული, გამოტანილი მაქვს 8 ბანკიდან და ისე ვიხდი. ერთხელ გადმოგდებულ, მიტოვებულ ემიგრანტებს კიდევ ასე გვამწარებენ, დაგვეხმაროს სახელმწიფო ახლა მაინც.

45 წლის ვარ, 5 წელი უნდა ვიხადო ეს თანხა, მეგონა რამე მეშველებოდა ქირით ვცხოვრობ. რატომ არავის ვეცოდებით?

არ ვიცოდი ეს ტანჯვა და შრომა ასე თუ დაგვიფასდებოდა სახელმწიფოსგან.


ძნელია ემიგრანტების ამ სევდიან ისტორიებს უემოციოდ შეხვდე, თუმცა კიდევ უფრო ძნელია გაიმეტო ისინი იმაზე მეტი ტანჯვისათვის, ვიდრე ეს სამშობლოდან და საყვარელ ადამიანებთან განშორებაა... თუმცა, ეს მოხდა, ისინი გაწირეს და თან უვადო დროით...

თუმცა ამ პრობლემას მხოლოდ ემიგრანტები არ გადააწყდნენ. იგივე სახის წინააღმდეგობები შეხვდა „სვეტისგან“ საქართველოში მცხოვრებ გიორგი საათაშვილსაც, რომელმაც ბინის შესაძენად სესხი აიღო და სხვებივით მოტყუებული დარჩა.

„2016 წელს „სვეტის“ რეკლამა ვნახე, გარკვეული თანხა მქონდა და მივედი ჭყონდიდელის ქუჩაზე არსებულ სააგენტოში, რომელიც იმავე კორპუსის გვერდზე იყო, სადაც ბინა შევიძინე. შევარჩიეთ ბინა, გავაფორმეთ განვადება, ყველა შესაბამისი დოკუმენტი და შევთანხმდით. გადავრიცხე თანხა – 10 000$ „საქართველოს ბანკში“ ხოლო შემდგომ, ეტაპობრივად – 7 000$ (ჯამში 17000$), რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც, რა თქმა უნდა, მაქვს.

დაპირებები, რომელიც ხელშეკრულებაში იყო, მოიცავდა იმას, რომ დროზე დასრულდებოდა მშენებლობა(2017 წლის ბოლოს იყო ბოლო ექსპლუატაცია). პერიოდულად ვურეკავდი პასუხისმგებელ პირებს და ხან ამბობდნენ რომ შეფერხებები იყო, ხან არასაკმარისი მასალა სამუშაოდ, თუმცა მაიმედებდნენ, რომ ყველაფერი მოესწრებოდა. საბოლოოდ, მივედი კომპანიაში და განვაცხადე, რომ უნდა შემეჩერებინა გადახდა, რადგან ჩემი მოვალეობა მოვიხადე, რასაც კომპანიაზე ვერ ვიტყოდი. „სვეტი“ აგრძელებდა სხვადასხვა სახის დაპირებას, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე არაფერი შეიცვალა უკეთესობისკენ. გაიწელა სასამართლო პროცესებიც და ამასობაში უამრავი პრობლემა შემექმნა, რადგან თანხა, რომელიც ჩავდე ბინის შესაძენად, ვისესხე“, - აღნიშნა საათაშვილმა „დრონი.ჯი“-სთან საუბარში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100