ბოიკოტი გულშემატკივარს - რა მიზანი აქვს ხაბარელის მიერ მართულ აქციებს?

ძიუდოს ფედერაცია კვლავ ყურადღების ცენტრშია. დეპუტატი შოთა ხაბარელი, ზვიად ზვიადაური და მათი კლანის წარმომადგენლები, ამჯერად ფედერაციის იმ პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ, რომელიც წლების წინ, თავადვე ჩამოიყვანეს კანადიდან... 

რა ხდება ძიუდოს ფედერაციაში? 

ძიუდოისტთა ნაწილი, რომლის უკან ხაბარელ-ზვიადაურის კლანი დგას, ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას უშედეგოდ ითხოვს. 

ხაბარელის ფინანსური ინტერესების გამო, ძიუდოისტთა ნაწილმა ტატამი მიატოვა და ქუჩაში "ჭიდაობს" ისე, რომ ვეტერანი და სახელოვანი სპორტსმენების გაკვირვებასა და ზოგიერთ შემთხვევაში, აღშფოთებას იწვევს.

ეს მაშინ, როდესაც ნაკრები ამ წუთებში კორეაში იმყოფება და მორიგი შეჯიბრებისათვის ემზადება. 

კორეაში მყოფ ძიუდოისტთა აზრით: "აქციების რეალური ორგანიზატორები პატივს არ სცემენ გულშემატკივარს, რადგან პროცესები, დარბაზიდან ქუჩებსა და მიტინგებზე გადაიტანეს". 

რატომ და ვის ებრძვის ხაბარელი? 

შოთა ხაბარელი ამჟამად დეპუტატია. ის სპორტისა და ახალგაზრდობის თავმჯდომარის მოადგილეა და მუდმივ კავშირზეა იმ სპორტსმენებთან, რომლებსაც "არაფრის გაგონება არ სურთ, ქევხიშვილის გადადგომის გარდა". 

მიუხედავად იმისა რომ სპორტსმენებს ყველა პრობლემის მოგვარება შესთავაზეს, ისინი მაინც ჯიუტად ითხოვენ ფედერაციის არჩეული და ლეგიტიმური პრეზიდენტის გადადგომას, რომელმაც წლებია, საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა ძიუდოს განვითარებას.


მეტიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ქევხიშვილი საკმაოდ "კერკეტი კაკალი" აღმოჩნდა და არ დაემორჩილა ხაბარელისა და მის უკან მდგომი კლანის არალეგალურ მოთხოვნებს, რაც გახდა კიდეც მასთან დაპირისპირების მთავარი საფუძველი. 

უნდა ითქვას რომ ხაბარელს, ძიუდოში მუდმივი ინტერესები აქვს. თუ ის ახლა ქევხიშვილს ებრძვის, იყო დრო, როდესაც მაგალითად, დილარ ხაბულიანს უპირისპირდებოდა. დაპირისპირების მიზეზი კი, ყველა შემთხვევაში თითქმის ერთია - ინტერესები.

შოთა ხაბარელი, კითხვაზე: რატომ ერევით ძიუდოს ფედერაციის შიდა საქმეებში, ბრაზდება და კითხვის ბოლომდე მოსმენის გარეშე უარყოფს ყველაფერს, ავტომატურად... 

როგორც ჩანს, ბატონი ხაბარელი დღეს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება რომ ჟურნალისტებს ბოლომდე არც უსმენს, ისე იწყებს თავის მართლებას.

თუმცა, სამწუხაროა რომ დაპირისპირებამ, რომელიც მის ბიზნეს-ინტერესებს უკავშირდება, ძიუდოს ოჯახში ბზარი შეიტანა. 


ცნობილ მოჭიდავეთა ნაწილი, დღეს, მეგობრობის, ხაბარელის, ერთმანეთის ხათრით... ვარჯიშებზე არ დადის და ამით, თუნდაც უნებურად, ქვეყანასა და გულშემატკივარს უცხადებს პროტესტს.

არადა, ყველამ კარგად ვიცით რომ სპორტსმენების ადგილი ქუჩებში კი არა, დარბაზებსა და გულშემატკივრების გულებშია და სამწუხაროა რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება, ვიღაცის კერძო ინტერესებს ეწირება.

კომენტარი