სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თაღლითობის მსხვერპლი ქალი აჭარის პროკურატურას მევახშეებთან გარიგებაში ადანაშაულებს

ფინანსური სიდუხჭირის გამო ჩვენს ქვეყანაში უამრავ ადამიანს (თითქმის სრულ უმრავლესობას) უწევს ბანკისგან სესხის აღება და შემდეგ წლების განმავლობაში ძალიან მაღალი პროცენტით გასტუმრება. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველო ის ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ბანკები გასესხებულ თანხებზე საკმაოდ დიდ პროცენტს იღებენ, რაც ჩვენი, მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის ფონზე სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თუმცა, მეორე უკიდურესობაა, როდესაც ბანკი კონკრეტულ პიროვნებებზე სესხს არ გასცემს და ეს ადამიანები იძულებულები არიან კერძო გამსესხებლისგან, ე.წ. „მევახშისგან“ ითხოვონ თანხა. სწორედ ამის შემდეგ იწყება ყველაზე უარესი - უკეთეს შემთხვევაში თანხას იმაზე მეტი პროცენტი ემატება, ვიდრე ბანკიდან სესხების შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა მსესხებელი პირი თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეს და დაკარგოს ყველაფერი, რაც გააჩნია. სწორედ ასე დაემართა ჩვენი ისტორიის გმირს, აჭარელი ჯეირან მემიშიშს, რომელმაც ბანკისგან უარის შემდეგ გადაწყვიტა კერძო პირისთვის მიემართა. როგორც თავად ქალბატონი ჯეირანი აღნიშნავს, ადამიანი, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა, საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენია და არც უფიქრია, რომ ისიც სხვა მევახშეების მსგავსად მოიქცეოდა:

-ეს ამბავი უკვე ორი წელია პროკურატურაში მიდევს, 2014 წლიდან ვარ თაღლითობის მსხვერპლი. მეუღლეს აქვს სიმსივნე და არ მქონდა საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით ჩამეტარებინა მკურნალობის კურსი მისთვის. ბანკმა სესხის მოცემაზე უარი გვითხრა. შემდეგ ახლობელმა მირჩია, მიმემართა ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის, დავით შეყლაშვილისთვის, რომელიც თბილისიდან იყო ჩამოსული და ბათუმში ჰქონდა სამშენებლო კომპანია. მითხრა, რომ ის უპროცენტო სესხს მომცემდა. მივაკითხე მას უზარმაზარ ოფისში. ერთი შეხედვით საკმაოდ სერიოზული კომპანია ჩანდა. დაველაპარაკე და მითხრა, რომ პრობლემა არ იყო, მომცემდა უპროცენტო სესხს იმ შემთხვევაში, თუ ბინას მინდობილობით გავუფორმებდი. შემპირდა, რომ არც გაასხვისებდა და არც ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენებდა, უბრალოდ გარატნია ჭირდებოდა, სანამ სესხს არ დავუბრუნებდი.

-ქალბატონო ჯეირან, ეჭვი არ გაგიჩნდათ, უპროცენტო სესხის მოცემაზე რომ დაგთანხმდათ?

-არანაირი, იმდენად სერიოზული პიროვნება ჩანდა და ისე მესაუბრებოდა, ეჭვის შეტანის საფუძველი არ მქონია. დიდი ოფისი ჰქონდა, რამდენიმე მდივანი ჰყავდა, იურისტები, სამი ტენდერი ჰქონდა მოგებული, საკმაოდ წარმოსადეგი ადამიანი იყო. თან, ისეთ გასაჭირში ვიყავი, ვენდეთ მას. მინდობილობა ორ დღეში გაგვაკეთებინა, თავისივე ნაცნობ ნოტარიუსთან, ლელა ჭედიასთან. ჩვენი სახლი ბათუმში და მიწა კვარიათში ერთად ჩავდეთ, დაგვპირდა 20 ათას დოლარს და ისიც ორი თვის მანძილზე ნაწილ-ნაწილ მოგვცა, თანაც მხოლოდ 17 ათას რვაასი დოლარი. მინდობილობის მიცემიდან ერთი თვის შემდეგ, აგვისტოში რაღაც საბუთი დაგვჭირდა რეესტრიდან, მივედით და ვნახეთ, რომ ჩვენი ქონება ჩატვირთული აქვთ თბილისელ მევახშეებს, გაფორმებული იყო სამ პიროვნებაზე, ამაში აიღო სოლიდური თანხა 75 ათასი დოლარი სესხის სახით, რომელიც შემდეგ არ გადაიხადა. ამ მევახშეებიდან ერთ-ერთმა, ხათუნა თოფურიამ გაიტანა აუქციონზე ჩვენი ქონება და თვითონვე შეისყიდა 22 250 ლარად. ამგვარად, ის გახდა ჩემი ქონების მეპატრონე. ამის შემდეგ მოვიდა აღსრულება და გვითხრა, რომ სახლი, სადაც ვცხოვრობთ, უნდა დაგვეცალა, რადგან სხვისი საკუთრება იყო. მივმართე პოლიციას, რომელმაც გადაგვამისამართა პროკურატურაში, დიდი გაჭირვების მიუხედავად ავიყვანეთ ადვოკატი, შევიტანეთ საჩივარი და წელიწადნახევარი იძიებდნენ ჩვენს საქმეს. პროკურორმა საჩივრის შეტანისას აღნიშნა, კარგი ქენი, ჩვენთან რომ მოხვედი, რადგან დიდი ხანია მასზე გასვლა გვინდა და ვერ გავდივართო. არა ერთ საქმეზე ამხილეს და მისი დაჭერა გვინდაო. მომამაგრეს უძლიერესი გამომძებელი სულიკო ვარშანიძე, რომელმაც პირველივე დაკითხვაზე მითხრა, რომ პროკურატურა დიდი ხანია მასზე ნადირობსო. მოულოდნელად, ერთი წლის შემდეგ საქმე ჩერდება და სასამართლომდე ვერ მიდის.

-რა მიზეზით შეჩერდა გამოძიება?

-პროკურორს რომ მივაკითხე, მითხრა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა მის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მე დავით შეყლაშვილის უამრავი ჩანაწერი მაქვს ტელეფონზე საუბრისა, სადაც მეუბნება, რომ „ფეხებსაც ვერ მოვჭამ“, რადგან პარლამეტშიც თავისი კაცი ჰყავს და აჭარის პროკურატურაშიც, მაინც არ გამოდგა ეს მტკიცებულებად. ჩვენს გარდა ძალიან ბევრი ადამიანი გახდა თაღლითობის მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩა დავით შეყლაშვილის გამო. პრეზიდენტს ხელში მივეცი ჩემი წერილი, პრემიერსაც თავად გადავეცი, აჭარის მთავრობა და გამგეობა არ მღებულობს, ყველა დეპუტატს გავუგზავნე წერილი, არავინ მაქცევს ყურადღებას. შარშან 11 მაისს გაიცა ოფიციალური ბრძანება ჩემი გამოსახლების, მაგრამ არ გავდივარ სახლიდან. ჩემს მეუღლეს შვიდი ოპერაცია აქვს გაკეტებული, მესამე სტადიის სიმსივნე აქვს, ყველანი უმუშევრები ვართ, ოჯახში შვიდი სული ვართ, სამი პატარა ბავშვი გვყავს, არსად წასასვლელი არ გავქვს. არსად გავალ აქედან, ეს არის ჩემი სახლი, არავის წინაშე მიმიძღვის ბრალი, დავუბრუნებ შეყლაშვილს ვალს მას შემდეგ, რაც ჩემს ქონებას დავიბრუნებ. პროკურატურა არ მღებულობს, ოცი განცხადება მაქვს დაწერილი და ვერ შევაღწიე მათთან. გამოდის, რომ შეკრულები არიან თაღლით დავით შეყლაშვილთან.

დრონი.ჯი დაუკავშირდა პროკურატურას კომენტარისთვის, რომელიც საქმის ვითარებაში გარკვევას დაგვპირდა, თუმცა ნახევარდღიანი ლოდინის შემდეგ პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100