სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 წელი ბესლანის ტრაგედიიდან

1-3 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთში ბესლანის ტრაგედიის წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება.

დღეს, დილის 09:00 საათიდან #1 დანგრეული სკოლის კედლებს ყვავილებით შეამკობენ და სანთლებს აანთებენ. დაღუპულთა ხსოვნას ალანიის ხელმძღვანელი, ხელისუფლების წარმომადგენლები და რესპუბლიკის სტუმრები მიაგებენ პატივს.

3 სექტემბერს კი მემორიალურ საფლავზე, "ანგელოზების ქალაქში", სადაც ტერაქტის მსხვერპლნი განისვენებენ, სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს ტერორისტულმა დაჯგუფებამ, რომლის წევრთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, ქალაქ ბესლანში №1 სკოლის მოსწავლეები მძევლად აიყვანა. ბოევიკებს სკოლის შენობაში 1200 მძევალი - ბავშვები, მათი მშობლები და მასწავლებლები სამი დღის განმავლობაში ჰყავდათ. სკოლის აღება რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა სცადა. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 350 მძევალი დაიღუპა. როგორც ცნობილია, მოკლულთა ნახევარი სკოლის მოსწავლე იყო.

სპეცოპერაციის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. მოკლულ იქნა 31 ტერორისტი, 1 კი ცოცხლად იქნა აყვანილი. ნურპაშ კულაევს სასამართლომ 2006 წლის მაისში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ ცოცხლად გადარჩენილი ყოფილი მძევლები ორგანიზაცია "გოლოს ბესლანაში" გაერთიანდნენ და ტერაქტის სამართლიან და ობიექტურ გამოძიებას დღემდე კატეგორიულად, თუმცა უშედეგოდ მოითხოვენ. ტერაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ორგანიზაციის დამფუძნებელი ელა კასაევა და მისი თანამოაზრეები რუსმა სამართალდამცველებმა ექსტრემიზმში დაადანაშაულეს.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება "გოლოს ბესლანას" პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100