საპატრიარქოს წარმომადგენელი: რისი კომენტარი მოგცეთ? მომისმინეთ...

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ თემას, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას.

საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს პოზიცია, რომელსაც საპატრიაქრო, ოკუპანტი რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მარიონეტული რეჯიმის მიერ გატაცებული და წამებით მოკლული ქართველი ჯარისკაცის ირგვლივ დააფიქსირებს.

სწორედ ამის გასარკვევად, დრონი.ჯი-მ საპატრიარქოში დარეკა. ჩვენ მის წარმომადგენელს, მაია მუხიაშვილს ვესაუბრეთ...

- არჩილ ტატუნაშვილის მვლელობასთან დაკავშირებით რატომ არ გაავრცელა განცხადება საპატრიაქომ?

- თქვენ რა გაინტერესებთ? ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მეუფე ანდრია, პატრიარქის დავალებით იმყოფებოდა ამ ოჯახში და თუ გნებავთ, დაუკავშირდით.

„საპატრიარქო რატომ არ ავრცელებს განცხადებას“ - ეს, მე მგონი, არასწორი ინტერპრეტაციაა. პრესსამსახურში კი, სხვა ნომერზე უნდა დარეკოთ (დავრეკეთ და არ გვიპასუხეს).

- უბრალოდ, საპატრიარქოს პოზიცია გვაინტერესებდა...

- ხოდა გეუბნებით. პოზიციას გეუბნებით, თუ თქვენ გნებავთ რომ ფურცელზე დაწერილი მოგცეთ ვინმემ? ამას ეძახით პოზიციას?

- არა ფურცელზე დაწერილი არა, კომენტარი სრულიად საკმარისი იქნება.

- რისი კომენტარი მოგცეთ? მომისმინეთ, დაუკავშირდით მეუფე ანდრიას, რომელიც ბრძანდებოდა ამ ოჯახში. მეტი კომენტარი... რა იგულისხმება, მე არ ვიცი.

დრონი.ჯი ეცადა დაკავშირებოდა მეუფე ანდრიას, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. ვერ დავუკავშირდით საპატრიარქოს კიდევ ერთ წარმომადგენელს, მამა დავით შარაშენიძესაც.

იმ შემთხვევაში, თუ მეუფე ანდრიასთან დაკავშირება შევძელით, მის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარი