"მიწევს ჯოჯოხეთურ ფიქრებთან გამკლავება, ვნერვიულობ, ჩემმა 7 წლის გოგომ თქვენი ღვარძლით სავსე კომენტარები არ იკითხოს"

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს: "მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფების და გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან პირადად ჩემზე, ჩემს თანამებრძოლებზე და მეგობრებზე მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს.

წლების განმავლობაში ერთმანეთის მხარდამხარ ამომდგარი თბილისის წვრილი ბურჟუაზია და რეგრესული ძალები, რომლებსაც საზოგადოების მშენებლობისთვის თითი თითზე არ დაუდიათ, გამუდმებით ცილსგვწამებენ თითქოს ნარკოპოლიტიკის სფეროში პირადი ინტერესები გვამოძრავებს, ვახდენთ ნარკოტიკული საშუალებების რომანტიზებას, მოხმარების პროპაგანდას, უფრო მეტიც, ვართ "ნარკო-პრიტონების" (?) მფლობელები და ნარკო-კარტელების მაყურებლები.



ამას ემატება ისიც, რომ რეფორმაში ჩართული რამდენიმე ადამიანი 2013 წლიდან თბილისის საკლობო სცენას წარმოვადგენთ, იმ სცენის რომელმაც თბილისს საერთაშორისო მასშტაბით უდიდესი აღიარება მოუტანა და მართული ძალების მხრიდან ყოველდღიურად გვიწევს ჩვენს საყვარელ საქმიაობაზე უამრავი სიბინძურის, სტერეოტიპის და შანტაჟის ენის მოსმენა.



უამრავი ფაქტი არსებობს ნარკოპოლიტიკის ცვლილებას 2006 წლიდან ვითხოვთ, მას შემდეგ რაც წინა ხელისუფლებამ ნულოვანი პოლიტიკის გატარება, ჩადებების პრაქტიკების გახორციელება, მომხმარებლების უვადო პატიმრობით დასჯა, საპატიმროებში მათი წამება და საპროცესო გარიგებებშ მათი ოჯახებიდან კოლოსალური თანხების ამოღება დაიწო - დიახ, ნუ დაგვავიწყდება, რომ 2012 წელს "სისტემის ნგრევას" და პოლიტიკის ცვლილებას სწორედ ეს ადამიანები ვითხოვდით.



11 წელია ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - არ დაისაჯოს მომხმარებელი. ნარკოპოლიტიკის საკითხები კრიმინალის სფეროს ნაცვლად ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებად უნდა განიხილებოდეს ანუ ნარკოტიკის მოხმარების პრობლემას სახელმწიფომ უნდა უპასუხოს არა სადამსჯელო მექანიზმებით, არამედ სამკურნალო, ზიანის შემცირების და პრევენციული ღონისძიებებით.



ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ვახორციელებთ, რომლის შედეგად ასობით მოქალაქე უნდა გათავისუფლდეს საპატიმრო და პირობითი სასჯელისგან , უნდა შემცირდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების რიცხვი და პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა, უნდა აღმოიფხვრას ავად მოხმარების პრაქტიკა, დაიკლოს ზედოზირებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ, შემცირდეს ვირუსული ინფექციების გავრცელების რისკები.



მუდმივად აღვნიშნავთ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა არ გულისხმობს ნარკოტიკების საჯარო გაყიდვებს, ნივთიერების თრობის ქვეშ ავტომობილის მართვას, საჯარო მოხმარებას, გამსაღებებლთან ლიბერალურ მიდგომებს, ამასთან ერთად ყოველთვის ხაზს ვუსვამთ რომ ნარკოტიკული საშუალებები ადამიანის ჯანმრთელობის აყენებს ზიანს და გამოსავალს მხოლოდ პრევეციული მიდგომების დანერგვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესში ვხედავთ. მაგრამ საზოგადოების ნაწილი მაინც ჯიუტად, არგუმენტების გარეშე, ფაქტების დამახინჯებით ცდილობს ჩვენს მიწასთან გასწორებას და ცილისწამებას.



ამ ყველაფრის შემდეგ "აზრის გიგანტებთან" მიჩნდებ რიტორიკული კითხვა, რატომ ვიმსახურებთ ამხელა აგრესიას, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა გაქვთ თუ უბრალოდ, ძალიან ბოროტი ადამიანები ხართ და უდანაშაულო ადამიანების ჩაქოლვა სიამოვებას განიჭებთ?



პირადად მე ყოველი ტელე-ეთერის შემდეგ მიწევს ჯოჯოხეთურ ფიქრებთან გამკლავება და იმაზე ნერვიულობა, რომ ჩემმა 7 წლის გოგომ თქვენი დაუნდობელი, ღვარძლით სავსე კომენტარები და სტატუსები არ იკითხოს: “ბასიანის ერთერთი დამაარსებელია. ნარკოტიკებს ეტრფის და უნდა თავისი შვილიც ესე იყოს და მთელი საქართველოც…” ან Dali Sajaia: qali rom narkotikis momxrea kundzulzea gadasasaxlebeli, dasacvavi xar” - კი, მე შვილი მყავს, რომელსაც დაბადებიდან იმას ვასწავლი რომ ადამიანი არ დაჩაგროს, არ გარიყოს, რაც არ უნდა გაბრაზდეს აგრესიით არ უპასუხოს, არ დააბრალოს ის რაც დაზუსტებით არ იცის, მითუმეტეს მოკვლით, დაწვით და "ჩაძაღლებით" არ დაემუქოს.



მესმის და კარგად მაქვს გააზრებული აქტივიზმის ყველა სირთულე, თუ როგორი ძნელია ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, როგორი საშიშია სიმართლისთვის ქუჩაში დგომა, 2005 წელს ორი ადამიანისგან შემდგარი აქციის ჩატარება, როგორი დაუცველი ხარ როდესაც 7 თვის ფეხმძიმეს დანებით შეიარაღებული მრევლი მოგსდევს, იმიტომ რომ შენი მეგობრის წიგნი არ მოეწონათ და ეს ყველაფერი განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ქალი ხარ, გყავს შვილი, გაქვს შენი საყვარელი საქმე ... მაგრამ ერთ დღესაც ხვდები, რომ შენი პროფესიული განვითარებისთვის ან უბრალოდ მშვიდი ძილისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს შენი გულწრფელი ბრძოლა ადამიანის უფლებებისა და მათი კეთილდღეობისთვის.



როგორც ამ ქვეყნის დიდი გულშემატკივარი, ყველას ვსაყვედურობდი, რომ გაქცევა არ არის გამოსავალი, მაგრამ სხვა გამოსავალს მეც კი ვეღარ ვხედავ. უკვე აღარ მიკვირს ამ ქვეყნიდან რატომ გარბიან, არა იმიტომ რომ ქვეყანაა ცუდი, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი არის კაცობრიობისთვის საშიში ვნებებით შეპყრობილი, რომლებსაც ადამიანების წყევლის, წამების და ტანჯვის მოტანის გარდა, არაფერი შეუძლია.



თუ კი იბრძვი ადამიანის უფლებებისთვის, კეთროვანი ხდები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.

პ.ს ბექა, გამოდი მალე".

კომენტარი