ნიუ-იორკში მყოფ ქართველებს “აირინმა” 90-იანი წლების თბილისი გაახსენა

სოციალურ ქსელებში და, განსაკუთრებით, “ფეისბუქზე” რომ ნებისმიერი ინფორმაცია უფრო ადრე ვრცელდება, ვიდრე მის შესახებ ცნობას თუნდაც მსოფლიო საინფორმაციო საშუალებათა მეტრები გამოაქვეყნებენ, არაერთხელ დადასტურებულა. სწორედ ამიტომაც, სულ ცოტა ხნის წინ, საინფორმაციო საშუალებები შეთანხმდნენ და დაასკვნეს: “ფეისბუქი” ჩვენი უშუალო კონკურენტია”.

ათადან და ბაბადან ასე იყო, რომ კონკურენტთან ან უნდა ითანამშრომლო, ან უნდა ჩაძირო. რახან მეორეს მაინც ვერ მოახერხებდნენ, საინფორმაციო საშუალებებმა პირველი - თანამშრომლობა სცადეს - გახსნეს ფან-პეიჯები, გამოქვეყნებულ ინფორმაციას სასწრაფოდ აზიარებენ სოციალურ ქსელში... ყველაზე პირველი, ვინც სოციალური მედიის როლი სწორად შეაფასა და ადეკვატურადაც მოიქცა, “ვაშინგტონ პოსტის” რედაქცია იყო, რომელმაც ახალი შტატი დაუშვა: სოციალური მედიის რედაქტორი...

აშშ-ში დროებით თუ დიდი ხნით წასული ქართველები სწორედ "ფეისბუქის" მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ ოჯახის აქაურ წევრებს და მეგობრებს, პასუხობდნენ უამრავ შეკითხვას ნიუ-იორკში არსებული მდგომარეობის შესახებ.

რომ არავინ იფიქროს, ქართველები მხოლოდ სხვა ქვეყნის უბედურების ჟამს ხუმრობენო, გავიხსენოთ რამდენი, ანეკდოტად ქცეული, მაგრამ რეალურ ყოფასთან მისადაგებული და რეალურად ნათქვამი ფრაზა გვახსოვს სამოქალაქო დაპირისპირების, აფხაზეთის ომის, “მხედრიონის” ზეობის, თვით 9 აპრილის შემდეგაც კი და მერე ისევ ნიუ-იორკს და იქაური ქართველების ფეისბუქ-აქტივობას დავუბრუნდეთ.

რა თქმა უნდა, სახუმაროდ არავის ეცალა მანამ, სანამ არ გამოცხადდა, რომ ტროპიკული ქარიშხალი, რომელსაც თავდაპირველად, საშიშროების ხუთბალიანი შკალიდან მეოთხე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული, “ჩამოალაბორანტეს” და პირდაპირ პირველ კატეგორიაში უკრეს თავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტროპიკული ქარიშხალი შტორმად გადაიქცა.

აშშ-ში მყოფი ის ქართველები, რომლებიც “ფეისბუქზე” არიან რეგისტრირებულნი და რომლებიც მანამდეც მხიარული სტატუსებითა და კომენტარებით გამოირჩეოდნენ, ხუმრობის ხასიათზე სწორედ ამის შემდეგ დადგნენ:

“ქალებო, ქმრები გადამალაეთ, წუნკალი ირინე მოდის!..” - ასე ორიგინალურად “ამცნო” ერთ-ერთმა, აშშ-ში მყოფმა ქართველმა მანდილოსანმა საშიშროების მოახლოება მათ, ვინც ჯერ არ იცოდნენ, რომ მეგაპოლისს ქარიშხალი უახლოვდებოდა (თუმცა, ასეთი, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნებოდა).

ქარიშხლის მოლოდინში გატრუნულ ნიუ-იორკთან დაკავშირებით ბოლო ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა მედიასაშუალებაში სხვადასხვაგვარად მახვილგონივრული შედარებები გაჩნდა. მათგან ყველაზე ეფექტური, ალბათ, “ქალაქი-მოჩვენება” იყო - მართლაც, არავის ახსოვს ასე დაცარიელებული და გაუკაცრიელებული იმ ქალაქის ქუჩები, რომელზეც სრულიად სამართლიანად ამბობენ, რომ არასდროს სძინავს. მაგრამ ნიუ-იორკის თბილისთან შედარების “ნოუ ჰაუ”, რა თქმა უნდა, სწორედ ქართველებს ეკუთვნით:

“ჩემი კარგად დავიწყებული თბილისი გამახსენდა, 90-იანებში”, - წერდა ერთ-ერთი, ნიუ-იორკში მყოფი ქართველი საკუთარ ფბ-კედელზე, - “მაშინაც სწორედ ასე ვისხედით სიბნელეში, სწორედ ასე ვიმარაგებდით წყალს ყველანაირ ჭუეჭელში, სწორედ ასე ვუსმენდით რადიოს და სწორედ ასე გვეშინოდა ქუჩაში გასვლის. განსხვავება მხოლოდ სახელებშია: მაშინ ჩვენს შიშს ჯაბა ერქვა, ახლა კი ირინე ჰქვია”.

ქარიშხლამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკს მიწისძვრა დაატყდა თავს, ერთ-ერთი ქართველი, ლამის იყო, პირდაპირ რეპორტაჟს უძღვებოდა საკუთარ კედელზე: “ძლიერი რყევა იყო, ჭაღი ახლაც ქანაობს”; “ფანჯრიდან ვხედავ, ხალხი როგორი არეული დარბის ქუჩაში”, - ხოლო შეკითხვაზე, თვითონ რატომ დარჩა სახლში, ქართველმა ქალბატონმა ასე უპასუხა: “თავდაპირველად გაქცვევა დავაპირე, მაგრამ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც უკვე ზღურბლთან მდგარ მიქელ-გაბრიელს თბილად ავუწიე ხელი და კომპიუტერს მივუჯექი...”

მას შემდეგ, რაც საშიშროებამ გადაიარა, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით ქუთაისიდანაა, საკუთარ კედელზე წერდა: “ეს რა იყო... ამის როგორ ეშინოდათ, ასეთი hurricane ყოველდღეა ქუთაისში”. “და პლატოზეც...” - დაამატა კომენტარში თბილისელმა...

ასე იყო თუ ისე, მსოფლიო მეგაპოლისში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. “აირინმა” ნიუ-იორკი და ვაშინგტონი “მოითარეშა” და კანადას მიაშურა.

კომენტარი