ASB საქართველო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად, მიწისძვრის ევაკუაციის სიმულაციას ჩაატარებს

კამპანიის „ჩვენ მზად ვართ“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო), მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59), მიწისძვრის ევაკუაციის სიმულაციას ჩაატარებს.

აღნიშნული სიმულაცია ჩატარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჩართულობითა და ტექნიკური მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში მოხდება უნივერსიტეტის სრული ევაკუაცია.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“.

პროგრამის მთავარი მიზანია: კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

1996 წელს დაწყებული კატასტროფის რისკისადმი მზაობის ECHO–ს პროგრამა (DIPECHO) წარმოადგენს ECHO–ს კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური მცდელობის მთავარ კომპონენტს, რომელზეც 325 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროგრამის მთავარი მიზანია საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და მოწყვლადობის შემცირება. DIPECHO არის ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეხმარება კატასტროფის რისკის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას ტრენინგის საშუალებით კატასტროფისადმი მზაობის გაძლიერებაში, ასევე ადრინდელი შეტყობინების სისტემების დანერგვაში და გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ რეაგირების დაგეგმვაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების, ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას.

კომენტარი