თბილისმა მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

თბილისში სტარტი აიღო სპორტული ტურიზმის Sportway Tourism ორდღიანმა საერთაშორისო კონფერენციამ, რომლის მონაწილეებიც რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ევროპის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სხვა ქვეყნების სპორტული ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ.

კონფერენციის გახსნის ცერემონიალს თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე,პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში განვითარდეს სპორტული ტურიზმი. წელს საქართველომ 13 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში. ეს იმაზე მეტყველებს საქართველო საერთაშორისო სპორტულ რუქაზე თავის ადგილს იმკვიდრებს“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ღონისძიება საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თბილისში ამ დონის ღონისძიება პირველად ტარდება. დარწმუნებული ვარ, უცხოელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამის წყალობით მომავალ წელს ჩვენ ქვეყანას შვიდი მილიონი ტურისტი ეწვევა", — აღნიშნა დავით ნარმანიამ.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს 5 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც 18,9%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. მათგან 2,5 ათასი ტურისტი იყო, რაც 29,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით,” - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

კონფერენციაზე განიხილეს თემები, როგორიცაა მოვლენათა გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, ტერიტორიული მარკეტინგი, რეგიონის განვითარება მოვლენების შექმნის საშუალებით, ბრენდირებული მოვლენების შექმნა და განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტეგრაცია სპორტული და სხვა სახის მოვლენების ორგანიზებაში და სხვა.
კონფერენციის სპიკერები იყვნენ მსოფლიოში აღიარებული, უდიდესი სპორტული და ივენთ კომპანიების ხელმძღვანელები, ოლიმპიადების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები, როგორებიც არიან, ელჩინ საფაროვი – ევროპული და ისლამური თამაშების ოპერატიული დირექტორი, ანდრეი ბარანნიკოვი (CEO spn communications), იური სტროფილოვი (CEO stro.run), ვლადიმერ ვოლოშინი (CEO Newman sports and consulting), ლუის სილვა (CEO Bluerock), ანდრეი კავუნ (CEO Ironstar), იგორ სტოლიაროვი (CEO Eventica), აჰმედ იბრაჰიმ (Dubai Sports Cauncil) და სხვა.

Sportsway Tourism მოწვეულ სტუმრებს მისცა შესაძლებლობას მოესმინათ და მიეღოთ მონაწილეობა საინტერესო თემების დაგეგმვაში, წარედგინათ ორგანიზაციის საქმიანობა, მიეღოთ მონაწილეონა b2b შეხვდრებში და ა.შ

კომენტარი