მოსკოვმა მდიდრების რიცხვით ნიუ-იორკს გაუსწრო, ოღონდ, ღარიბთა ხარჯზე

როგორც პოლონური გაზეთი ,,პოლიტიკა“ წერს, საღამოობით მოსკოვში, კუტუზოვის პროსპექტზე ნელა მოძრაობენ ქვეყნის მდიდარი ადამიანების მანქანები. ამ ძვირადღირებულ მანქანებს ხშირათ დაინახავთ სუპერმარკეტ ,,აზბუკა ვკუსას“ წინ გაჩერებულს. აქ შეგიძლიათ შეხვდეთ რუსეთის ვიცე პრემიერს, განათლების მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრსა და კიდევ ,,ბევრი სხვა რამის“ მინისტრებს. ეს არ არის უბრალო სუპერმარკეტი, ის მარტო მდიდრებისთვისაა განკუთვნილი და ისეთი სიძვირეა, რომ საშუალო შემოსვლების მქონე მოქალაქე აქ ერთ პურზე მეტს ვერაფერს იყიდის. თუმცა, რუსეთის მინისტრებსა და ჩინოვნიკებს სულაც არ ეძვირებათ, როდესაც აქ ერთ კილო ჩინურ ყურძენში 3900 რუსულ რუბლს იხდიან (დაახლოებით 240 ლარი), 100 გრამ კრევეტის სალათში 700 მანეთს, ხოლო ერთ ცალ თეთრ პურში 300 მანეთს (18 ლარი). საკონდიტრო განყოფილებაში ახლადგამომცხვარი ტორტები აწყვია, რომელთა საწყისი ფასი რამდენიმე ათასი რუბლიდან იწყება, ხოლო ღვინის განყოფილებაში ისეთი სიძვირეა, რომ ოქროს საკრედიტო ბარათის გარეშე იქ შესვლა სისულელეა.

პოლონური გაზეთის ჟურნალისტის თქმით, ამ სუპერმარკეტში ყველაფრის ყიდვა შეიძლება. აქ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოტანილი პროდუქტი იყიდება, რომელიც პარიზელებს, ნიუ–იორკელებსა და ტოკიოელებს არც კი დაესიზმრებათ.

მიუხედვად იმისა, რომ სუპერმარკეტში ყველაფერი ძვირია, მდიდარი მოსახლეობა არ წუწუნებს. ,,რუსეთის მდიდრებში“ სიძვირეზე წუწუნი და ტირილი, ცუდ ტონად ითვლება (მდიდრები ხომ მხოლოდ სიყვარულზე ტირიან). სუპერმრკეტის პერსონალის ღიმილი, მარტო მდიდარი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

ჟურნალისტის თქმით, რუსეთში საშუალო ფენა არ არსებობს, აქ არიან მდიდრები და ღარიბები. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მდიდრების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ამის დასადსტურებლად მას სოციოლოგისა და დიმიტრი მედვედევის მრჩევლის ევგენი გონტმახერის სიტყვები მოჰყავს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთში მდიდრების რიცხვი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.

,,კრიზისიდან ერთი წლის შემდეგ, მოსკოვში მილიარდერების რიცხვმა 21 დან 79–მდე იმატა. ამ მონაცემებით რუსეთის დედაქალაქმა ნიუ–იორკს გაუსწრო. ჩვენი ქვეყანა ჩინეთს მაგონებს, სადაც განვითარებული დიდი ქალაქების გვერდზე პატარა, ღარიბი სოფლებია, რომელთა მოსახლეობას ექიმიც კი არასოდეს უნახავს,“–განაცხადა სოციოლოგმა.

პოლონელი ჟურნალისტის თქმით, მდიდრების რიცხვი და შემოსავალი თუ იზრდება, ღარიბების პირიქით, კლებულობს. რუსეთში ბევრი ისეთი მოქალაქეა, რომელსაც დღეში ერთი პურის საყიდელი ფულიც არა აქვს და მისი შემოსავალი იმდენია, რამდენსაც მდიდარი რუსი ერთ პურში ,,აზბუკა ვკუსაში“ დახარჯავს.

,,როგორც რუსები ამბობენ, მოსკოვი– რუსეთი არ არის. ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებნი ხუმრობენ, ქალაქელების შემოსავალი მათ ტელეფონის ნომრებს უტოლდება. ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რუსეთის პერიფერიებსა და სოფლებში მასწავლებლების ხელფასი 8–9 ათასი რუბლია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი კვალიფიციურია. რუსეთში, თვეში 7–8 ათასი მანეთის შემოსავლების მქონე ადამიანი, ღარიბად ითვლება. სოციოლოგების გამოთვლებით, რუსეთის მოსახლეობის 30 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება,“–ნათქვამია სტატიაში.

კომენტარი