ლონდონში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება

ლონდონის დასავლეთ რაიონში უკვე რამდენიმე საათია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი Grenfell Tower იწვის და ხანძრის ლიკვიდირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. როგორც BBC იუწყება, დარუპულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, თუმცა საბოლოო რაოდენობა ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ლონდონის სახანძრო სამსახურში ზარი ღამის პირველ საათზე განხორციელდა და საცხოვრებელი კორპუსის ხანძრის შესახებ ცნობაც ამ დროს შევიდა.

საცხოვრებელი კორპუსი 24 სართულიანია. როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, მასში იმ დროისთვის 600 ადამიანი უნდა ყოფილიყო. 50 ადამიანი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველები ყვებიან, რომ უამრვი ადამიანი დაინახეს, რომლებიც ფანჯრიდან ხტებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. ლონდონის მერმა სიდიკ ჰანმა ამ ხანძარს უკვე მიანიჭა განსაკუთრებით საგანგებო შემთხვევის სტატუსი.

Grenfell Tower 1974 წელს აშენდა. მასში 130 საცხოვრებელი ბინაა. როგორც მეზობლები აცხადებენ, კორპუსში რემონტი მიმდინარეობდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ლონდონის პოლიციის უფროსმა სტიუარტ კანდიმ მოუწოდა ხალხს, რომ შემთხვევის ადგილიდან რაც შეიძლება მოშორებით დაიჭირონ თავი.

როგორც სახანძრო სამსახურის უფროსმა დენი კოტონმა განაცხადა, ეს უპრეცედენტოდ მასშტაბური ხანძარია მისი 29 წლიანი მუშაობის განმავლობაში.

კორპუსის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც ხანძარს დროზე დააღწიეს თავი, აღნიშნეს, რომ Grenfell Tower-ის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მწყობრში არ იმყოფებოდა და შეკეთებას საჭიროებდა.

კომენტარი