სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იქს-ფაქტორის" გაბრაზებული მონაწილე - ირაკლი იოსავა პროექტის შესახებ ალაპარაკდა

ირაკლი იოსავა ფართო საზოგადოებამ იქს-ფაქტორიდან გაიცნო. მისი მხიარული ნომრის ფონზე დარბაზიც და ჟიურიც გახალისდა, თუმცა სტეფანემ გადაწყვიტა, სიმღერა შეეწყვეტინებინა, რადგან ნომერი არა საკონკურსო იყო და რეალურად შეუძლებელი იყო მასში შემსრულებლის მონაცემების დანახვა. საბოლოოდ, კონკურტსანტმა ჟიურისგან ოთხი არა მიიღო და დატოვა პროექტი.

ირაკლი იოსავა დრონი.ჯი-დაუკავშირდა და გადაწყვიტა გაემხილა, თუ რა ხდებოდა იქს-ფაქტორის კულისებში და რა ვითარებაში მოუწია მას მონაწილეობის მიღება.

- რუსთავი 2-ის წარმომადგენლები თავად დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს პროექტში მონაწილეობა. სოციალურ ქსელში ვტვირთავდი ჩემს ვიდეოებს და საერთო ნაცნობებისგან მიპოვეს, დამიბარეს და მითხრეს, რომ მონაწილეობის მიღების შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნებოდა და სანერვიულო არაფერი მქონდა, ამის შემდეგ მომაწერინეს კონტრაქტზე ხელი, რომლის მიხედვითაც არ უნდა გამეწია წინააღმდეგობა მათ მიერ შერჩეულ სიმღერებზე, ნომრებზე და ა.შ

- სიმღერა თავად შეგირჩიეს პროექტის წარმომადგენლებმა?

- კი, სიმღერა მათი შერჩეული იყო და თან მპირდებოდნენ, რომ ძალიან მომგებიანი იქნებოდა, სხვა სიმღერაზე არაფრით დამთანხმდნენ. ეს მიმდინარეობა არანაირად არ ზის ჩემში და ვიცოდი, რომ არ გამომივიდოდა კარგად, თუმცა მაინც დაჟინებით მოითხოვდნენ ჩემგან მის შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტის მიხედვით 10 000 ლარს გადამახდევინებდნენ.

- რა პერიოდი გქონდა მის მოსამზადებლად, რამდენი დღით ადრე გაიგე, თუ რომელი სიმღერის შესრულება მოგიწევდა?

- სულ რაღაც ორი დღით ადრე მითხრეს, რეალურად ვერანაირად ვერ გავითავისე და ისედაც არ მომწონდა ის, რასაც ვმღეროდი.

- ყველა კონკურსანტის რეპერტუარში ერეოდნენ პროექტის წარმომადგენლები? ვგულისხმობ მათ, ვინც გადავიდნენ მომდევნო ეტაპებზე

- ზოგს შეურჩიეს, ზოგს არა. ჩემსავით ბევრს მოექცნენ ასე - რეპერტუარის არასწორად შერჩევის გამო ბევრი დარჩა პროექტის მიღმა.

- როგორ ფიქრობ, რა იყო მათი მიზანი?

- ალბათ შოუს დადგმა, შოუში კურიოზული ელემენტების შეტანა.

- რატომ დათანხმდი კონტრაქტზე ხელის მოწერას, მასში ხომ ეწერა, რომ თავად შეგირჩევდნენ სიმღერას, თუ ეს საჭირო გახდებოდა, არ გიფიქრია, რომ შეიძლებოდა შენთვის არასასურველი სიმღერა შეერჩიათ?

- კი, ეგეც ვიფიქრე, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი დაბალი დონის სიმღერას მამღერებდნენ. ასეთ რაღაცას ნამდვილად არ ველოდი.

დრონი.ჯი დაუკავშირდა რუსთავი 2-ის გაყიდვებისა და მედიასთან ურთიერთობის მენეჯრს სალომე ლილუაშვილს კომენტარისთვის:

- ძალიან არასერიოზულია ამაზე საუბარი, როდესაც ზრდასრული ადამიანი, რომელმაც იცის რომელ პროექტში მივიდა, კონტრაქტზე მოაწერა ხელი, ფილარმონიის დიდ სცენაზე უნდა იმღეროს, ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის ეთერით უნდა გავიდეს, ამ პირობებს დათანხმდეს ან როგორ შეიძლება ამ ვინმემ რაიმე სიმღერის დაჟინებით შესრულება მოსთხოვოს. ერთია, როცა ეჭვექვეშ დააყენა რეპერტუარი, მაგ შემთხვევაში ჩაერევიან, თუმცა ასეთ უსაფუძვლო ბრალდებაზე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100