"მე-6 ან მე-7 კლასში ვიყავი პირველად უცნობმა მამაკაცმა ქუჩაში მკერდზე ხელი რომ მომიჭირა და ... "

პირველად ალბათ მე-6 ან მე-7 კლასში ვიქნებოდი, ზაფხულში ქუჩაში მიმავალს ჩემკენ დიდი სისწრაფით წამოსულმა უცნობმა მამაკაცმა მკერდზე ხელი რომ მომიჭირა და სანამ აზრზე მოსვლა და ამ კაცის დაფიქსირება მოვასწარი, სადღაც გაქრა. მაშინ ძალიან გავბრაზდი პირველ რიგში ამ კაცზე, შემდეგ ჩემს უუნარობაზე, მერე მთლიანად სამყაროზე და სიბრაზისგან სუნთქვაშეკრულმა და გაწითლებულმა გავაგრძელე გზა.
მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ წარმომიდგენია ჩემი თავი ისევ იმ სიტუაციაში - 10 წლის შემდეგ, ნეტავ რას გავაკეთებდი, ისევ ისე თუ იმოქმედებდა, ისევ თუ დამამახსოვრებოდა ის ადგილი და ტანსაცმელი, რაც მეცვა, ან უბრალოდ რომ შევსწრებოდი ამ ამბავს, რას ვუპასუხებდი და ა.შ. ზოგადად ალტერნატიულ რეალობებზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ფიქრისგან სიამოვნებას კი არ ვიღებ, ჩემდაუნებურად ნეიტრალური რობოტი ვხდები, რომელიც თავდაცვის მექანიზმივით რაღაცას აშენებს თავის გარშემო, სადაც ერთდოულად არის პატრულის ნომერი, მომარჯვებული ტელეფონი, საკუთარი პროფესია, ემა ვოთსონის ან მიშელ ობამას სფიჩებიდან მიღებული მოტივაცია, რამდენიმე აუცილებელი ტყუილი, მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლება, საჭირო შემთხვევაში დამჭირდეს. დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს გამოვიყენებ, მშვიდად ვუბრუნდები ხოლმე რეალურ ცხოვრებას. ამ რეალურ ცხოვრებაში, რეალურ ადამიანს, ანუ მე, რეალურ ადგილას ანუ მეტროში, რეალურ დროს, ანუ საღამოს 9 საათზე ძალიან რეალური ისტორია შემემთხვა, როცა ვიღაც ზრდასრულმა ბიჭმა ჩამიარა და ხელი მომადო, მომითათუნა და ოდნავ მომარტყა კიდეც ტრაკზე. იმ მომენტში მეგონა, რომ მთელი ეს “შავი დღისთვის” გადანახული ცოდნა დამავიწყდა, რამდენიმე წამი რეაქცია არ მქონდა, მერე ერთდროულად გამახსენდა ყველაფერი და ამ ბიჭს გავეკიდე. შემდეგი კადრი ის იყო, რომ ამ ბიჭს ყველაფერს ვუყვიროდი, რაც გონებაში მომდიოდა, უნამუსო, უზრდელი, არაკაციდან დაწყებული სხვა ეპითეტებით დამთავრებული. თან ხმა მიკანკალებდა, ვატყობდი, რომ ძალიან არაადეკვატური ვიყავი, მაგრამ ეგ ყველაზე ბოლო იყო, რაც იმ მომენტში მადარდებდა. პარალელურ რეჟიმში გარშემო მოგროვებული ხალხის მასიდან ვიღაც კაცი გამოვიდა და ჩემთან ერთად დაუწყო ამ ბიჭს ყვირილი, რაზეც კიდევ უფრო მეტი ხალხი მოგროვდა და მეც კიდევ უფრო მივხვდი, რაც მოხდა, ძალაც მომემატა და ამჯერად პოლიციაც ჩავრთე საუბარში, რომელსაც იქაც ვეძებდი, მაგრამ არ იყო ან იყო, მაგრამ არ მოვიდა. მალე ჩემ თვალწინ მომღიმარი მოძალადე, რომელიც იქამდე აგდებული მზერით იყურებოდა და თავს უაზროდ იმართლებდა, დაპატარავდა, შეეშინდა და გაიქცა. მალე მოვიდა მატარებელი, ისევ სიბრაზისგან სუნთქვაშეკრული და სახის ნაკვთების გასწორების მცდელობაში დაღლილი შევედი ვაგონში. ამჯერად, ჩემი თავის ნაცვლად მხოლოდ იმ ადამიანებზე გავბრაზდი, ვინც უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ ამ ისტორიას არ დაიჯერებდნენ, როგორც არ სჯერათ ხოლმე ზოგადად არასასურველი ფაქტების(!), რადგან ასე უფრო მარტივი და კომფორტულია.


მარიტა მაზანიშვილი

კომენტარი