სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ - სელფის, ჰაშთაგის, გალერის, დახეული ჯინსის, ყელიანი როლინგის, კედების თაობა დავიმსახურებთ ყველაზე ფასეულ ტაშს.. დაგვიანებით...

ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა“, - ჯერ კიდევ როდის ამობდა ამ სიტყვებს ილია.

რა მიმართულება ჰქონდათ ამ ათი წლის წინათ ჩვენს ახალგაზრდებს? რას სწავლობდნენ ისინი რუსეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და რას ვსწავლობთ დღეს ჩვენ ? რა პრიორიტეტებით ვამართლებთ საკუთარ ნაბიჯებს? საიდან მოვდივართ და რისკენ მივდივართ ? რა შემატეს მათ მშობელ ქვეყენას და რას ვმატებთ ჩვენ ? დიახ, ეს ის მარადიული კითხვებია, ცვლადი პასუხებით, რომლებიც მამათა და შვილთა თაობას ერთიანად აფორიაქებს. სელფის, ჰაშთაგის, ინსტაგრამის, სნეფჩათის, GEM-FEშთ-ის, გალერის, დახეული ჯინსის, უგისა და ბენსიმონის, ომბრეს, სომბრესა და შატუშის, გაწეწილი თმის, დრედების, სკეიდის, ლამბერსექსუალების, ყელიანი როლინგის, რეიბანის, ალტერსოქსის, ტატუს, პირსინგისა და კედების უკან იმალება პროგრესულად მოაზროვნე, რევოლუციური, ფერადი თაობა.

სავარაუდოდ,ზემოაღნიშნული აბზაცის წაკითხვისას, ზოგს გაეღიმება, ზოგი დაფიქრდება, ზოგს გაოცებისაგან პირიც დარჩება ღია,ზოგიც კითხვას შეწყვეტს, ვიღაცის გულში იმედი გაჩნდება, ვიღაცას ცინიკურად ჩაეცინება და ფეისბუქის სქროლვას განაგრძობს, ვიღაც იფიქრებს ამ სტატიის დამწერს მეტი საქმე არ ჰქონდაო ან ამის დამწერს ტაბურეტკა გაეკეთებინაო. თუ ეგ სხვა რამეზეა...

ნუ მოკლედ, ბევრი განსხვავებული აზრი რომ მოჰყვება ეგ ზუსტად ვიცი და ისიც ვიცი, რომ ვერც ერთი ვერ იპოვის პასუხს კითხვაზე: და მაინც რატომ ვართ ჩვენ, ახალი თაობა, პროგრესულად მოაზროვნე, რევოლუციური და ფერადი?! აქსიომა სულაც არაა, მაგრამ ჩვენ შევქმენით მზიურის ახალი თაობა, ტალახში ერთიანად ამოსვრილები ვუვლიდით ქალაქს. ის თაობა ვართ, რომელმაც 115-ე აუდიტორია შექმნა, ის თაობა ვართ, რომელიც უფლებებისთვის, ტოლერანტობის იარაღით იბრძვის. ის თაობა, რომელსაც არ ეშინია. რისი?! საკუთარი თავის, მიზნებისა და მისწრაფებების. ჩვენ არ გვეშინია „ჩხუბის“ და კამათის, რადგან ვიცით და გვესმის, რომ ხშირად ჭეშმარიტება სწორედ მაშინ აღმოჩინდება, „როდესაც ორი ან მეტი, ერთმანეთის მოპირდაპირე აზრი შეებმიან და დაეტაკებიან ერთმანეთს.“ შორს არ წავსულვარ, უახლოესი წარსულია, რომელსაც ასე გამალებით მისტირის აწმყო.

თერგდალეულები არ მოსწონდათ მათ თანამედროვეებს, არც თვითფრინავის ბიჭებს შეხვედრილან აპლოდისმენტებით. რთულია აწმყოს აწმყოშივე დააფასებინო აწმყო, ამიტომ არც ჩვენ გვაქვს იმის ილუზია ,რომ გაიგებენ,რომ მიიღებენ და დააფასებენ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ახალი მზიური ახლა ასე უფრო ლამაზია, რომ განათლების რეფორმა მაინც იქნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ და ტოლერანტობა ჩვეულებრივი მოვლენა იქნება.

მახსოვს რამდენიმე დღის წინ სპექტაკლზე ვიყავი, როგორც კი დამთავრდა ეგრევე ტაში დავუკარი და უკანმოუხედავად გამოვბრუნდი უკან - არ მახსოვს სპექტაკლის სახელი. კიდევ უფრო დიდი ხნის წინ, სპექტაკლზე ვიყავი, როგორც კი დამთავრდა სულ არ მახსოვდა რომ ტაში უნდა დამეკრა, ფეხზე ადგომაც კი ვერ მოვიფიქრე... დამაფიქრა... და ეს ტაში იყო დაგვიანებული, მაგრამ ყველაზე ფასეული - მე არ დამავიწყდება ამ სპექტაკლის სახელი.

არ იყო ეს ლირიკული გადახვევა უადგილო, ზუსტად ვიცით, ჩვენ, სელფის, ჰაშთაგის, ინსტაგრამის, სნეფჩათის, GEM-FEშთ-ის, გალერის, დახეული ჯინსის, უგისა და ბენსიმონის, ომბრეს, სომბრესა და შატუშის, გაწეწილი თმის, დრედების, სკეიდის, ლამბერსექსუალების, ყელიანი როლინგის, რეიბანის, ალტერსოქსის, ტატუს, პირსინგისა და კედების უკან მდგომმა პროგრესულად მოაზროვნე რევოლუციურმა, ფერადმა თაობამ რომ დავიმსახურებთ ყველაზე ფასეულ ტაშს.. დაგვიანებით...

ნინი ტაველიძე სპეციალურად დრონი.ჯი-სთვის

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100