სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხარვეზები რაც არის, უნდა გამოააშკარავდეს - ირაკლი მეძმარიაშვილი სამართლებრივ დავას აგრძელებს

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ლერი ხაბელოვისთვის გამარჯვების მილოცვისა, ის ხარვეზები რაც არჩევნებზე დაფიქსირდა, უნდა გამოააშკარავდეს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულო არ არის არცევნების შედეგებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი.

„არავის გვიხარია ის სიტუაცია, რაც ახლა ხდება, თუმცა სპორტულ სამყაროში ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ახლა, ჩვენ ამ გარკვევის პროცესში ვართ. ნაკლოვანებები და ხარვეზები რაც არის, უნდა გამოააშკარავდეს. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ ლერი ხაბელოვისთვის გამარჯვების მილოცვას, ეს წესია რომ გამარჯვებულს დამარცხებული ულოცავს. დღესაც ვამაყობ ამ საქციელით, თუმცა ეს არ გვიზღუდავს იმის უფლებას, რომ გავარკვიოთ სიმართლე“,- აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის ინტერესების დამცველის როინ მიგრიაულის განმარტებით, ირაკლი მეძმარიაშვილმა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, თავისი უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო, რადგან მან ჩათვალა, რომ 23 დეკემბრის არჩევნებით, მისი უფლებები დაირღვა.

„ეს ფაქტი მოპასუხე მხარისათვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა რატომღაც მიიჩნია, რომ სარჩელით კომიტეტის მუშაობას საფრთხე დაემუქრა. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შესაბამება. ბატონმა ირაკლიმ შეიტანა სარჩელი და მასთან ერთად გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც გულისხმობს კონკრეტული უფლებამოსილების აკრძალვას იმ პირებისათვის, რომლებიც ირაკლი მეძმარიშვილის ვარაუდით, არასწორად აირჩიეს. 23 დეკემბრის ოქმი რომ არ გასაჩივრებულიყო, თანამდებობის პირებს, რომლებიც აირჩნენ, შეეძლოთ ამ ოქმის მონაცემები რეესტრში დაერეგისტრირებინათ. ჩვენს სარჩელში აპელირებას ვაკეთებთ იმ ფაქტზე, რომ არაუფლებამოსილმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა და მთლიანად არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არის. ჩვენ საუბარი გვაქვს რამდენიმე სუბიექტზე და მათ მიერ წარდგენილ დელეგატებზე, რომლებიც დარღვევით მონაწილოებდნენ სესიაზე. თუ ეს სასამართლოზე დადასტურდა, ოქმი გაბათილდება“,- განაცხადა როინ მიგრიაულმა.

იურისტმა აქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ წესდებასა და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა შეჩერდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100