თიბისი ბანკის ანგარიში საზოგადოებას

თიბისი გალერეაში შეკრებილ მედიას და საზოგადოების წარმომადგენლებს, თიბისი ბანკმა განხორციელებული CSR - პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თიბისი ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა; CSR ინვესტიციების და პოლიტიკის მხრივ, თიბისი ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორებიც არიან Barclays, HSBC, Deutche Bank და სხვები.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ სფეროებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ითვალისწინებს, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესოა. ამ მხრივ, თიბისი ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები მრავალფეროვანია - ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარება, კულტურა, ხელოვნება, სოციალურად აქტუალური თემები, რაგბის პოპულარიზაცია და სხვ.

ქართული ბიზნეს სექტორისთვის სიახლეა ისიც, რომ კერძო კომპანია საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს სოციალური პასუხისმგებლობის ქოლგის ქვეშ განხორციელებული პროექტების შესახებ. როგორც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, თიბისი რეგულარულად შესთავაზებს საზოგადოებას ამგვარ ანგარიშს, რითაც პროცესის გამჭირვალობას უზრუნველყოფს.

„თიბისელობა არ ნიშნავს იყო მხოლოდ ჩვენი ბანკის თანამშრომელი, ჩვენ თიბისელად მიგვაჩნია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენს ხედვას და ღირებულებებს იზიარებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველას სოციალური პასუხისმგებლობა გვაერთიანებს, თითოეული თქვენგანი თანამონაწილეა იმ კარგი წამოწყებებისა, რომელსაც ერთად ვახორციელებთ,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე.

თიბისი გამოირჩევა თანამშრომლებზე ორიენტირებული სოციალური პროექტებითაც - პროფესიული განვითარების პროგრამები, რომელიც უცხოეთში სწავლას მოიცავს, თიბისი აკადემია, ფონდი „თიბისელები თიბისელებისთვის“ , მრავალშვილიანების ფინანსური წახალისება და სხვ.

პრეზენტაციაზე შეკრებილ ადამიანებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ვიდეორგოლი, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი ინიციატივა მოხვდა, რომელიც 2015-2016 წლებში თიბისის მხარდაჭერით შედგა. განხორციელებული პროექტები ბანკისთვის პრიორიტეტულ 4 მიმართულებაში გაერთიანდა: ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი თაობა, კულტურა და რაგბი.

თიბისი ბანკი მომავალშიც გააგრძელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას, 2017 წლის აქცენტები კვლავ იქნება ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი თაობა, კულტურა და რაგბი.

კომენტარი