სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დირსი - მოლოდინზე ნაკლები, მაღალი ფასი და უხარისხო რემონტი...

კომპანია დირსი, თავის სარეკლამო რგოლებში მომხმარებელს სხვადასხვა სახის მიმზიდველ ვერსიას სთავაზობს ბინის შეძენის სანაცვლოდ. მისი სარეკლამო რგოლები კი გვამცნობენ რომ ის, რასაც დირსი გვთავაზობს, სიგიჟეა, თუმცა, რეალობა...

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა კომპანიის მიერ გახმოვანებული ზოგიერთი დეტალი და დაგვეზუსტებინა, თუ როგორ და რა მდგომარეობაში ხდება ამა თუ იმ ბინის გაყიდვა.

მაშ ასე, ვრეკავთ დირსის ოფისში და ვესაუბრებით ქალბატონ ნინიას...

პირველი იმედგაცრუება, რაც ქალბატონ ნინიასთან საუბრისას აღმოვაჩინეთ, იყო ბინის ფასი...

თურმე, ერთი კვადრატული მეტრი, 500 დოლარად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ, თუ ბინა გაურემონტებელი და ე.წ. „თეთრი კარკასი +“.

ხოლო ერთ კვადრატულ მეტრში მინიმუმ 500 დოლარის გადახდა, დირსის არც თუ მომხიბვლელი მდებარეობისა და კომპლექსის სიშორის გამო, სულაც არ გამოიყურება მიმზიდველად.

თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი: ქალბატონი ნინია გვთავაზობს რომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაყიდვების მენეჯერს დაგვაკავშიროს. ჩვენი თანხმობის შემთხვევაში კი, ზარს ქალბატონ გვანცასთან ამისამართებს.

გაყიდვების მენეჯერი გვანცა გვეუბნება რომ სტუდიური ტიპის გარემონტებული 3 ოთახიანი (95კვ.მ) ბინის შეძენა 730-740 დოლარად შეგვიძლია. ხოლო ისეთი 3 ოთახიანის, რომელსაც იზოლირებული სამზარეულო აქვს - 670 დოლარადაა შესაძლებელი.

ქალბატონ გვანცას ვეკითხებით, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება სიტყვა „გარემონტებულში“ და რამდენად გვაქვს უფლება, რემონტის მიმდინარეობისას დიზაინი ჩვენი სურვილისამებრ შევცვალოთ.

აი, აქ იწყება საკმაოდ მოულოდნელი ისტორია: ქალბატონი გვანცა, პირდაპირ გვიცხადებს რომ სარემონტო მასალები არ არის მაღალი ხარისხის და მაგალითად: „შპალერის“ იმედი არ უნდა გვქონდეს.

ასევე, ქალბატონი გვანცა გვეუბნება რომ რემონტი საბაზისოა და კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, დიზაინში ჩვენი ჩარევა შეუძლებელია, რადგან ყველა ბინა ერთნაირია.

„თქვენი სურვილის მიხედვით ვერ შეგიცვლით დიზაინს, რადგან ჩვენ ბინები უკვე გარემონტებულია და შემდეგ ვყიდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელს გაურემონტებელი ბინის შეძენა სურს“, - ამბობს ქალბატონი გვანცა - დირსიდან.

ე.ი. თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ არც თუ მაღალი ხარისხის მასალებისგან გარემონტებული ბინის ერთ კვადრატულ მეტრში 670-740 დოლარი და კომპანიის მიერ ორგანიზებული რემონტის მიმდინარეობისას არ შეგიძლიათ განახორციელოთ დიზაინის კორექტირებაც კი, რადგანაც ბინები უკვე გარემონტებულია.

გაყიდვების თანამშრომლებისგან ვიგებთ იმასაც რომ ბინის ფასი მერყეობს მისი ფართის, სართულის, მდებარეობისა და „გაშლის“ მიხედვით და მასზე არანაირი ფასდაკლება არ ვრცელდება.

შესაბამისად, იქ მისული მომხმარებელი, რომელსაც მანამდე ნანახი და მოსმენილი აქვს დირსის „სახარბიელო შეთავაზებები“, სრულიად სხვა რეალობას აღმოაჩენს.

ამიტომ, საკითხავია, ფასთა სხვაობის, უხარისხო რემონტისა და კომუნისტური „საერთო საცხოვრებლების“ მსგავსად ერთნაირი რემონტ-დიზაინის გათვალისწინებით, დარჩება თუ არა, მომხმარებელს ლამის რუსთავში მდებარე დირსის კომპლექსში ბინის შეძენის გიჟური სურვილი, როცა რეალობა სულ სხვაა?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100