ქართული ფილმის პრემიერა THE BAFTA QUALIFYING AESTHETICA FILM FESTIVAL-ზე

ნინო შაბურიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის "სტუმარი" მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festival-ზე შედგება.კინოფესტივალი 3 ნოემბერს ქალაქ იორკში გაიხსნება, ფილმი "სტუმარი" კი დრამის კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი.
The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festival (ASFF) დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც ბრიტანული კინოაკადემიის მხარდაჭერით ტარდება.ფილმი 10 წლის ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულის არდადეგების დადგომას სხვა ბავშვების მსგავსად არ ელოდება. მისთვის ზაფხული ზღვის სანაპიროზე ყოველდღიური მუშაობაა.ფილმის მთავარი გმირი ოჯახის დასახმარებლად ზღვის სანაპიროზე მოხარშულ სიმინდს ყიდის, სადაც საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულ ფრანგ სტუმრებს გაიცნობს.ფილმი სწორედ იმ ემოციებსა და შეგრძნებებზე მოგვითხრობს, რომელიც ბავშვში სტუმრების გამოჩენამ გამოიწვია.
ნინო შაბურიშვილი 2011 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. "სტუმარი" რეჟისორის პირველი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც წელს კანის კინოფესტივალის ფარგლებში Short Film Corner-ზე იყო წარმოდგენილი.ფილმს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზიც აქვს მოპოვებული.


კომენტარი