სახალისო ისტორიები და გალაკტიონის ერთი ლექსი

გაქანებული საბჭოთა პერიოდია. მწერალთა კავშირში გამოაცხადეს, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, პოლიტაგიტატორი მოვიდოდა და ლექციას წაიკითხავდა. რა თქმა უნდა, დასწრება სავალდებულო იყო. მწერალთა კავშირის დარბაზის გასასვლელთან პოლიტაგიტატორის თანმხლები პირები დააყენეს, რათა დარბაზიდან „მწერლების“ გაპარვა არ დაეშვათ. ლექცია დაიწყო, მაგრამ დასრულებას პირი არ უჩანს.

პოლიტაგიტატორმა პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვით დაიწყო, იმპერიალიზმი ერთი კუბოდან მეორეში გადაასვენა, დაასაბუთა, რომ სსრ კავშირმა, კარგა ხანია, გაუსწრო ამერიკას და ბოლოს სოციალისტურ პოეზიაზე, საბჭოთა სულისკვეთებით გაჟღენთილ ლექსებზე დაიწყო საუბარი. ტარიელ ჭანტურიამ, რომელიც სკამზე კარგა ხნის წინ აწრიალდა, ვეღარ მოითმინა, წამოხტა და აგიტატორს ლექსპრომტი სტყორცნა: „რა დროს ლექსიაო, როცა მეფსიაო, აღარ დაამთავრე, შე ჩემა, ლექციაო?!.“

ალექსი ჭინჭარაული და ვახუშტი კოტეტიშვილი ერთ წვეულებაზე, ვიწრო კაბებში გამოკვართული რუსი მანდილოსნების გარემოცვაში მოხვდნენ. ალექსი ჭინჭარაულმა დრო იხელთა და ვახუშტი კოტეტიშვილს მიუექსპრომტა:
„ერთი შეხედე, ჩემო ვახუშტი, რა შთამბეჭდავად სდუმან დუმანი!“
ვახუშტი მაშინვე გაეპასუხა: „მზად ვარ, სუყველას თითო ვახიშტო, და დავურიგო თუმან–თუმანი!“

ედუარდ შევარდნაძის ზეობის დროა. ფილარმონიაში ტარდება საქართველოს „მოქალაქეთა კავშირის“ პირველი ყრილობა. იმ დროს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო, რუსეთი ხშირად აწყობდა პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე. ტრიბუნასთან მდგარმა პოეტმა რეზო ამაშუკელმა მაშინ ასეთი ფრაზა თქვა:

„...მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებს რუსეთის სახელმწიფო დუმა, მაგრამ ყველამ საკუთარ დუმას მოუაროს!..“, – ამ ფრაზის შემდეგ ყრილობა ცოტა ხნით შეწყდა, რადგან სახელმწიფოს მეთაური იმდენხანს იცინოდა, კინაღამ მოსაბრუნებელი გახდა. რა თქმა უნდა, „ბაბუს“ ხათრით მთელი დარბაზი ხარხარებდა, სანამ პირველმა პირმა ცრემლები არ მოიწმინდა და სერიოზული სახე არ მიიღო.

ალექსი ჭინჭარაულს ერთი კონკურენტი ჰყავდა კაფიაობაში – დავითი. ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ, ერთმანეთი „გაემწარებინათ“. ერთხელაც, სახლში მარტო დარჩენილმა ალექსიმ ხინკალი მოხარშა და ის იყო, აქაფქაფებულ ქვაბს თავი მოხადა, რომ მოულოდნელად თავზე დავითი წამოადგა. ალექსი ჭინჭარაულს ბევრი არ უფიქრია, მიიპატიჟა, ოღონდ ასე:

„დავითო, ხინკალ მიირთვი, შენამც გიტირე გამზრდელი!“

დავითმაც პასუხი არ დაახანა: „ცხელია, როგორ შევცვალო, ამას ვუტირე მამზელი!“

ალექსი ჭინჭარაულმა დილით ადრე, რუსთაველის პროსპექტზე რუს ლამაზმანთან ერთად მოსეირნე გურამ დოჩანაშვილი შენიშნა და მაშინვე გაურითმა:
„ნა პრასპეკტე რუსტაველი,
ვოზლე კაფე–რესტორანა,
გულიალი უტრომ რანა,
დოჩანა ი დოჩ ივანა!“

და ბოლოს, გალაკტიონის ერთი გამოუქვეყნებელი, ნაკლებად ცნობილი და ძლიერ სახალისო ლექსი:

„ოქროსყანელი ვარ მენახშირე,
ვირით თბილისში სვლა დავახშირე,
ჩემს შეძახილებს ისმენს გზა ხშირი:
„აბა, ნახშირი! კაი ნახშირი!“

მეც ავიკიდე, ვირსაც ავკიდე,
ცოტაღა დამრჩა, ბევრი გავყიდე,
როს აივნიდან ქალი თმახშირი,
ნაზად მეძახის: „რა ღირს ნახშირი?“

ვუთხარ: „აიღე, რაც კი დიდია,
სუყველა შენთვის მომიყიდია,
გინდ ის აიღე, ვირს რომ ჰკიდია,
გინდ ის აიღე, მე რომ მკიდია!“

ქალმა დამწყევლა ლამაზი პირით,
„ღმერთმა შენც მოგკლას და შენი ვირიც,
ჯანდაბაშიაც მიწამ გყოს პირი,
სულაც არ მინდა შენი ნახშირი!“

წყევლამ არ გასჭრა, მივალთ ტაატით,
მე და ეგ ჩემი დიდყურაანთი,
ჩემს შეძახილებს ისმენს გზა ხშირი:
„აბა, ნახშირი! კაი ნახშირი!..“

კომენტარი