სოფელ ზედა ჭარნალში ახალი სკოლა გაიხსნა

რეგიონს კიდევ ერთი ახალაშენებული სკოლა შეემატა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა ჭარნალში ახალი სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა საზეიმოდ გახსნეს.

ზედა ჭარნალის 100-მდე მოსწავლეს წლების განმავლობაში არასტანდარტულ, ავარიულ შენობაში უტარდებოდათ სასწავლო პროცესი. 2015 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა. ძველი სკოლის მიმდებარედ აშენდა ახალი, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შიდა სპორტული დარბაზით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლებიისათვის. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყო საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით.

ზედა ჭარნალის საჯარო სკოლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით აშენდა. ბათქაშის სამუშაოები შესრულდა ახალი ტექნოლოგიური დანადგარის მეშვეობით. სამშენებლო სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ბზა“. საერთო ღირებულბამ შეადგინა 469 993 ლარი.

ზედა ჭარნალის საჯარო სკოლაში სწავლობს 71 მოსწავლე, მათ შორის 8 პირველკლასელი. ზედა ჭარნალის სკოლაში დასაქმებულია 17 პედაგოგი.

სკოლის საზეიმო გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

კომენტარი