შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს გურია უმასპინძლებს

1,2 და 3 სექტემბერს, ოზურგეთსა და შეკვეთილში, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი წელს პირველად ,,Check in Georgia"-ს ფარგლებში ტარდება და გურია მასპინძლობს.

ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები. დიდ ქართულ სცენაზე 4 ქვეყანა, 24 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს წარმოგვიდგენენ. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში ჩატარდება და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას მოიცავს, კერძოდ - 1 და 2 სექტემბერს, ქართველი და უცხოელ ანსამბლებს ოზურგეთი უმასპინძლებს, 3 სექტემბერს კი გალა კონცერტი გაიმართება შეკვეთილში, ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში „Black Sea Arena”, რომელიც ამ ფესტივალის მხარდამჭერია.

ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპისთვის ეს არის ძალიან დიდი შედეგი და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან დღეს არსებული თანადგომა, ხელს შეუწყობს ფესტივალისთვის ყოველწლიური ხასიათის მიცემას და შემდეგ წლებში მეტი ქვეყნისა და ფოლკლორული ანსამბლის დაინტერესებას. აღნიშნული პროექტი ასევე დაეხმარება ქვეყნების დაახლოებას: მსოფლიო მასშტაბით ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშების პოპულარიზაციას, ასევე ქართველი მსმენელისთვის უცხოელი შემსრულებლების შემოქმედების უკეთ გაცნობას. ჩვენ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი მიზანი: ფოლკლორის პოპულარიზაცია და ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობა,“ - აღნიშნავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

“საინიციატივო ჯგუფის იდეა იყო ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქად გვექცია და მასზე ზრუნვა დავიწყეთ. სულ მალე გაიხსნება 4 სართულიანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა, რომელიც იქნება დასავლეთ რეგიონის ცენტრი. ნებისმიერ მსურველს, თავისუფალ დროს, შესაძლებელობა ექნება შეისწავლოს გურული სიმღერები. გარდა ამისა, შევქმენით ტურისტული მარშრუტები რეგიონში, ამით ხელს შევუწყობთ ფოლკტურიზმის განვითარებას. ჩვენი გურული ფოლკლორი უნიკალურია. საერთაშორისო ფესტივალი კი, იქნება პირველი ნაბიჯი ამ ჩვენი იდეის განხორციელებისა,“ - განმარტა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ.

ფესტივალის პროგრამა:

1 სექტემბერი, 12:00 სთ. - ოზურგეთი, „ჭადრების ბაღი“

ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“, „იადონი“, „რეხეული“, „ამაღლება“, „გურია“, „აცაურა“, „მხედრები“, ტრიო „ხელხვავი“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „შემოქმედი“; (დასწრება თავისუფალია)

2 სექტემბერი, 12:00 სთ. - ოზურგეთი, „ჭადრების ბაღი“

Quartet Nagelfluh – Switzerland, Su Cuncordu ‘e Sette Dolores – Sardinia, Italy, KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble–Turkey, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“, გოგონათა ანსამბლი „იალონი“, ლენტეხის ფოლკლორული ანსამბლი „ლაგუშედა“, ფოლკლორული ანსამბლი „შუახევი“, „ძველითაობა“; (დასწრება თავისუფალია)

2 სექტემბერი, 20:00 საათი - ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი

Quartet Nagelfluh – Switzerland, Su Cuncordu ‘e Sette Dolores – Sardinia, Italy, KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble–Turkey, ანსამბლები - „რუსთავი“, „ბასიანი“, მგალობელ მომღერალთა გუნდი „დიდგორი“, გოგონათა ანსმბლი „იალონი“, ლენტეხის ფოლკლორული ანსამბლი „ლაგუშედა“; (დასწრება თავისუფალია)

3 სექტემბერი, 20:00 საათი - შეკვეთილი, Black Sea Arena”

ანსამბლები - „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰო“, „ლაგუშედა“, „ფესვები“, „მარეთი“, უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“, Quartet Nagelfluh – Switzerland, Su Cuncordu ‘e Sette Dolores – Sardinia, Italy, KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble–Turkey. (ბილეთები იყიდება www.tkt.geზე, ასევე Black Sea Arena-ს სალაროებში.)

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და „Black Sea Arena”-ს მხარდაჭერით გაიმართება.

კომენტარი

×