სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალების წინადაცვეთა კავკასიაში

ორგანიზაციამ "რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა" გამოაქვეყნა შოკისმომგვრელი კვლევა, რომელიც დაღესტანში ქალების წინდაცვეთას ეხება. გაირკვა, რომ ერთიდან სამ წლამდე ასაკის გოგონებს აქ გენიტალიებს აჭრიან და კლიტორს აშორებენ - იმისთვის, რომ, როგორც ადგილობრივი რელიგიური ლიდერები აღნიშნავენ, ამით"მათი ქალური ვნება უნდა დაოკდეს". ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევის ჩატარება ძალიან რთული იყო. პოტენციურ რესპოდენტებს დამასახიჩრებელ ოპერაციებზე საუბარი არ სურდათ და ამ პრაქტიკას "პირად ცხოვრების ნაწილსა" და "რელიგიურ ტრადიციას" უწოდებდნენ. საბოლოოდ 19-დან 70 წლამდე ასაკის 25 ქალის დაყოლიება მოხერხდა. რესპოდენტ ქალებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სოციალური სტატუსები ჰქონდათ. წარმოდგენილნი იყვნენ: პენსიონერები, დიასახლისები, სტუდენტები, იურისტები, ინჟინრები, მასწავლებლები და სავაჭრო სფეროს თანამშრომლები. თითოეულ მათგანს წინდაცვეთის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. გაირკვა, რომ რესპუბლიკაში წინდაცვეთას ძირითადად მცირეწლოვან, სამ წლამდე ასაკის გოგონებს უტარებენ. ბავშვებს მთლიანად აცლიან ან უზიანებენ კლიტორს. ცენტრალური მეჩეთის იმამმა მოკლედ განმარტა, თუ რატომ ტარდება ეს ოპერაცია. "მთავარია, გოგონას სქესობრივი ლტოლვა და მგრძნობელობა მოესპოს." გაეროს გადაწყვეტილებასა და სხვა საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ქალის სქესობრივი ორგანოების დასახიჩრებას ასეთ კვალიფიკაციას აძლევენ: "საშინელი, ველური, მავნებელი, გაუკუღმართებული პრაქტიკა... მსგავსი ოპერაციების ჩატარება... დისკრიმინაციისა და ძალადობის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს. ასეთი ოპერაციებით ირღვევა [ქალების] ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ილახება ადამიანის უფლება, იყოს თავისუფალი წამებისგან, სისასტიკისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობისგან. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ოპერაციები სიკვდილით სრულდება, ადამიანის სიცოცხლის უფლებაც ირღვევა." ასეთია უფლებადამცველების შეფასება. რას ფიქრობენ გოგონების დამასახიჩრებელი წინდაცვეთის პრაქტიკის შესახებ თავად ქალები, ადგილობრივი ექსპერტები და ხელისუფლება? თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ ამ ტრადიციას მიესალმება. რესპონდენტების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ ქალიშვილებს უკვე ჩაუტარეს ეს პროცედურა - ან მომავალში ჩაუტარებენ. "ყველა მუსლიმ ქალს უნდა ჩაუტარდეს. ამის გარეშე მუსლიმი ვერ გახდები." "მე გამიკეთეს, მე კი ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს გავუკეთებ." შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რესპოდენტებისთვის წინდაცვეთის ჩატარება თემისადმი კუთვნილების აღიარებისა და დამტკიცების ნიშანს წარმოადგენს. გოგონას წინდაცვეთაზე წაყვანა ოჯახის რეპუტაციის განმტკიცებას და ამით გვარის გაგრძელების უზრუნველყოფას ნიშნავს. იშვიათ შემთხვევებში, რესპოდენტები საუბრობდნენ იმაზე, რომ ამ რიტუალის არშესრულების შესაძლებლობაც არსებობს: "ზოგიერთი არ იკეთებს წინდაცვეთას". მაგრამ მკვლევარები ასეთ პასუხებს იშვიათად იღებდნენ. ამ ტიპის მოსაზრებებს, ძირითადად, ბარში გადასახლებული და ეთნოსთაშორის ქორწინებაში მყოფი ქალები გამოთქვამდნენ - ან ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ჩამოშორდნენ დიდ ოჯახს.
ექსპერტები ექსპერტთა შორის ძირითადად ორგვარი რეაქცია გამოვლინდა. ზოგიერთი გაოცებული ისმენდა შეკითხვას ქალთა წინდაცვეთის შესახებ და ამბობდა, რომ მსგავსი არაფერი სმენია. სხვები კი აღშფოთებას გამოხატავდნენ: "ადამიანებს სიხარულს ართმევენ. ეს ველურობა და ბუნების საწინააღმდეგო ქმედებაა." სამედიცინო ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ეს სახიფათო და სასტიკი პროცედურაა. სასამართლოს სამედიცინო ექსპერტმა აღნიშნა, რომ ამ პრაქტიკას "შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების კვალიფიკაცია მიენიჭოს... არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდეს დასნებოვნებასაც; მით უმეტეს, თუკი არ არსებობს სანიტარული პირობები. ბიჭებთან დაკავშირებითაც კი იქმნება პრობლემები იმ შემთხვევებში, როდესაც წინდაცვეთას ექიმები არ აკეთებენ." იურიდიულ საკითხთა ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ "ეს არის ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ეს ლოკალური პრობლემაა და კანონით არ რეგულირდება". აი, ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრება: "მეგობრებისგან მსმენია... ამ პროცედურის შესახებ, - სქესობრივი ლტოლვის დაკარგვას იწვევსო." სახელმწიფო მოსამსახურეები მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოების ექსპერტ-თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მსგავს საკითხებზე არ მუშაობენ:"ისედაც ბევრი პრობლემაა." ქალთა ერთ-ერთ ორგანიზაციაში განაცხადეს: "ყველაფერს, რაც ყურანში წერია,... ჩვენს რელიგიაში, ჩვენ უსიტყვოდ, განხილვის გარეშე ვასრულებთ - ვისაც როგორ შეუძლია; ეს, შეიძლება ითქვას, რომ სასურველია, ძალიან სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი." რწმუნებულმა ბავშვთა უფლებების საკითხებში, ინტიზარ მამუტაევამ პრობლემასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: "განათლების სამინისტროსა და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართვა გავუგზავნეთ. განვაცხადეთ, რომ ეს... ბავშვთა უფლებების დარღვევაა და... ძალადობაა არასრულწლოვნების მიმართ." რელიგიური სტრუქტურები რესპოდენტებიც და ექსპერტებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ გოგონების წინდაცვეთა აუცილებელია იმიტომ, რომ ამას ისლამი ითვალისწინებს. მაგრამ რელიგიის ექსპერტების პასუხები არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. მაგალითად, სალაფიტური მეჩეთის იმამმა აღნიშნა, რომ "ეს აუცილებელი არ არის და წინააღმდეგობრივი საკითხია." კუმიკური მეჩეთის იმამმა ხაზი გასვა იმას, რომ ქალების წინდაცვეთა საჭირო არ არის. მისი თქმით, ეს პრაქტიკა არასასურველიც კია, რადგან ადამიანის ჯანრთელობისა და ორგანოების დაზიანება აკრძალულია. ამავდროულად, მაჰაჭყალის მეჩეთის იმამმა აღნიშნა: "ამის [წინდაცვეთის] არგაკეთება ცოდვაში ჩავარდნას ნიშნავს." კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ დამასახიჩრებელი ოპერაციების ჩატარების საკითხს მკაცრი ტაბუ ადევს, მაგრამ ოფიციალური და გავლენიანი რელიგიური ლიდერები ამ პრაქტიკას მხარს უჭერენ და მრევლთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ქალების წინდაცვეთა აუცილებელია. მოსკოველი ჩინოვნიკისა და ადგილობრივი რელიგიური ავტორიტეტის დიალოგი "კავკაზსკი უზელის" მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის აპარატთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა, ანიტა სობოლევამ და ჩრდილოეთი კავკასიის მუსლიმების საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარემ, ისმაილ ბერდიევმა დაუსწრებლად იმსჯელეს ქალთა წინადაცვეთის თემაზე. ანიტა სობოლევა: "ეს თემა ექსპერტთა ვიწრო წრეში უნდა განვიხილოთ, რათა ამ პროცედურის პოპულარობის ზრდა ავიცილოთ თავიდან... ეს ფარული პრობლემაა, რომელიც თემის საზღვრებს არ სცდება. არსებობს საშიშროება, რომ ამას რადიკალური თემების წარმომადგენელი მამაკაცები წაიკითხავენ და... ქალებზე ძალადობის კიდევ ერთი საშუალება გაუჩნდებათ. და ეს ჩვეულება იმ ადგილებშიც გავრცელდება, სადაც ქალების წინადაცვეთის პრაქტიკას ჯერჯერობით არ მიმართავენ." მან განაცხადა, რომ საკანონმდებლო აკრძალვით ამ ტრადიციის აღმოფხვრა ვერ მოხერხდება, რადგან წინდაცვეთა მშობლების თანხმობით ხდება. ისმაილ ბერდიევი სობოლევას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ "ეს კეთდება იმისთვის, რომ ოდნავ მაინც დაოკდეს ქალური ვნება. ეს რიტუალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა." სოციალური ქსელები ("კავკაზსკი უზელის" მონაცემებით) კვლევის შედეგების გამოქვეყნებამ დაღესტნურ საზოგადოებაშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: "არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ამბავი. 37 წელია, დაღესტანში ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მსმენია." "წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც ისლამთან არაფერი აქვს საერთო... ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს ჩვეულები ისლამის მიღებასთან ერთად დაინერგა". "ეს ბნელეთის მოციქულობის ერთეული შემთხვევებია." "შუასაუკუნეობრივი ველურობა 21-ე საუკუნეში. საშინელებაა." "ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ზოგჯერ გოგონები იხოცებიან, მაგრამ ისე ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100