სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: „პუტინი ღვთით მოვლენილია...“

„ვლადიმირ პუტინი რუსეთს ღმერთმა გამოუგზავნა“, – ამის შესახებ, „ლენტა.რუ“–ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა. სურკოვის თქმით, ამავე გზით აღმოჩნდა მიწაზე ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი, აჰმედ კადიროვიც.

„მე მიმაჩნია, რომ თუკი ერს ღმერთი საუკუნეების განმავლობაში არსებობას უსაზღვრავს, მძიმე დროს ის ამ ერებს უგზავნის მას, ვისაც შეუძლია ხალხის გამოყვანა ჩიხიდან, ომებიდან და უბედურებიდან“, – თქვა სურკოვმა ჩეჩნეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. – „ვთვლი, რომ აჰმედ–ჰაჯი ის ადამიანი იყო, რომელიც ღმერთმა ჩეჩენ ხალხს გამოუგზავნა“.

„გულწრფელად გეტყვით, პუტინიც იმ ადამიანად მიმაჩნია, რომელიც ღმერთმა რუსეთს ძნელბედობაში ყოფნის ჟამს გამოუგზავნა“, – დაასკვნა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, რომელიც რუსეთში ვლ. პუტინის მარჯვენა ხელადაა მიჩნეული.

სურკოვი უფრო შორსაც წავიდა და დაამატა, რომ აჰმედ კადიროვისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაც ღვთის განგებულება იყო. „ეს ორი ადამიანი ერთმანეთს აუცილებლად უნდა შეხვედროდა, რადგან ღვთისგან ორივეს ერთი მისია ჰქონდა დავალებული: გადაერჩინათ დიდი რუსი ხალხი და ამ ხალხის შემადგენელი ნაწილი – ჩეჩენი ხალხი.“

„დრონი.ჯი“ თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ პუტინის მიჩნევა ღვთით მოვლენილ მესიად სურკოვის მიერ გაჟღერებული „ახალი ამბავი“ არ არის. რუსეთში უამრავი სექტა, მიმართულება, ორგანიზაცია და რელიგიური ერთობა არსებობს, რომელსაც მიაჩნია, რომ პუტინი, მინიმუმ, წმინდანია და, მაქსიმუმ – მესია. ერთ–ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ „დრონი. ჯი“ ჯერ კიდევ ორი თვის წინ იუწყებოდა სტატიაში „პუტინი პავლე მოციქული ყოფილა“. ამ სტატიაში მოთხრობილია ერთ–ერთ ორგანიზაციაზე, რომლის ხელმძღვანელი ვინმე სვეტლანა ფროლოვაა. ორგანიზაცია ნიჟნი ნოვგოროდში მოქმედებს და ფროლოვას იქაურები იცნობენ, როგორც დედა ფოტინეს. ის აცხადებს, რომ პუტინს ჯერ კიდევ ერთ-ერთი წინა ცხოვრებიდან იცნობს, როცა პრემიერი მთავარი (ვლადიმირი) იყო, თვითონ ფოტინე კი - დედოფალი ოლგა. აღსანიშნავია, რომ რელიგიური რიტუალების შესრულების დროს გალობის ნაცვლად სექტის წევრები ცნობილ საბჭოთა სიმღერას - Пусть всегда будет солнце იყენებენ. ორგანიზაციის აზრით, ვლადიმირ პუტინი მანამ, სანამ ქვეყანას რუსეთის მთავარ – ვლადიმირად მოევლინებოდა, პავლე მოციქული იყო.

„დრონი.ჯი“ დღეს გთავაზობთ ფოტოსურათებს, რომლებზეც ასახულია პუტინთან დაკავშირებული „რელიგიური რიტუალები“ რუსეთში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100