სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს წერილი ქართველმა ბლოგერმა ჯონ კერის ბარაკ ობამასთან გაატანა

(ეს წერილი ქართველმა ბლოგერმა, თემურ ავალიანმა, რომელიც პოლიტიკურ თემებზე ანალიტიკური პოსტების წერითაა დაკავებული გუშინ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჯონ ქერის გადასცა. წერილის ადრესატი გახლავთ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა)

ამერიკის შეერთებული შტატებისპრეზიდენტს ბატონ ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ ჯონ კერის პატივცემულო ბატონებო

მსოფლიოში შექმნილი ძალზე დაძაბული მდგომარეობის გამო, მოგმართავთ თქვენ, მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი დემოკრატიული ქვეყნის ხელმძღვანელებს, რომლებიც თქვენს ვალდებულებად თვლით გამოიყვანოთ მსოფლიო ამ მდგომარეობიდან. ამასთან დაკავშირებითშევეხები რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის მიმართ განხორციელებულ აგრესიას და ტერიტორიების მიტაცების ფაქტებს და წამოვაყენებ რამდენიმე წინადადებას.

დავიწყებ იმით, რომ ვარ ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მოქალაქე. ვამაყობ იმით, რომ დღეს ორივე ეს ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც უფრო ლოგიკურს და ლეგიტიმურს ხდის ჩემს მონდომებას ერთგულად ვემსახურ ორივე ქვეყანას და დავიცვა მათი ინტერესები.

დაწყებული 1997 წლიდან, დენვერის რვა დიდი სახელმწიფოს მეთაურთა სამიტიდან, რომლის მონაწილე გახლდით, როგორც ჟურნალისტი, მივმართავ ღია წერილებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და ინსტიტუტებს - გაეროს, ნატოს, G-8, ევროპულ ორგანიზაციებს, რომ დაიცვან და გადაარჩინონ საქართველო რუსეთის აგრესიისგან, დროულად გადაჭრან მისი პრობლემები, რომლებიც რუსეთმა შეგვიქმნა, საშუალება მისცენ ქართველ ხალხს აირჩიოს განვითარების თავისი გზა, ააშენოს დემოკრატიული საზოგადოება და იცხოვროს მისი კანონებით.

მაგრამ ჩვენი დიდი მეზოობელი რუსეთი, რომლის სახელმწიფოს მმართველობის ისტორიულ, გენეტიკურ ფორმად დიქტატურა ჩამოყალიბდა, არამარტო ჩვენ, არამედ სხვა მის მეზობლებს ამის უფლებას არ გვრთავს. ჩვენ უფლება არ გვაქვს ავირჩიოთ მეგობრები, შევიდეთ ევროკავშირში, ნატოში, გავერთიანდეთ მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებში, ვაშენოთ დემოკრატიული საზოგადოება... წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გვემუქრება სრული ოკუპაციით და არჩეული ხელისუფლების შეცვლით. საერთაშორისო თანამეგობრობამ კი რუსეთის ამ თავხედურ განცხადებებს, ჯერჯერობით, ვერაფერი დაუპირისპირა. 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში და უკანასკნელი ორი წლის მოვლენები უკრაინაში ამის ნათელი დადასტურებაა.

მდგომარეობა უფრო გამწვავებულია იმით, რომ რუსეთის სახელმწიფოს დღეს ხელმძღვანელობს კგბ-ს ყოფილი ოფიცერი ვლადიმერ პუტინი, რომელიც სწორედ ამ საბჭოთა ინსტიტუტის კანონებით მართავს დღეს რუსეთის სახელმწიფოს. შეგახსენებთ, რომ სწორედ კგბ-ს საქმიანობის გამო უწოდა პრეზიდენტმა რეიგანმა რუსეთს „ბოროტების იმპერია“. ბატონი პუტინი „ღირსეულად“ განაგრძობს თავის წინამორბედთა საქმეს და დღეს მსოფლიოს ბევრი პრობლემა სწორედ მისი „შემოქმედების“ შედეგია.

რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს და უკრაინის პრობლემებზე, რომლებიც ბატონი პუტინის უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობითაა შექმნილი, მას დიდი წვლილი მიუძღვის ლიბიისა და სირიის პრობლემების გამწვავებაში - მეგობარი დიქტატორების დაცვის მიზნით. სანქციებიდან გამომდინარე -რუსეთის ეკონომიკის სტაგნაციამგადაგვარჩინა სირიის „ვიეტნამიზაციის“ პროცესს. რუსეთის ეკონომიკამ ვერ შეძლო პუტინის ამ მორიგი ავანტიურის მომსახურეობა.

ყველა, ვინც კარგად იცნობს ამ პიროვნების ბუნებას და მარტივი ანალიზის უნარი აქვს, კარგად ხედავს, რომ ის პირდაპირ ხარობს ინგლისის რეფერენდუმის შედეგებით, ევროპაში ლტოლვილთა განუწყვეტელი ნაკადით და მასში ტერორისტთა შესაძლო გაპარებით, „მუსლიმანური სახელმწიფოს“ შექმნით და მისი „წარმატებით“ . გარკვეულ ეჭვს იწვევს ამ სახელმწიფოს მებრძოლთა შორის ჩეჩენი მებრძოლების გამოჩენა, რომელთა რიცხვი, რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით 4000-მდე აღწევს და ისინი შენაერთების მეთაურებადაც კი ინიშნებიან.

სწორედ ამ პოლიტიკური „მოღვაწის“ ხელში აღმოჩნდა დღეს რუსეთის მეზობელი ქვეყნები - საქართველო, უკრაინა, მოდლოვა და სხვები, რომლებიც დღეს მისი აგრესიის მსხვერპლნი არიან.

საერთაშორისო თანამეგობრობამ შეძლო მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადარჩენა. დანარჩენ ქვეყნებს თქვენ დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს სთხოვთ, რასაც, ბუნებრივია, ისინი 10-15 წელიწადში ვერ მიაღწევენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები განწირულნი არიან და რუსეთის აგრესიისგან და ზეწოლისგან თავს ვერ დაიხსნიან. პროცესი უკვე მიმდინარეობს- აგრესიის მსხვერპლნი არიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ზეწოლისა და დამორჩილების - ბელარუსია, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.რაღა დარჩა ბატონებო - მალე თქვენ იხილავთ „კატასტროფულად“ დაშლილი რუსეთის იმპერიის აღდგენას.

2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე, მიუხედავად პრეზიდენტ ბუშის დიდი მონდომებისა, საქართველოს არ მისცეს „მაპი“, რაც მწვანე შუქი აღმოჩნდა პუტინისთვის შემოჭრილიყო საქართველოში, გაენადგურებინა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა, დაებომბა ქალაქები და სოფლები, ჩაეტარებინა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, მიეტაცებინა ორი რეგიონი, გამოეცხადებინა ისინი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, განელაგებინა იქ რუსეთის სამხედრო ბაზები და საზღვრებზე დაეყენებინა რუსი მესაზღვრეები. უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა თქვენთვის ცნობილია - მიტაცებულია ყირიმი, მიტაცების პროცესშია დონბასი, ლუგანსკი. ლაპარაკია ხარკოვსა და სხვა ქალაქებზე. „მინსკის შეთანხმებები“ პუტინის მორიგი სატყუარაა და ის ამ ტერიტორიებს, რომელსაც „მალაროსიას“ ეძახის, არ დათმობს.

მინდა ჰკითხოთ მომავალ ვარშავის სამიტზე კანცლერ მერკელს, სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს - განიცდიან ისინი რაიმე უხერხულობას, როდესაც ბედის ანაბარად მიატოვეს პატარა, დაუცველი ქვეყანა საქართველო და როცა მათმა „მეგობარმა“ პუტინმა ის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახადა. ჰკითხეთ მათ, ბატონებო, XXI საუკუნეში უნდა დავუშვათ ჰიტლერის მსგავსი გამოხდომები და პუტინმა ისე დააშინოს მსოფლიო, რომ მან თავისუფლად შეძლოს სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება, არ მისცეს მეზობელ, დაუცველ ქვეყნებს საშუალება ააშენონ თავიანთი მომავალი?

რა გარანტიები და ბერკეტები აქვს მსოფლიოს დღეს, ვარშავის სამიტის შემდეგ, რომ პუტინი მსგავს, მორიგ თავხედობას არ ჩაიდენს?

ამასთან დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე წინადადება:

1. როგორც ცნობილია, ბატონი პუტინი აშინებს საინფორმაციო ვაკუუმში მყოფ რუსეთის მოსახლეობას, რომ ამერიკა, ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობა აპირებს რუსეთზე თავდასხმას, მის დანაწევრებას და მისი ბუნებრივი რესურსების დაუფლებას.

ნატოს ვარშავის სამიტმა უნდა მიმართოს რუსეთის მოსახლეობას, რომ პუტინის ეს დაშინება მორიგი დეზინფორმაციაა და მიმართულია გაამართლოს ის აგრესია, რომელსაც ის მეზობელი ქვეყნების მიმართ ახორციელებს. რუსეთზე სანქციები დაწესებულია ამ აგრესიის გამო და ის შეწყდება, თუ რუსეთი ყველა დაპყრობილ ტერიტორიებს გაათავისუფლებს რუსეთის ჯარებისგან.

2. გახშირდა განცხადებები, რომ საქართველოს ნატოში არ ელოდებიან. საქართველო, რომელმაც ზოგიერთ მის წევრზე მეტი გააკეთა ნატოს საბრძოლო ოპერაციებში და მასთან თანამშრომლობით, ასეთ რადიკალურ განცხადებებს არ იმსახურებს. ასეთი განცხადებები საქართველოს მოსახლეობაში გარკვეულ ნიჰილიზმსიწვევს, ხელს უწყობს რუსეთის მომხრეთა გაძლიერებას. ხომ არ არის ეს განცხადებები გარკვეული მოწოდებები XXI საუკუნის ხმელეთის მეკობრეებისთვის საქართველოზე ახალი აგრესიის ჩასატარებლად და ისე, როგორც ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ამჟამად უკვე, საქართველოს სრული ოკუპაციის განსახორციელებლად?

თუ საქართველოს ნატოში მიღება ასეთი პანაცეაგახდა, გამონახეთ რაიმე დამატებითი საშუალებები, როგორც საქართველოს, ისე სხვა - რუსეთის აგრესიის საშიშროების ქვეშ მყოფი ქვეყნების დასაცავად. შექმენით G-3, G-4.. სახელმწიფოების ჯგუფი, რომელთა მიმართ აგრესიის შემთხვევაში ნატო გარკვეულ ვალდებულებებს იკისრებს. ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეთ მსოფლიოში შემორჩენილი ერთადერთი გამოკვეთილი აგრესორი - რუსეთი.

3. მსოფლიოში მართლწესრიგის, მშვიდობისა და დემოკრატიის დასამკვიდრებლად გასატარებელი ღონისძიებები მისი ლეგიტიმურობის მიზნით მიზანშეწონილია ხდებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით. ამიტომ საჭირო იქება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდერნიზაცია, მისი უშიშროების საბჭოს რეფორმა, წესდებისა და რეზოლუციების ეფექტურობა, ვეტოს გაუქმება.

4. ნუ დააშორებთ პუტინის მიერ საქართველოში და უკრაინაში ჩადენილ აგრესიას ერთმანეთს. მან პასუხი უნდა აგოს ორივე აგრესიაზე ერთნაირად. ამიტომ სანქციები უნდა გამკაცრდეს მანამ, სანამ ის ყველა წართმეულ და ოკუპირებულ ტერიტორიებს არ გაათავისუფლებს, მათ შორის საქართველოში.

თემურ ავალიანი

საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე

ქ. თბილისი, 3 ივლისი 2016 წელ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100