სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „ნეტკრედიტი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ტვინო“, რომელიც ვებგვერდის www.netcredit.ge საშუალებით საქართველოში ფინანსურ მომსახურებას ახორციელებს, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

კომპანია „ტვინო“ საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და გასცემს ონლაინ სესხებს ვებ-გვერდის www.netcredit.ge გამოყენებით. იგი დაფუძნებულია საერთაშორისო კომპანიის მიერ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის დაფუძნების დღიდან მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზება, მათი უფლებების დაცვა და სასესხო ურთიერთობაში პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დანერგვა. სწორედ ამ მიზნით „ტვინო“ გახლავთ ა(ა)იპ „საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის აღმოფხვრაა.

გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 2 ივნისს ვებ-გვერდზე www.mkitxveli.ge გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, კომპანია „ტვინოს“ თანამშრომელი უკავშირდება მომხმარებელს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით და ემუქრება მას იძულებითი აღსრულებით. ვაცხადებთ, რომ საქმიანობის ამგვარი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია კომპანია „ტვინოსთვის“ და ამის შესახებ ინფორმირებულია ჩვენი თითოეული თანამშრომელი.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე „ტვინომ“ დაიწყო მოკვლევა, რათა დადგინდეს ნამდვილად კომპანიის თანამშრომლის მიერ განხორციელდა თუ არა აღნიშნული ზარი. აღსანიშნავია, რომ აუდიო ჩანაწერში ნახსენები სახელი და გვარი არ ემთხვევა კომპანია „ტვინოს“ არც ამჟამინდელი და არც ყოფილი თანამშრომლების ვინაობას. ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდა ვებ-გვერდის ადმინისტრაციას და სთხოვა დახმარება მსესხებლის იდენტიფიცირების პროცესში, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება კომპანიის იმ თანამშრომლების დადგენა, რომლებიც დაუკავშირდნენ მას, თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა. თუმცა, ვებ-გვერდის ადმინისტრაციამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა აუდიო-ჩანაწერის გამომგზავნი პირის იდენტიფიცირება.

კომპანია „ტვინო“ აგრძელებს საკითხის მოკვლევას და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ აღნიშნული სატელეფონო ზარი განხორციელდა „ტვინოს“ თანამშრომლის მიერ, მივიღებთ უმკაცრეს ზომებს, კონკრეტულ თანამშრომელთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის ჩათვლით. ჩვენი კომპანიისთვის მიუღებელია მომხმარებლებთან ურთიერთობის მსგავსი ფორმა და, მით უფრო, მომხმარებლებთან საუბარი სახელმწიფო ორგანოს სახელით.

კომპანიის სახელით გვსურს, ბოდიში მოვუხადოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მის თანამშრომლებს გავრცელებული აუდიო-ჩანაწერისთვის. უახლოეს დღეებში საზოგადობას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მიმდინარე მოკვლევის შესახებ. აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომავალში მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენციის უზრუნველსაყოფად.

პატივისცემით, დირექტორი

რაიმონდს ციპე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100