წარუმატებელი გარიგებები ინტერნეტის ისტორიაში

სულ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ „MySpace“-ის ხანგრძლივი უკუსვლა, მისი გაყიდვით დასრულდა. ქსელი ნაკლებადცნობილმა კომპანიამ, „Specific Media“-მ შეიძინა, რომელმაც ერთ დროს მსოფლიოში პოპულარულ საიტში, სულ რაღაც 35 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს თანხა ათჯერ ნაკლებია იმაზე, რომელიც „MySpace“-ის შეძენაში, 2005 წელს, მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის „News Corp“-მა გადაიხადა. ამან ჟურნალ „ფორბსს“ იმ ყველაზე წარუმატებელი გარიგებების გახსენების სურვილი გაუჩინა, რომელიც ინტერნეტ-ინდუსტრიის ისტორიაში არსებობს.

რუპერტ მერდოკის „News Corp“-მა“, 2005 წლის ზაფხულში, „MySpace“ 327 მილიონ დოლარად იყიდა. 2006 წელს, საიტი, გვერდების ნახვის რაოდენობით, მსოფლიოში ლიდერობდა და 75 %-ით დომინირებდა სოციალური ქსელების სეგმენტში. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, მას „ფეისბუქი“ წამოეწია და გადაასწრო კიდეც. მას შემდეგ, „MySpace“ თვეში, საშუალოდ, ერთ მილიონ უნიკალურ დამთვალიერებელს კარგავდა. 2010 წელს, „ფეისბუქმა“ საბოლოოდ გაიმარჯვა და კონკურენტი მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა უკან: 640 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებლით, 100 მილიონის წინააღმდეგ. სოციალურ ქსელს გადაკვალიფიცირებამაც ვერ უშველა. ის შეუქცევად დაღმასვლას განიცდიდა. საბოლოოდ, მერდოკმა მისი გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და აგერ, მყიდველი სულ ახლახანს იშოვა, თუმცა, ყოველი შემთხვევისათვის, ხუთი პროცენტი მაინც თავისთვის დაიტოვა.

ერთ დროს ცნობილი და პოპულარული „ICQ“ ებრაულმა კომპანია „Mirabilis“ - მა, 1996 წელს შექმნა. ორი წლის შემდეგ, მასში 400 მილიონზე მეტი დოლარი „AOL“-მა გადაიხადა. ეს იმ დროის ისრაელის ტექნოლოგიური სექტორისათვის, უმსხვილესი გარიგება იყო. თუმცა, მას შემდეგ“ ICQ“-მ წარმატებას ვეღარ მიაღწია და ადგილი კონკურენტებს, „MSN“-ს, „Skype“-ს, „Google Talks“-ს და სხვებს დაუთმო. 2010 წელს, პოპულარობადაკარგული „ICQ“ რუსულმა ფონდმა „DST“-მა, სულ რაღაც 187 მილიონ დოლარად იყიდა.

„Skype“ 2003 წელს გამოჩნდა და უკვე ორი წლის შემდეგ, „eBay“-ს ყურადღება დაიმსახურა, რომელმაც ის 3,1 მილიარდ დოლარად შეიძინა. 2008 წელს, გაუკვევლობაში მყოფმა კომპანიის დამფუძნებელმა პიერ ომიდიარმა, თავის „ტვიტერზე“ დაწერა: „რამდენი უფასო ზარი მჭირდება მე საიმისოდ, რომ „Skype“-ის ყიდვა გავამართლო?“ კომპანია „eBay“-ის ხელმძღვანელობა ვერ გაერკვა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა, თავის ძირითად ბიზნესთან ერთად, პოპულარული სერვისი და მისი ღირებულება 900 მილიონ დოლარამდე ჩამოწია. ერთი წლის შემდეგ, „Skype“ -ს საკონტროლი პაკეტი კერძო ინვესტორების ხელში, სულ რაღაც 2 მილიარდ დოლარად გადავიდა. კომპანია „eBay“-ის მაინც გაუმართლა, რომ სერვისის 30 პროცენტი თავისთვის დაიტოვა. რამდენიმე თვის შემდეგ, „Skype“ „Microsoft“-მა 8,5 მილიარდ დოლარად იყიდა. თუმცა, სერვისის ყოფილმა მფლობელმა მნიშვნელოვანი, სოლიდური სამომავლო მოგების შანსი ხელიდან გაუშვა.

2008 წელს, სოციალური ქსელების პოპულარობის აღმავლობის დროს, როდესაც „ფეისბუქის“ მომხმარებელთა რიცხვი ყოველთვიურად 150 პროცენტით მატულობდა, AOL-მა გადაწყვიტა საკუთარი ქსელი გაეკეთებინა და მაიკლ და ჰოჩი ბირჩებისაგან კომპანია „Bebo“ 850 მილიონ დოლარად შეიძინა. თუმცა, მარკ ცუკერბერგის კომპანიის სერიოზული კონკურენტის შექმნა მან ვერ მოახერხა. „Bebo“-ს მომხმარებლების რიცხვმა, მოკლე ხანში, 22 მილიონიდან 14 მილიონამდე დაიკლო. უკვე ერთი წლის შემდეგ კი, მისი მყიდველის ძებნის დაწყება გახდა საჭირო. 2010 წლის ზაფხულში, ის კერძო ფონდმა, „Criterion Capital Partners“ - მა, 85-ჯერ იაფად, 10 მილიონ დოლარად შეიძინა. დღეისათვის, „Bebo“ პატარა კომპანიაა, სულ რაღაც 50 თანამშრომლით შტატში.

კომენტარი