წმინდა სინოდი: ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი და გმობს ამ ცოდვას

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებით, ქორწინების შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველი დოკუმენტის ტექსტის ორი ადგილი ცვლილებას საჭიროებს. ამის ამის შესახებ აღნიშნულია წმინდა სინოდის 25 მაისის სხდომის ოქმში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

წმინდა სინოდის განჩინების ოქმის თანახმად, დოკუმენტის „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზების” ტექსტის ორი ადგილი ცვლილებას საჭიროებს. კერძოდ, ერთ-ერთი ცვლილება ეხება ერთსქესიანთა შორის ქორწინების საკითხს. დოკუმენტის – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” შესახებ სხდომაზე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ისაუბრა.

„მართლმადიდებლური ქორწინების” მე-10 მუხლში ვკითხულობთ: „ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულს და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ”. იგი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიანების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას”, - ნათქვამია წმინდა სინოდის ოქმში.

კომენტარი