სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ და რატომ გაუჩერა "ბაზისბანკში" 5-მილიონიანი კრედიტი ვანო ჩხარტიშვილს?

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციამ 2015 წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და შპს "ეს ჯი კომპანისგან" გერგეთის #3-ში მდებარე შენობის დაბრუნება მოითხოვა. შენობა 2008 წლამდე ბიზნესმენთა ფედერაციის საკუთრებაში იყო. 2008 წელის ვანო ჩხარტიშვილმა ფედერაციას გარიგება შესთავაზა _ გერგეთის #3-ში მდებარე შენობა მას გადაეცემოდა, ძველ შენობას დაანგრევდა და ამავე ადგილზე, მრავალსართულიან კორპუსს ააშენებდა, სადაც 700 კვ.მ ფართს ფედერაციას გადასცემდა. შეთანხმება ჩხარტიშვილის კუთვნილ კომპანია "ეს ჯი კომპანისა" და ბიზნესმენთა ფედერაციას შორის გაფორმდა, რომელსაც იმ პერიოდში გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობდა. "ეს ჯი კომპანიში" ისაკაძეს 10%-იან წილი, ხოლო 90% _ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებულ `სონატა ალიანს ჯორჯიას" ეკუთვნოდა...

`ვერსიის~ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ბიზნესმენები შეიკრიბნენ და ჩხარტიშვილის წარმომადგენელი დაიბარეს, რათა მხარეებს შორის მორიგების გზით, შენობა დაებრუნებინათ. ჩხარტიშვილმა ყველაფრის მოსაგვარებლად დრო ითხოვა, მაგრამ პარალელურად, `ბაზისბანკიდან~ 5-მილიონიანი კრედიტი მოითხოვა და ფედერაციის შენობა იპოთეკით დატვირთა. ბანკმა კრედიტი კი დაუმტკიცა, მაგრამ ჩხარტიშვილს საკრედიტო თანხა არ აუთვისებია. თანხა "უჩინარი" ხელით დაიბლოკა..

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ადვოკატი, გოჩა გოგიშვილი `ვერსიასთან~ საუბრისას აცხადებს, რომ ფედერაციასა და "ეს ჯი კომპანის" შორის კაბალური ხელშეკრულება გაფორმდა: მითითებული თანხა 728 000 ლარი "ეს ჯი კომპანიმ" დღგ-ს გარეშე უნდა გადაიხადოს, არადა, ამ ტრანზაქციას დღგ ეხება. სამწუხაროდ, არც დღგ-ს თანხა გადახდილა და არც აღმასრულებელ დირექტორს უთქვამს ვინმესთვის, რომ დღგ-ს თანხა წარმოიშვა, რომელიც გადასახდელია. ამ წლების მანძილზე, საგადასახადომ ფედერაციას უამრავი ჯარიმა-საურავი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში დაარიცხა. ამ ტრანზაქციიდან გამომდინარე, ბიზნესმენთა ფედერაციას ადევს საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა. სამართლებრივად საკმაოდ მძიმე სურათია და ამ ხელშეკრულების გამო, ბიზნესმენთა ფედერაცია დღეს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

ხელშეკრულებას ხელს აწერენ ბიზნესმენთა ფედერაციის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე და `ეს ჯი კომპანის~ დირექტორი მამუკა ღვინიაშვილი. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენთა ფედერაციამ სამართლებრივი დავა დაიწყო, გიორგი ისაკაძემ შპს "ეს ჯი კომპანიში" თავისი კუთვნილი წილი გაასხვისა და 90%-იანი წილის მფლობელს, ანუ `სონატა ალიანს ჯორჯიას~ გადასცა. "ვერსიასთან" საუბარში გიორგი ისაკაძე აცხადებს:

"ვერსია" ბიზნესმენთა ფედერაციის ყოფილ აღმასრულ ებელ დირექტორს, გიორგი ისაკაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა: დიახ, ამ ხელშეკრულებას მე მოვაწერე ხელი და ამაზე ნებართვა მქონდა ბიზნესმენთა ფედერაციის საბჭოს წევრებისგან. სხვა დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ბიზნესმენთა ფედერაციის შენობა ამ დავაში აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. რეალურად, ფედერაციის კუთვნილი შენობა მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც მამუკა ხაზარაძესა და ივანე ჩხარტიშვილს შორის დავა დაიწყო. აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რა ტიპის დავები მიმდინარეობს მათ შორის, მივიღე გადაწყვეტილება, რომ "ეს ჯი კომპანიში" არსებული აბსოლუტურად ნომინალური წილი, ანუ 10%, რომელიც რეალურად არ მეკუთვნოდა და არაფერში არ გამომიყენებია, უსასყიდლოდ გადამეცა მესაკუთრისთვის...

პრობლემას რაში ხედავენ, აფერა ჰგონიათ? თუ ფიქრობენ, რომ აფერაა, საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართონ... აქ ყველაზე პრობლემური იყო ურთიერთობა საგადასახადოსთან, მაგრამ თუ თვლიან, რომ ამის გამო ზიანი მიადგათ, ამისთვის უამრავი სტრუქტურა არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ და ზარალის ანაზღაურება მოითხოვონ... სარჩელის მომზადებამდეც მქონდა მათთან კომუნიკაცია. შესაბამისად, ორივე მხარემ იცის, რომ ამ ყველაფერში არ ვმონაწილეობდი და არავითარი სარგებელი არ მქონია. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია გითხრა, 2015 წლის ბოლომდე, ბიზნესმენთა ფედერაციიდან არავინ დაინტერესებულა ამ საკითხით. გიმეორებთ, ეს დავა ჩემთვის გასაგები ისტორიის ნაწილია, ეს არის დიდი დავის პატარა თემა, რომელიც აუცილებლად დასრულდება. აი, ის დიდი დავები როგორ დასრულდება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ამ ძირითადი, გარე დავის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ პირდაპირ და ღიად მოვუწოდებ ამ ბატონებს, რომლებსაც ამ 7 წლის მანძილზე, ყური არ შეუბერტყავთ და არც ფედერაციის ბედით დაინტერესებულან, ყველა შესაბამის უწყებას მიმართონ და ეს საქმე გაასაჯაროონ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100