ნარმანიამ 67 მაგისტრანტს სტიპენდია გადასცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პროგრამის, „წარმატებული სტუდენტების წახალისების“ ფარგლებში, 67 მაგისტრანტს სტიპენდია გადასცა. პროგრამის მიზანია, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება.

მუნიციპალიტეტის სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელიც არის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და წინა სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს 91 და მეტი ქულა. (A კატეგორია - ფრიადი). პროგრამა სემესტრულია და თითოეული სტიპენდიანტი 450 ლარს იღებს.

„გრძელდება პროგრამა, რომელიც წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას გულისხმობს. გვსურს, მათი მოტივაცია უფრო მეტად გაიზარდოს. წარმატებული სტუდენტი ქალაქისა და ქვეყნის წარმატების საწინდარია. ეს არის მოკრძალებული ინვესტიცია ჩვენსავე მომავალში. მათ უნდა შევუქმნათ გარემო უკეთესი კვალიფიკაციისა და განათლებისთვის. პროგრამის მიზანიც სწორედ ეს არის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამის პირველ ორ ეტაპზე სტიპენდია 150-მდე სტუდენტმა მიიღო. პროგრამა მომდევნო სასწავლო წლებშიც გაგრძელდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

კომენტარი