პარლამენტში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავიდამი მიძღვნილი გამოფენაგაიხსნა

საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავიდამი მიძღვნილი გამოფენა - „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე“ გაიხსნა.

გამოფენის პირველ სტუმრებს - თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა, რომელმაც მათ დღევანდელი დღე მიულოცა. „დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოსთვის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს - თარიღს როდესაც 25 წლის წინ ქართველმა ხალხმა თავისუფალი ნების გამოვლენის გზით, რეფერენდუმზე განაცხადა, რომ მას სურს იცხოვროს დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოში - საქართველოში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ცივილიზაციის განვითარების პროცესში მიმდინარე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მონაწილე. პარლამენტის თავმჯდომარემ 200 წლის წინ და გასულ საუკუნეში განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა და მოსწავლეებს ურჩია, კარგად გაეცნონ 1918-1921 წლების ისტორიას, რადგან, მისივე შეფასებით, სწორედ ამ სამი წლის განმავლობაში გაკეთდა ბევრი რამ ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის.

„მოვლენები, რომელიც 200 წლის წინ განვითარდა, როდესაც საქართველო ეძებდა პარტნიორს, ეძებდა დასაყრდენს და ამის ნაცვლად, რუსეთის იმპერიის სახით, მივიღეთ ყველაზე უფრო მზაკვარი აგრესორი. რისი გადარჩენაც გვინდოდა - ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის, აი სწორედ ის დავკარგეთ მაშინ. მერე იყო გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველომ თავი დააღწია რუსეთის იმპერიას, მაგრამ სულ რაღაც 3 წლით, მაგრამ იმ 3 წელიწადში, მე მინდა, თქვენ ეს კარგად იცოდეთ, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს ძალიან ბევრი რამ ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის და სწორედ 25 წლის წინ, როდესაც 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ ხელახლა გამოვაცხადეთ თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფო. მეტიც, შემდგომ, როდესაც ცოტა მოგვიანებით, საქართველოს კონსტიტუცია მივიღეთ, იქაც ჩავწერეთ, რომ ეს კონსტიტუცია ეფუძნება 1921 წლის კონსტიტუციის პრინციპებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ 25 წლის წინ ჩვენ ცარიელ ნიადაგზე არ გამოგვიცხადებია რაღაც ახალი, ჩვენ აღვადგინეთ, ჩვენ მოვიპოვეთ, დავიბრუნეთ ის, რაც გვქონდა“, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე დამსწრე მოსწავლეებს.

დავით უსუფაშვილმა ისაუბრა 25 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზეც. მისი განცხადებით, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებიდან რამდენიმე თვეში განვითარებულმა მოვლენებმა არა მხოლოდ ადამიანთა სიცოცხლე, არამედ ქვეყნის განვითარების 10-15 წელი შეიწირა და ქვეყანას ფსიქოლოგიური, მორალური და ეროვნული ტრამვა მიაყენა.

„ამაზე საუბარი ჯერ კიდევ რთულია და ალბათ კიდევ თაობებს გადაეცემა, მაგრამ ჩვენ გავუმკლავდით ყველა გამოწვევას, ჩვენ ვუმკლავდებით და გავუმკლავდებით იმ გამოწვევას, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას, როდესაც ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ვზეიმობთ დანაწევრებულ საქართველოში, მაშინ, როდესაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ამ თვალსაზრისით, არის ნაკლული. მაგრამ ამ გამოწვევასაც გავუძლებთ, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით იმით, რომ განვავითარებთ და წინ წავიყვანთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ ვიქნებით ოკუპაციის მძევლები, ჩვენ ვიშრომებთ, ვისწავლით და ავაყვავებთ ჩვენს ქვეყანას და ამ გზით გაგავამთლიანებთ მას, ეს იქნება ჩვენი პასუხი შეიარაღებულ აგრესიაზე და ოკუპაციაზე.მინდა გითხრათ, თუ დაიმახსოვრებთ ჩემს სიტყვებს, ცუდი არ იქნება - თქვენზე იქნება გადამწყვეტი სიტყვა იმ ამბავში, რომელზეც მოგახსენეთ,იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გაძლება გვმართებს და ის ახალი თაობა, ადამიანები, რომლებიც დღეს სკოლის მერხს უსხედხართ - ძალიან ბევრი რამ თქვენი გასაკეთებელი იქნება“, - მიმართა დავით უსუფაშვილმა მოსწავლეებს და აღნიშნა, რომ 25 წლის წინ, სტუდენტობისას, თავადაც აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და რეფერენდუმის ორგანიზებასა და ჩატარებაში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ასეთი დღეები რაც შეიძლება უკეთ, ამაყად უნდა აღვნიშნოთ, რადგან ეს სახელმწიფოებრიობის შემადგენელი ნაწილია. მისივე ინფორმაციით, გამოფენა, რომელიც დღეს, 31 მარტს გაიხსნა, 9 აპრილამდე გაგრძელდება.

„9 აპრილამდე ვუმასპინძლებთ გამოფენას, ძალიან ბევრ ჯგუფს სხვადასხვა სკოლიდან, სასწავლო დაწესებულებიდან იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, სწორედ მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდებისთვის დაგვეთმო ჩვენი დარბაზები, რათა თქვენ შეძლოთ, უშუალოდ ნახოთ ის ნივთები, შეხედოთ იმ დოკუმენტებს, რომელიც მაშინ შეიქმნა, ნახოთ ის ადგილი, სადაც რეფერენდუმის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სადაც დამოუკიდებლობის აქტის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს ყველაფერი დარჩეს ჩვენს მეხსიერებაში. ძალიან მნიშვნელოვან დღეს აღვნიშნავთ, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წევრმა, მამუკა გონგაძემ გამოფენზე დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო, სამახსოვრო მონეტის, ოქროს ზოდისა და ბანკნოტის ესკიზები წარმოადგინა. „ეს გახლავთ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება ასეთი მნიშვნელოვანი თარიღისადმი. ძირითადი ლეიტმოტივი, რაც ჩვენს ნამუშევარს გასდევს არის ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომლიც მან დიდ მოხევის ლელთ ღუნიას პირით თქვა, „ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ“. მამუკა გონგაძის განცხადებით, წარმოდეგნილ პრორექტებზე გამოყენებულია საქართველოს ძველი და თანამედროვე სიმბოლოები და ქართულთან ერთად აფხაზური წარწერები.

გამოფენის გახსნაზე მოწვეულმა სტუმრებმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც 1991 წლის რეფერენდუმის თემაზე საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. დავით უსუფაშვილმა დამსწრეთ კიდევ ერთხელ მიულოცა რეფერენდუმის ჩატარებიდან საიუბილეო თარიღი და შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.

კომენტარი

×