სოსო ღვარძელაშვილი: ბაზარზე შემოდის ბევრი არასრულფასოვანი მედიკამენტი და მათ ხარისხზე არავინაა პასუხისმგებელი

საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ღვარძელაშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ფასებს და მედიკამენტების ხარისხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კონტროლი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს.

„ლარის კურსის დევალვაციამ გამოიწვია ის, რომ ფაქტობრივად, ყველაფერზეა ფასები მომატებული და მათ შორის მედიკამენტებზეც. სახელმწიფოს ჩართულობა და სუბსიდირება საჭირო და აუცილებელია, რადგან ქვეყანაში გვყავს დაახლოებით 480 ათასამდე სოციალურად დაუცველი, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირი. მათთვის საჭიროა დახმარების შეშველება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი, რადგან სუბსიდირება კვლავ ბიუჯეტს აწვება მძიმე ტვირთად. ამ საკითხს უფრო ღრმა შესწავლა და სხვა მხრიდან მიდგომა სჭირდება. მედიკამენტების შემოტანა არ უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე აღებული რამდენიმე კომპანიას. უნდა არსებობდეს ალტერნატიული გზები, სხვა კომპანიები. ეს ყველაფერი მიმართული იქნება ფასების რეგულაციისაკენ”, - მიაჩნია ღვარძელაშვილს.

რაც შეეხება ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხს, ღვარძელაშვილის აზრით, დამატებითი მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა კორუფციის საფრთხეს ქმნის. „ეს ასეა საერთაშორისო გამოცდილებით. თუმცა კონტროლი აუცილებელია, რადგან ბაზარზე შემოდის ბევრი არასრულფასოვანი მედიკამენტი, რომელიც არაეფექტურია და მათ ხარისხზე არავინაა პასუხისმგებელი. მაკონტროლებელი ორგანო უნდა იყოს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. ვიცი, რომ არსებობს წამლის სააგენტო, თუმცა ვიცი, რომ მისი უფლებები შეზღუდულია, ვერ მოიცავს სრულ კონტროლს და შედეგი სახეზე გვაქვს“,- აცხადებს სოსო ღვარძელაშვილი.

კომენტარი

×