რეზო კეზელის ფოტოგამოფენას ბათუმის თიბისი გალერეა მასპინძლობს

30 აგვისტოდან, თიბისი ბანკი „თბილისის ფოტოფესტივალი 2015“-ის ფარგლებში, ბათუმის თიბისი გალერეაში რეზო კეზელის ნამუშევრების გამოფენას, „კაცი აკორდეონით“ მასპინძლობს.
გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს ფოტოგრაფის იმ შემთხვევითი გადარჩენილ 50-მდე ფოტოს ნახვა შეუძლია, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში, ფიზიკის ინსტიტუტის საწყობში იპოვეს. ცნობილი ფოტოგრაფი და ოპერატორი, რეზო კეზელი, რომელიც გასული საუკუნის 50-70იან წლებში მოღვაწეობდა, საკუთარ ნამუშევრებში ეპოქას ეხმაურება, თუმცა რეალურად ეს არც საბჭოთა დროის პორტრეტია და არც საბჭოთა ადამიანის. ფოტოგრაფმა შეძლო, უარი ეთქვა არსებული კლიშეების გამოყენებაზე და საკუთარი ორიგინალური ფოტოგრაფიული ესთეტიკა შექმნა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა იმის საშუალება, გამოგვეფინა იმ ფოტოგრაფის ნამუშევრები, რომელიც არასაბჭოთა ფოტოგრაფიას ქმნიდა. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდის ქართული ფოტოგრაფია ამ ტიპის საავტორო ფოტოგრაფიით განებივრებული არ არის. მნიშვენლოვანია ისიც, რომ ბათუმმა ამ რანგის ფოტოგამოფენას უმასპინძლა, რადგან ბათუმის პუბლიკასაც გაუჩნდა შესაძლებლობა, ენახა ის ნამუშევრები, რასაც დამთვალიერებელს თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში ვაჩვენებთ. ამით ფაქტობრივად მოხდა კულტურული ღონისძიებების დეცენტრალიზაცია და ეს პირადად ჩემთვის თბილსისი ფოტოფესტივალის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაა“ -აცხადებს თბილსისის ფოტოფეტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე. რეზო კეზელის ფოტოგამოფენა ბათუმის თიბისი გალერეაში, 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეზო კეზელის ეს ნამუშევრები 2014 წლის ოქტომბერში TBILISI PHOTO FESTIVAL-ის ფარგლებში გამოიფინა. წელსკი გამოფენა ბათუმში „ოდესა-ბათუმის ფოტოდღეების“ დასკვნით ეტაპზე იმართება.

კომენტარი